რჩეული სტრიქონები მერაბ კოსტავას ლექსებიდან…
ქაღალდზე ლექსის გადატანას რატომ ისწრაფი?
თითქო გაღრჩობდეს,არ გაცლიდეს სულთამხუთავი,
თითქო ლექსით გსურს უკვდავებას რომ დაეწაფო,
თითქო არ კმარა,რომ სულია თავად უკვდავი.
არ გეშინია გესლის ნთხევით შემოგეყაროს,
ვისაც არავინ დარჩენია გაუკილავი?
მაშ რად იჩქარი გადაუხსნა გული სამყაროს,
განა დაფარულს არ კითხულობს გულთამხილავი?
წიაღთა შიგან დაფარულთა ფიქრთა განდობა,
ერთარსებისთვის საკმარისი არ არის განა!
არ კმარა მისთვის,რომ მიიღო მისგან შენდობა,
ვისთვისაც კაცნი დაულუქავ ეტრატებს ჰგვანან?
(“ბიბლიური რემინისცენციები”)
* * *
ხან ავდარივით ქუფრო და ლეგავ,
ყველა ქართველზე მეტად ქართველო,
ჯადოქრულ სიტყვის ალფავ,ომეგავ,
საჭეთმპყრობელო და წარმმართველო.
(“გალაკტიონი”)
* * *
ცხოვრება მუდამ სვამდა საკითხებს
უკომპრომისოდ,ულმობლად,მწვავედ,
საკუთარ სინდისს მკაცრად მოჰკითხე,
თორემ პირისგან მისისა განვედ.
(“ტანჯვათა ტიტანი”)
* * *
ვინ დაგაქარგა ეგ ზედაზენი
ვინ დაგაქსოვა ეგ მცხეთის ჯვარი,
რა სიწმინდენი,რა სინაზენი,
ცით მობერილი ოცნების ქარი.
(“ვინ დაგაქარგა ეგ ზედაზენი”)
* * *
საით მიილტვი,სულო,დაიცა,
სულო მბორგავო,შესდექ!
ცხრა კართაგენი უნდა დაეცეს,
უნდა ელოდე შემდეგს.
(“სულო,დაიცა”)