ალბრეხტ დიურერი – “მადონა ყრმასთან და წმინდა ანასთან”
“მადონა ყრმასთან და წმინდა ანასთან” – წარმოადგენს გენიალური გერმანელი მხატვრის,გრაფიკოსისა და ქსილოგრაფიის (ტექსტის ან სურათის ტვიფრა ხეზე შემდგომი გამრავლებისთვის) უდიდესი ევროპელი ოსტატის – ალბრეხტ დიურერის (1471-1528 წლები) მიერ ხეზე გადაჭიმულ ტილოზე ტემპერათი (საღებავები,რომლის შემაკავშირებელ ნივთიერებად იყენებენ წყალში გახსნილ კვერცხის გულს და უმატებენ მცენარეულ ან ცხოველურ ზეთს) დახატულ შედევრ-სურათს.მის მარჯვენა მხარეზე გამოსახულია წარწერა – 1519 წელი,რაც აღნიშნავს იმას,რომ დიურერმა სურათი სწორედ ამ წელს შექმნა,თუმცა რიგი სპეციალისტების ვარაუდით,თარიღი შესაძლოა გაკეთებული იყოს შედარებით გვიან პერიოდში.სურათის სიმაღლე 60 სანტიმეტრი,ხოლო სიგანე 50 სანტიმეტრია.მასზე წარმოდგენილი წმინდა ანას (წმინდა მარიამის დედა და წმინდა იოაკიმეს მეუღლე) მოდელად მხატვარმა საკუთარი მეუღლე – აგნესა გამოიყენა.იგი გამოსახულია ღვთისმშობლისა და ყრმა იესოს უკანა ფონზე და ხელი დადებული აქვს მარიამის მხრებზე,რაც სიმბოლურად მფარველობისა და დაცვის ჟესტს აღნიშნავს.თავად წმინდა მარიამის ყურადღება სრულიად გადატანილია ყრმაზე.ხატწერის ტრადიციის მიხედვით – წმინდა ანა გამოსახულია თეთრ სამოსში.კომპოზიცია იმდენად ვირტუოზულ დონეზეა შესრულებული,რომ სურათის მნახველის მთელი ყურადღება მომლოცველი ღვთისმშობლის ხელებისკენ არის მიმართული. (ავტორი გენია.ჯი)
თავდაპირველად,დიურერის შედევრი-სურათი ნიურნბერგელ – გაბრიელ ტუხერს ეკუთვნოდა,რომლის შეძლებული და ცნობილი ოჯახი ხელოვნების ნიმუშების დიდი სიყვარულით გამოირჩეოდა. 1630 წელს აღნიშნული სურათი ბავარიის ჰერცოგმა და კურფიურსტმა მაქსიმილიან I-მა შეიძინა და იგი შლაიჰაიმის სასახლეში გადაიტანა,სადაც XIX საუკუნემდე იყო წარმოდგენილი.თუმცა,სურათი არასახარბიელო პირობებში ყოფნის გამო,საკმაოდ დაზიანდა.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ იგი იმდენად იყო დაზიანებული,რომ აუქციონზე გაიყიდა,როგორც დიურერის შედევრი-სურათის ასლი.მას შემდეგ,სურათი ინახებოდა კერძო კოლექციებში – მონაკოსა და ოდესაში.ბოლოს ამერიკის შეეთებულ შტატებში აღმოჩნდა,რა დროსაც შესყიდულ იქნა – ბენჯამის ალტმანის მიერ,რომელმაც 1919 წელს ანდერძით იგი ნიუ-იორკში განთავსებულ მსოფლიოში ცნობილ “მეტროპოლიტენ-მუზეუმს” უსახსოვრა.სწორედც ამის შემდგომ ჩაუტარდა სურათს რესტავრაცია და იგი მთელი თავისი ბრწყინვალებით წარმოუდგა სახვითი ხელოვნების მოყვარულებს.ალბრეხტ დიურერის გენიალური ქმნილება – “მადონა ყრმმასთან და წმინდა ანასთან”,დღემდე “მეტროპოლიტენ-მუზეუმშია” დაცული და კვლავაც აოცებს მნახველს,თავისი ვირტუოზულად შესრულებული კომპოზიციით. (ავტორი გენია.ჯი)