დავიდ ბენ-გურიონის “შესანიშნავი პასუხი” ალენ დალესს…
1954 წელს თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოს ერთ-ერთი დამაარსებელი და ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრი – დავიდ ბენ-გურიონი (1886-1973 წლები) ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დუაიტ ეიზენჰაუერს ეწვია.ვიზიტის მიზანი აშშ-ის მხრიდან ახლად ჩამოყალიბებული ისრაელის სახელმწიფოს დახმარება და მხარდაჭერის მოპოვება გახლდათ.იმ პერიოდში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტი საყოველთაოდ ცნობილი “დალესის დოქტრინის” ავტორს – ჯონ ფოსტერ დალესს ეკავა.ბენ-გურიონს გარდა ოფიციალური შეხვედრისა,არაოფიციალური შეხვედრა მასთანაც მოუწია.მათ შორის გამართული არაოფიციალური დიალოგისას,დალესმა დავიდს ჰკითხა:
- თუ შეიძლება მითხარით ბატონო პრემიერ-მინისტრო,ვის წარმოადგენთ თქვენ და თქვენი სახელმწიფო? შესაძლოა თქვენ წარმოადგენთ ებრაელებს პოლონეთიდან,შესაძლოა იემენიდან,რუმინეთიდან,მაროკოდან,ერაყიდან,რუსეთიდან,ან იქნებ სულაც ბრაზილიიდან? ნუთუ შესაძლებელია ებრაელი ხალხის ორიათასწლოვანი დევნის შემდეგ,როგორც ერთიან ერზე,ერთიან კულტურაზე ვისაუბროთ? შეგიძლიათ კი ისაუბროთ ებრაელი ხალხის,როგორც ერთიანი ერის მემკვიდრეობაზე და ტრადიციებზე?
დავიდ ბენ-გურიონი დალესის უცნაურ შეკითხვას არ დაუბნევია და უმალვე შესანიშნავი პასუხიც გასცა:
- ბატონო სახელმწიფო მდივანო,დაახლოებით სამასი წლის წინ აფრებიანი ხომალდით “მეიფლაუერით” ინგლისიდან ჩამოვიდნენ პირველი მოსახლეები და დასახლდნენ ტერიტორიაზე,რომელიც შემდგომ იქცა იმ უდიდეს დემოკრატიულ ქვეყნად,რომელსაც დღეს ამერიკის შეერთებული შტატები ჰქვია.ახლა კი,თუ შეიძლება დამდეთ პატივი და გადით ქუჩაში,თავად ამოარჩიეთ 10 ამერიკელი ბავშვი და დაუსვით შემდეგი კითხვები:
1. რამდენ ხანს გრძელდებოდა “მეიფლაუერით” ამერიკამდე მგზავრობა?
2. ვინ იყვნენ აღნიშნული ხომალდის ბორტზე?
3. რა წინაპირობით იყვნენ ისინი წამოსული მოგზაურობაში?
მე დარწმუნებული ვარ და ალბათ თქვენც დამეთანხმებით,რომ უმეტეს შემთხვევაში სწორ პასუხებს ვერ მიიღებთ.ამერიკისაგან განსხვავებით,არა 300,არამედ 3000 წლის წინათ ებრაელებმა დატოვეს ეგვიპტე.გთხოვთ ბატონო სახელმწიფო მდივანო,თქვენი ხშირი საზღვარგარეთული ვოიაჟებისას მსოფლიოში,შეეცადოთ შეხვდეთ 10 ებრაელ ბავშვს და ჰკითხოთ მათ:
1. რა ერქვა მათ ლიდერს ვინც ებრაელები ეგვიპტიდან წამოიყვანა?
2. რამდენი ხანი დასჭირდათ მათ,სანამ ისრაელის მიწას მიაღწევდნენ?
3. რით იკვებებოდნენ ისინი უდაბნოში?
4. რა დაემართა ზღვას,როდესაც მათ იგი გადაკვეთეს?
როგორც კი ამ შეკითხვებზე პასუხებს მიიღებთ,კიდევ ერთხელ ღრმად დაუფიქრდით ჩემი თხოვნა-შეთავაზების არსს და თქვენივე შეკითხვის ამომწურავი პასუხიც სწორედ იმ ებრაელი ბავშვების პასუხები გახდება. (ავტორი გენია.ჯი)