„ეჰ, სამწუხაროდ, ასეც ხდებოდა…”
XX საუკუნის ერთ-ერთი სამაგალითო და ჭეშმარიტი ქართველი მეცნიერი,ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე - ივანე ჯავახიშვილი (1876-1940 წლები),რომელმაც სხვა უდიდეს ქართველ მამულიშვილებთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ქართული საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთ უდიდეს ტაძარს – “თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს”,იმთავითვე ქცეული იყო კომუნისტების უმთვარეს სამიზნედ და მის დისკრედიტაციას ყოველნაირად ცდილობდა.თუკი ერთნი მას ხოტბას ასხამდნენ,მეორენი დაუნდობლად აქილიკებდნენ და ჩირქს სცხებდნენ.მას შემდეგ,რაც საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს 1930 წლის 7 ივლისის დადგენილებით ჩატარდა თბილისის სახელმწიფო უნივრსიტეტის “რეორგანიზაცია” – უნივერსიტეტი დაიშალა რამდენიმე უმაღლეს სასწავლებლად.აღნიშნული პერიოდი ერთ-ერთ უმძიმეს დროებად არის მიჩნეული ქართული მეცნიერებისა და ინტელიგენციის არსებობის ისტორიაში.ასეთ ამაზრზენ ქმედებას უნივერსიტეტის დაშლისა,ხელი შეუწყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნის – მიხეილ კახიანის მოწოდებამაც: “კომუნისტებს უნდა მიეცეთ დავალება,არ მოექცნენ სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარგლებში,პროფესურის გავლენის ქვეშ და თვითონ მოახდინონ გავლენა პროფესურაზე”.ასეთივე მეთოდები გამოყენებულ იქნა არა მარტო საქართველოში,არამედ “წითელი იმპერიის” სხვადასხვა რესპუბლიკებშიც. 1930 წლის 13 დეკემბერს თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში (უნივერსიტეტის ერთ-ერთი განაყოფი ერთეული),რომლის რექტორიც გახლდათ ივანე ჯავახიშვილისადმი მტრულად განწყობილი – ივანე ვაშაყმაძე,შედგა საგანგებო სხდომა,სადაც სხვა სიტყვით გამომსვლელებთან ერთად სხდომის წევრების წინაშე სიტყვით გამოვიდა ვაშაყმაძეც.მან ჯავახიშვილის შესახებ განაცხადა: “ივანე ჯავახიშვილი ძველ ფეოდალურ-ნაციონალისტური ქვეყნის წარმომადგენელია.იგი მეთოდოლოგიურად მხოხავი ემპირისტია და ანტიმარქსისტი… ივანე ჯავახიშვილის ისტორია არ არის ისტორია როგორც მეცნიერება… მის შემოქმედებაში წინსვლა კი არა უკანდახევაა”.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ამ ამაზრზენი სიტყვის ავტორს მხარი აუბა მრავალმა დამსწრემ,რომელთა შორისაც ცნობილი ქართველი ისტორიკოსებიც ერივნენ.ამავე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ერთ-ერთი ვაი-სტუდენტი,გვარად – ცხაკაია,რომელმაც შემდეგი სიტყვები წარმოთქვა გენიალური ქართველი ისტორიკოსის მისამართით: “საბჭოთა ხელისუფლების მე-15 წლისთავზე ჩვენ ვახდენთ რეაქციონერი პროფესორების ფიზიონომიის გამოაშკარავებას და გამათრახებას.ივანე ჯავახიშვილი არ წარმოადგენს ისეთ პიროვნებას,როგორც ზოგიერთებს გონიათ და არც ასეთი დიდი მეცნიერია…” გარდა ამ ვაი-სტუდენტისა,სიტყვით გამოვიდნენ სხვა ვაი-სტუდენტებიც – მელაძე და გაბუნია,რომლებმაც მიწასთან გაასწორეს ჯავახიშვილის მიღწევები.ასპირანტმა – სევერიან ყალიჩავამ კი,როდესაც ჯავახიშვილის დაგმობით “გული მოიოხა”,სულ მთლად გადაეკრა გონებაზე ბინდი და განაცხადა: “რევოლუციის აღმშენებლობისათვის არ არის დავით აღმაშენებელი საჭირო,არამედ ის წითელი დროშა,რომელსაც აწერია “პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით”.
ამ საშინელი საგანგებო სხდომის შემდეგ,საქართველოს განათლების სახალხო კომისრის ბრძანებით ივანე ჯავახიშვილი – უნივერსიტეტიდან დაითხოვეს… თუმცა,მკითხველს ამ მინორულ ნოტაზე არ დავემშვიდობები და იმასაც შევახსენებ თუ რას სწერდა 1923 წელს ქართული გაზეთი “ლომისი” ივანე ჯავახიშვილის შესახებ: “მხოლოდ ერთი ადამიანი ჩასწვდა გულის სიღრმეში საქართველოს სინამდვილეს და განაცხოველა მშვენიერი ტრადიციები ქართული ისტორიული მეცნიერებისა.ეს ადამიანია – ივანე ჯავახიშვილი”. (ავტორი გენია.ჯი)