სპარტელების გასაოცარი წესები…
ძველი სპარტული რეტრა,როგორც იმ პერიოდების დროინდელი ისტორიკოსები გადმოგვცემენ,სპარტელებს უკრძალავდა ერთსა და იმავე მტერზე ხშირად ლაშქრობას.ამის უმთავრესი მიზეზი კი მეტად საინტერესო გარემოება გახლდათ.კერძოდ,ის რომ,სპარტელების აზრით ასეთ შემთხვევაში მტერი თავდაცვას ეჩვეოდა და ხვეწდა,რაც მათვე უქმნიდა პრობლემებს.გარდა ამისა,ისინი ცდილობდნენ,რომ მოწინააღმდეგე მებრძოლები ბრძოლებში არ გამოეწრთოთ.ცნობილია ის გარემოება,რომ სპარტელთა მეფეს აგესილაეს,რომელიც ხშირად ლაშქრობდა ბეოტიაში,საყვედურიც კი აკადრეს იმის გამო,რომ თებელები ასეთმა ხშირმა თავდასხმებმა სპარტელების დარ მებრძოლებად აქცია.ანტალკიდამ აგესილაეს ამ საკითხის შესახებ ერთ დღეს ირონიულადაც გადაუკრა: “კარგი ჯილდო კი მიიღე თებელებისაგან,რომელთაც მაშინ ასწავლე ბრძოლა,როცა ეს არ უნდოდათ და არც იცოდნენო”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
სპარტაში,გენიალური სპარტელი კანონმდებლის – ლიკურგეს (ძვ.წ.აღ-ით IX-VIII საუკუნეები) ინიციატივით აიკრძალა ოქროსა და ვერცხლის ფული,რის შემდეგაც შემოღებულ იქნა რკინის ფული,რომელიც თავის მხრივ მცირე ღირებულებასთან ერთად ისეთი მძიმე იყო და თან ისეთი დიდი,რომ ათი მნა (ფულის ერთეული ძველ საბერძნეთში) თანხის შესანახად სახლში დიდი საკუჭნაო უნდა აეგოთ,მის გადასატანად კი უღელი ხარი შეებათ ურემში.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ასეთი სახის რკინის ფულის შემოღებით ლიკურგემ მრავალი სახის ბოროტმოქმედება განდევნა სპარტიდან. და მართლაც,ვინ მოიპარავდა,ვინ აიღებდა ქრთამად ან ძალით ვინ გაიტაცებდა იმას,რის დამალვაც შეუძლებელი იყო.ცნობილია ისიც,რომ სპარტელი ოსტატები ფულის გამოსაკვერად საჭირო რკინას ცეცხლში (ლიკურგესვე მითითებით) გამოწრთობის დროს ძმარში აწყობდნენ.ამ გზით ფულს სიმტკიცე ეკარგებოდა და ყოვლად უვარგის ხდიდა.
* * *
მესტრიუს პლუტარქეს გადმოცემის თანახმად,სპარტელები საბჭოს (30 წევრი,მათ შორის 2 მეფე) წევრებს შემდეგი სახით ირჩევდნენ: როდესაც ხალხი შეიკრიბებოდა,სპეციალურად არჩეულ პირებს მახლობლად მდებარე სახლში ჩაკეტავდნენ.შესაბამისად ისინი ვერ ხედავდნენ,თუ რა ხდებოდა გარეთ და ვერც გარედან უყურებდნენ იმას,რაც შიგნით ხდებოდა.მათ შეეძლოთ მხოლოდ შეკრებილი ხალხის ყვირილის გაგონება.საქმეებს ხალხი,ჩვეულებრივ,ყვირილით წყვეტდა და ამ შემთხვევაშიაც ყვირილითვე ირჩევდნენ წარდგენილი კანდიდატებიდან საუკეთესოს,მაგრამ ყველას ერთად კი არა,არამედ თითოეულს ცალ-ცალკე.ასარჩევი კანდიდატი წილის მიხედვით გამოვიდოდა ხალხიდან და სრული დუმილით გაივლიდა სახალხო კრებისათვის დანიშნულ მოედანს.საგანგებოდ ჩაკეტილებს ხელთ ეპყრათ საწერი ფირფიტები,რომლებზეც აღნიშნავდნენ,თუ როგორი იყო ყვირილის ძალა თითოეული ასარჩევი პირის მოედანზე გავლის დროს.მათ,რა თქმა უნდა არ იცოდნენ,რომელ ასარჩევს ეხებოდა ყვირილი.იცოდნენ მხოლოდ რიგი: პირველი,მეორე,მესამე და ასე შემდეგ… ერთი სიტყვით,მერამდენე ასარჩევი გამოვიდოდა მოედანზე.ვის გამოსვლაზეც უფრო ხანგრძლივი და დიდი ყვირილი ატყდებოდა,უხუცესთა საბჭოს წევრადაც იმას ირჩევდნენ.
