დემოსთენე – “ეპიზოდი”
ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი ორატორი – დემოსთენე (ძვ.წ.აღ-ით 384-322 წლები),რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს ენა-ბლუ იყო.როგორც ცნობილია,ძველ საბერძნეთში ორატორულ ხელოვნებას უდიდესი ყურადღება ექცეოდა,თუმცა დემოსთენეს მოღვაწეობის ჟამს ათენელები ორატორების მიმართ განსაკუთრებულად მომთხოვნები იყვნენ: მათ სიტყვით გამოსვლისას უნდა ჰქონოდათ შესანიშნავი ლექსიკა,საუბრის დახვეწილი მანერა,ხმის მაღალი ტემბრი,სპეციალურად გამომუშავებული სახის მიმიკები,ხელებისა და თითების სხვადასხვა გვარი მოძრაობები,რაც შერწყმული უნდა ყოფილიყო სხეულის მოძრაობასთან.მოკლედ რომ ვთქვად,ეს გახლდათ არა მარტო სიტყვის წარმოთქმის ხელოვნება,არამედ ფიზიონომიური თამაშიც იმისათვის,რომ ორატორებს მიეზიდათ მსმენელები და ყოფილიყვნენ სხვებისაგან გამორჩეულები.როგორც ჩანდა – დემოსთენე,რომელიც ბავშვობიდანვე ოცნებობდა ორატორულ ხელოვნებას დაუფლებოდა,თავისი ენა-ბლუობისა და სუსტი ხმის გამოისობით,ფაქტიურად ამ საქმისათვის ვერანაირად ვერ გამოდგებოდა.მიუხედავად ამისა,გენიალურმა ძველბერძენმა იმედი არ დაკარგა და თავისი ოცნების აღსრულებისაკენ მიმავალ ურთულეს გზას,მაინც დიდი მონდომებით დაადგა.მისი პირველი და მთავარი მასწავლებელი გახლდათ თავისი მჭერმეტყველებით ცნობილი ჰალკიდელი ორატორი – ისეიუსი.ორატორული ხელოვნების მაგალითს უდიდესი ძველბერძენი მხედართმთავრის,”ათენური დემოკრატიის მამათვრისა” და ორატორისაგან – პერიკლესაგან იღებდა.გულმოდგინედ შეისწავლა თუკიდიდესა და სხვა სწავლულთა შემოქმედებები.მიუხედავად ამისა,ზემოაღნიშნული საჭირო თვისებები დემოსთენემ მეტად უცნაურ გარემოში გამოიმუშავა: იგი განმარტოვდა ერთ-ერთ გამოქვაბულში,ნახევრად გადაიპარსა თავი და მჭერმეტყველი სიტყვების დახვეწა გამოქვაბულშივე დაყრილ ქვებთან დაიწყო,რომელთაც ის თავის წარმოდგენაში ადამიანებად განიხილავდა.მანვე გამოიმუშავა სიტყვის წარმოთქმისათვის საჭირო სუნთვის სისტემა.სახის მიმიკებსა და სხეულის მოძრაობებს სარკესთან ამუშავებდა.ხშირად გადიოდა ზღვის სანაპიროზე და ტალღების ხმის ფონზე (რასაც ხალხის ხმაურად მიიჩნევდა),ხვეწდა თავის ხელოვნებას.მას,არც საკუთარ სახლში დაბრუნების შემდეგ შეუწყვეტია მუშაობა და კვლავაც აქტიურად ცდილობდა დაუფლებოდა მჭერმეტყველებას.თავის პირველ საჯარო სიტყვას წარმატება წილად არ ხვდომია,თუმცა თავისი დაუღალავი მუშაობის შედეგად,მან დაამარცხა ყველა ის წინააღმდეგობა,რაც ასე უშლიდა ხელს წარმატების მიღწევაში. და იქცა კიდეც დემოსთენე ერთ-ერთ უდიდეს ორატორად მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში… (ავტორი გენია.ჯი)