რევაზ ინანიშვილის ნააზრევი…
„სპარტაკ ბაღაშვილმა დამარცხებული სარდლის ღიმილით და ბიბლიური ხმით, რომელშიც შეერთებულია უდაბნოში მბრდღვინავი ქარისა და ეკლესიაში ჩამორეკილი ზარის ხმა, თქვა:
„ – ადამიანმა რომ დასაბამიდანვე იცოდეს ამქვეყნიური ყოფის ასავალ-დასავალი, მაშინ ძალით გამოთრევა დასჭირდებოდა დედის საშოდანო”.
ამოუშვა დემონური ხავილი ყელიდან, ხელები თავს მაღლა შეატრიალა, თავმდაბლად გამოგვეთხოვა და წავიდა”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მსოფლიო ხელთ იგდეს ფრენჩიანებმა და ტყავისქურთუკიანებმა. დაწყებული სამხრეთ პოლუსიდან, დამთავრებული ჩრდილო პოლუსით, ბრაგაბრუგით და მუქარით დადიან ეს ტყავისტანსაცმლიანები და ბათინკებიანები, ჩექმებიანები და სამხრეებიანები, თითოეული ყელამდე აღსავსე შურისძიების სურვილით, და შურს იძიებენ თავიანთ ნამცეცა ჭკუის ნაყოფზე.ამას ეწირება მილიონობით ადამიანი, ზღვად მიდის დედათა ცრემლი. წაჰგლიჯეთ ბაირაღები ადამიანებო, ამ შურისმაძიებლებს და მიეცით თოხი და ბარი, ყველაზე კეთილშობილი იარაღები, რაც კი ადამიანებს შეუქმნიათ ოდითგან დღემდე. ჩემს განთავისუფლებას დროშით და თოფით ნუ ცდილობ, დამიდექი გვერდზე და ჩემთან ერთად აბრუნე მძიმე ბელტები, მეც გამახარებ, კაცს, და ღმერთსაც. ძაღლივით მიღრენს გული”.
* * *
„ეხლანდელი ბავშვები ხილისადმიც კი გულგრილი არიან”.
* * *
„მოხუცი გლეხი ლოცავს ჩემს მეუღლეს – თვალშემშრალი დედა გამყოფოს, შვილო…”
* * *
„როგორ ვცხოვრობთ, ეს უჩემოდაც კარგად იცით… როგორ უნდა ვიცხოვროთ, ეს არც თქვენ იცით და არც მე”. (ავტორი გენია.ჯი)