არჩეული უხუცესი თავს ყვავილებისაგან დაწნული გვირგვინით შეიმკობდა და რიგრიგობით ღმერთების სახელზე აგებულ ყველა ტაძარს ჩამოუვლიდა.მას უკან მიჰყვებოდა მისი მომხრე მეხოტბე ჭაბუკების დიდი გუნდი და მრავალი ქალი,რომლებიც სადიდებელ სიმღერას უმღეროდნენ და ბედნიერი ცხოვრებისაკენ გზას ულოცავდნენ.სათითაოდ ყველა მეგობარი ვახშამზე იწვევდა უხუცესს და ეუბნებოდა: ამ სუფრით შენ პატივს გცემს მთელი ქალაქიო.მეგობრების მიერ გამართულ ყველა ლხინს რომ მოათავებდა,მერე მიდიოდა “სისიტიაზე” (საერთო სასადილო),სადაც ყველაფერი ჩვეულებრივი წესით მიმდინარეობდა,ოღონდაც იმ გამონაკლისით,რომ უხუცესს ორ წილ სადილს მიართმევდნენ,რის შემდეგაც იგი ერთ ნაწილს გადაინახავდა.სადილობის დასრულებისას საჯარო სასადილოს კარს მოადგებოდნენ მისი ნათესავი ქალები.ამ ქალებში ერთ-ერთს,ვისაც უხუცესი სხვებზე მეტად სცემდა პატივს,თავისთან მიიხმობდა და გადანახული სადილის ნაწილს მისცემდა,თან ეტყოდა: “ეს მე ჯილდოდ მივიღე და აი,შენ გაძლევო”.ასეთი პატივით შემოსილ ქალს სხვა ქალები დიდი მოწიწებით ექცეოდნენ და შინ დიდივე ზეიმით აცილებდნენ.ზემოაღნიშნული პროცედურების გავლის შემდეგ,კი საბჭოს უხუცესი წევრი დაკისრებული მოვალეობის შესრულებას იწყებდა. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
ძველ სპარტაში,გარდაცვლილი ადამიანის საფლავზე სახელის დაწერა არ შეიძლებოდა,თუ მიცვალებული ომში დაღუპული ვაჟკაცი ან ქურუმი ქალი არ იყო.
* * *
სპარტელებს დიდი ხნის მანძილზე ნებას არ რთავდნენ სამშობლოდან სხვა ქვეყანაში გამგზავრებულიყო და იქ ეხეტიალა.ამის მიზეზი გახლდათ ის,რომ სპარტელები შიშობდნენ,სპარტიდან წასულებს არ ჩამოეტანათ ქვეყანაში უცხო ჩვევები,არ მიებაძათ სხვების უწესრიგო ცხოვრებისა და სხვადასხვა სახელმწიფო წყობილებისათვის.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ისინი თავიანთ სამშობლოში უმიზნოდ ჩამოსულ უცხოელებსაც აძევებდნენ.თუკიდიდეს ცნობების თანახმად,ისინი შიშობდნენ,რომ უცხოელები სპარტაში მანკიერებებს შემოიტანდნენ.
* * *
სპარტელები თავიანთ მონებს – ჰილოტებს უზომო რაოდენობის ღვინოს დაძალებით ასმევდნენ და შემდეგ ქალაქში გაჰყავდათ,სადაც აიძულებდნენ უხამსი სიმღერების შესრულებასა და უხამსი სიტყვების წარმოთქმას.ამას კი აკეთებდნენ იმიტომ,რომ ახალგაზრდებისათვის ეჩვენებინათ,თუ რა ცუდი თვისებების მქონე იყო მთვრალი ადამიანი და ზოგადად,რა იყო – სიმთვრალე.