კარლ ბრიულოვი – “იტალიური შუადღე”
“იტალიური შუადღე” – წარმოადგენს გენიალური რუსი ფერმწერის,მონუმენტალისტისა და აკადემიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლის – კარლ ბრიულოვის (1799-1852 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავით დახატულ დიდებულ სურათს.ტილოს სიმაღლე 64 სანტიმეტრი,ხოლო სიგანე 55 სანტიმეტრია.მასზე მუშაობა მხატვარმა 1827 წელს დაიწყო და იმავე წელს დაასრულა.კარლმა ამავე მოტივის მქონე სურათი – “იტალიური დილა” დახატა 1823 წელს იტალიაში მოგზაურობის (1823 წელი) და იქ მიღებული შთაბეჭდილების მიღების შედეგად.რუსეთის იმპერატორს ნიკოლოზ I-ს,რომელიც თავის მხრივ დიდი თაყვანისმცემელი იყო ბრიულოვის შემოქმედებისა,სურდა,რომ მხატვარს შეექმნა “იტალიური დილის” ანალოგიური განწყობის მქონე მეორე ნახატიც და სწორედ ამის შემდგომ იქნა იგი დახატული კარლის მიერ.მას შემდეგ,რაც კარლმა სურათზე მუშაობა დაასრულა,ტილო საჩუქრად გადასცა ნიკოლოზ I-ის მეუღლეს – ფრიდერიკა ლუიზა შარლოტა ვილჰელმინა პრუსიელს,რომელიც უფრო – ალექსანდრას სახელით არის ცნობილი.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ როდესაც სურათი პირველად იქნა წარმოდგენილი სანკტ-პეტერბურგში გამართულ ერთ-ერთ გამოფენაზე,იმთავითვე იქცა იგი განსაკუთრებული კრიტიკის ობიექტად.აქვე,საყურადღებოა ისიც,რომ სწორედ ამ სურათის დახატვის შემდგომ გაუფუჭდა საბოლოოდ ურთიერთობა ბრიულოვს -”სახვითი ხელოვნების წამახალისებელ საიმპერატორო საზოგადოებასთან”.სურათის კრიტიკოსები აღნიშნავდნენ,რომ “იტალიური შუადღე”-ში წარმოდგენილი ქალბატონი არ გამოხატავდა სილამაზის “კლასიკურ იდეალს” და შესაძლებელი იყო მხატვარს ბევრად უფრო ლამაზი ქალი გამოეყენებინა მოდელად.კრიტიკოსების საპასუხოდ კი,ბრიულოვი წერდა,რომ მას სურდა წინა სურათისაგან (“იტალიური დილა”) განსხვავებული ფორმის ტილო შექმნა,რაც განახორციელა კიდეც.სურათზე ბრიულოვმა მოდელად ერთი ჩვეულებრივი იტალიელი გოგონა გამოსახა.მხატვარმა მთელი სურათის დახატვის პროცესი ბაღში ნამდვილი ყურძნის ფონზე განახორციელა. 1831 წელს კარლ ბრიულოვმა,მიუხედავად დიდი კრიტიკისა – “იტალიური შუადღის” მეორე,თუმცა უფრო მომცრო ვერსიაც დახატა (იგი დაცულია – “ტრეტიაკოვის გალერეაში”).თავად აღნიშნული ტილო კი,დღემდეა დაცული სანკტ-პეტერბურგში მდებარე – “იმპერატორ ალექსანდრე III-ის სახელობის რუსულ მუზეუმში”. (ავტორი გენია.ჯი)