იაკობ გოგებაშვილი – ერეკლე II-ს და დარეჯან დადიანის შესახებ…
დაუყოლებელი,შეუჯერებელი წინააღმდეგობა საქართველოს ერთობას აღმოუჩინა დედოფალმა დარეჯან დადიანმა (1734-1807 წლები.ქართლ-კახეთის დედოფალი,ერეკლე II-ს მესამე ცოლი),რომელიც ეშმაკობაში დახელოვნებული იყო,მაგრამ ნამდვილს ჭკუას და მამულის სიყვარულს კი მოკლებული.საუბედუროდ ქვეყნისა დარეჯანს დიდი გავლენა ჰქონდა ბოლოს ხანებში ერეკლეზედ და სახელმწიფო დიდ საქმეებშიაც კი თავისს ნებაზედ ატარებდა მას.ამ მავნებელ გავლენის ნაყოფი იყო,სხვათა შორის,ის სამეფო სახლის აღმაშფოთებელი,ამრევი და ქვეყნის დამღუპავი ანდერძი,რომლითაც ერეკლე თავის პირმშო შვილის გიორგის გამო სწირავდა სამეფო ტახტსა,დაუმტკიცებდა მას იულონსა,უფროს შვილს დარეჯანისასა და თავის სამეფოში შემოჰქონდა ოსმალური წესი ტახტის მემკვიდრეობისა,ნაცვლად ევროპის წესისა,რომელიც იმ დრომდე ჰმოქმედებდა საქართველოში.ეს ანდერძი სრულიად გვარწმუნებს,რომ ერეკლე,შემკული მრავლითა სამაგალითო სამხედრო თვისებითა და სახელ-განთქმული ვაჟ-კაცურ მღელვარებითა,ჩვენდა საუბედუროდ,ნადირ-შახსავით და მეთორმეტე კარლოსავით,მოკლებული იყო პოლიტიკურ შორსმჭვრეტელობასა და ამ მხრით,გაუზომლად დაბლა იდგა თავის პაპა ვახტანგ მეექვსეზედ,რომლის მშვენიერი და მომწიფური პოლიტიკური განზრახვა დაარღვია იმისთანა უცნაურმა შემთხვევითმა მოვლენამ,რომელსაც არავინ არ მოელოდა არც ევროპაში და არც აზიაში, და რომელმაც ერეკლესავით თავისთან სამარეში არ დამარხა ყველაფერიო თავისი ნამოქმედარი,არამედ დასტოვა ჩვენს ისტორიაში ცხოველი,ნაყოფიერი და უკვდავი კვალი.
საქმის ჩასაშლელად და უკუღმა დასატრიალებლად დედოფალმა დარეჯანმა მოიხმარა მუქარა და მრისხანება იმათ წინააღმდეგ,რომელნიც უფრო გულმხურვალედ გატაცებით ჰქადაგობდნენ ერთობის საჭიროებას და დიდს სარგებლობას… “სცნო დედოფალმან დარეჯან საუბარი ეს ყოველი (პირველ კრებისა),განრისხდა და დაიბარა ჭაბუა ორბელიანი და მრისხანედ უბრძანა ყვედრების სიტყვა”.მაგრამ ამ შემთხვევაშიც ჭაბუამ დაამტკიცა,რომ საქართველოს კიდევ ჰყვანდნენ შვილები,რომელნიც მზად იყვნენ შეეწირათ პიროვანი ინტერესები მამულის ბედნიერებისათვის.”არა,ბატონო დედოფალო,ვერ შევიქმნები ორგული”,ეტყოდა ჭაბუა.”აზრი ჩემი დარჩება უცვლელად,მტკიცედ და უკეთუ არ აღსრულდება,ჩავიტან თან საფლავს.რად მიბრძანებ არ ვიყო ერთგული მეფისა და ქვეყნისა! ვიცი,რასაც ვიტყვი; არ ვხედავ კეთილად საქმესა და ესე ვარჩევ.ვიყო და მერქვას ქვეყნის მრჩეველი და ვურჩევდე რასმე ბოროტსა?მამა-პაპათა სისხლი დაუღვრიათ ქვეყნისათვის… ვარ შვილი ქვეყნისა და ერთგული მეფისა.ამისათვის გაბედვით ვიტყვი და უშიშრად მოვახსენებ მეფესა ჩემსა და თქვენ,ბატონსა ჩემსა დედოფალსა,სიტყვათა ამით”.
თვით მემკვიდრე საქართველოს ტახტისა გიორგი (რომელიც,საქართველოს საუბედუროდ,სწორედ იმ დროს გამეფდა,როცა დაჰკარგა გონებითი,ზნეობითი და ფიზიკური ძალა) გატაცებულ იქმნა საზოგადო წადილითა და მეორე კრებაზედ,რომელზედაც ჭაბუა და კათალიკოსი ანტონი უწინდებური მჭერ-მეტყველებით ამტკიცებდნენ ერთობის დიდს სარგებლობასა ქვეყნისათვის,მოახსენა ერეკლეს შემდეგო გონიერი სიტყვები: “ხელმწიფეო ჩემო! შეერთება იმერეთისა ქართლისადმი არის სიმტკიცე მეფობისა: თუ გნებავთ უძლეველობა ქვეყნისა ჩვენისა მტერთაგან,უნდა იქმნას ერთობა.რა არს უკეთესი,რა არს მშვენიერ,ვითარ ერთობა ძმათა,იტყვის წინასწარმეტყველი დავით.სამეფო ისრაელთა დაეცა მაშინ,როდესაც განსქდა ორად სამეფო სოლომონისა.დაეცა საბერძნეთი,ოდეს განიყო ორად და სამად.მეფობა განყოფილი არა დაადგრეს,ბრძანებს მაცხოვარი”.
დესპანნი იმერეთისანი ატყობდნენ რომ საქმე იცარებოდა უფრო დედოფლის უკუღმართობით და ამიტომ გამოსთხოვეს დარეჯანს ცალკე ნახვა,აუდიენცია.ეტყობა,მათ კარგად იცოდნენ,რომ დედაკაცის დაყოლიება კეთილ საქმეში საბუთების გაშლით უფრო ძნელია,ვიდრე კეთილშობილურის გრძნობის გაღვიძებით, და ამიტომ ერთობის სარგებლობის დამტკიცებას თავი ანებეს და შებრალება იხმარეს აიარაღად.”ქუთათელი,განათელი,აბაშიძე და სხვანი დესპანნი მოუთხრობდეს დედოფალსა იმერეთის მდგომარეობასა და სრულიად დაღუპვასა,უკეთუ არ მოხდება ერთობა ქართველთა თანა”.
მაგრამ ყოველი ცდა ამაოდ დარჩა.ბრძნული წადილი მთელის ერისა ქვეყნის ფეხზედ დამყენებელი და გამაბედნიერებელი ღონისძიება,სასიქადულოდ ერთ-ხმად მოთხოვნილი და კეთილშობილი გატაცებით აღვიარებული იმერეთ და ამერთაგან,ჩაშლილ და განქარწყლებულ იქმნა სამეფო სახლის უკუღმართობის გამო.”დედოფალი იტყოდა უარსა და ვერ გამოწირვასა იმერეთისა გვირგვინისა შვილი-შვილის ხელთაგანა”.ამავე აზრზედ ჯიუტად დადგა მეფე ერეკლეც,რომელმაც,ქვეყნის საუბედუროდ და თავის დიდების დასამცირებლად,უკანასკნელ წლებში თითქმის სრულიად დაჰკარგა უწინდელი წინდახედულება,სამაგალითო ვაჟკაცობა,ნათელი გონება,შეუპოვარი მხნეობა,მიეცა თავისი გვარის წვრილმანი ინტერესების ძებნასა და უმეტესად იმაზედ ზრუნვა,რომ დაეკმაყოფილებინა ეგოისტური მოთხოვნილებანი თავისი არეული და განხეთქილებით სავსე ხელობისა,რომლის დამღუპველი რაოდენობა წრეს იქით გადავიდა იმის გამო,რომ ერეკლემ და გიორგიმ მეორე და მესამე ცოლები შეირთეს წინააღმდეგ სახელმწიფო ინტერესების მოთხოვნილებისა. (ავტორი გენია.ჯი)
ერეკლე II
გიორგი XII (ზაქიჭამია) – ერეკლე II-ეს ვაჟი და ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე