გრიგოლ რობაქიძე – “მიმართვა ახალგაზრდობისადმი”
მამული გულით გიხმობთ შორეთიდან ახალგაზრდებო! თუ ჩემი მწერლური ნაქმი უცნობია თქვენთვის,სახელი მაინც გაგეგონებათ ჩემი.შემეკითხებით: რატომ დავტოვე საქართველო,ჩვენი მამული და დედული,ეგზომ მშვენიერი და ტკბილი? მოგითხრობთ.ბოლშევიკები გაჰყვირიან: “ხალხურ დემოკრატიას” ვამყარებთო.სიყალბე მათი ამ სახელწოდებაშიც ჩანს: “დემოს” ნიშნავს ბერძნულად ხალხს; მაშასადამე,”ხალხური დემოკრატია” ასე უნდა იკითხებოდეს: “ხალხური ხალხო-კრატია”.ვამყარებთ დემოკრატიასო,უფრო მართალი იქნებოდა ეთქვათ: “ვამყარებთ დემონოკრატიასო”.ეს არაა ხუმრობა.ადამიანისთვის უკანასკნელი საყრდენი უზენაესია – ღმერთი.საბჭოეთში ყოველი რწმენა ზებუნებრივისა დადაგულია ლენინის ქეძაფის სიტყვით: “ტრუპოლოჟესტვა”.ყურები გვაქვს გამოჭედილი,ხალხთა კეთილდღეობისათვის ვიბრძვითო. (ავტორი გენია.ჯი) ამავე დროს,ხალხს,როგორც ცოცხალ კრებულს ბასრი დანით სახსრებს უხსნიან.ხალხის ალაგს მასაა გამეფებული,რომელშიაც პიროვნება,ეს უღვთიერესი მოვლენა,სრულიად ითქვიფება.არავითარი სახე აქ არაა და მაშასადამე – არავითარი სახიერი.დილიდან შუაღამემდე გაისმის: “დავეწიოთ,გავუსწროთ!” ხალხი წელზე ფეხს იდგამს და ჭაპანწყვეტაშია.ყოველი ცალკეული ნუმერია მხოლოდ ნუმერი – ნაკელი – ეგრეთ წოდებული “სოციალისტური მშენებლობისათვის”.ვამეტებ? დღევანდელი მოდგმა ნაკელად ეფინება ხვალინდელს,ხვალინდელი ასევე უნდა ეფინებოდეს მომავალს და ასე დაუსრულებლად.რაც ნოყიერდება ნაკელით,არის მხოლოდ კოლექტივი – ბნელი და უსახელო.ხალხისთვის რჩეული თავისთავს სწირავდა და როგორც გმირი,სახელი მისი ნათელით იფინებოდა მთელი ისტორიის კიდეგანით.საბჭოეთში ქანცმორეული “სტახანოველი,კოლექტივისათვის განწირული,ამოტივტივდება ხოლმე გაზეთების ფურცლებზე და ამ ფურცლებთან ერთად,რომელთაც სხვა მიზნისათვის ხმარობენ,ივიწყება ისე,რომ მისი სახსენებელიც აღარ რჩება.
მცენარე იზრდება.ქართველთა გენია იტყვის: “მცენარე ხარობს.არის სიხარული საბჭოეთის მშენებლობაში? ძველად გლეხი,თითქოს მზის თესლებით სავსე სიყვარულით უახლოვდებოდა მიწას,ვითარ ქმარი,რათა გაენაყოფიერებია მისი საშო.მიწა ნაყოფს გამოიღებდა მადლით,გლეხი სიხარულით თვრებოდა.თუ მონახავთ ასეთ გლეხს რომელიმე კოლმეურნეობაში,თუ გინდ ერთადერთს,სიტყვა უკან წამიღია.ვერ მონახავთ.ადამიანი მოხლოდ და მხოლოდ მაშინაა ადამიანი,როცა იგი თავის-უფალია; თავისუფლებაა სხივური ელემენტი ადამიანში.ვინაა თავისუფალი საბჭოეთში? არავინ! იქ ყველაფერი აკრძალულია,რაიც არაა ბრძანებული.მბრძანებელი? დღეს რომ ერთი მბრძანებლობს,ხვალ იგი დასახვრეტად მიჰყავთ.ბერიას ხვედრი საბჭოეთში გამონაკლისი არაა.იქ იგი ყოველდღიური მოვლენაა.დამხვრეტთ გუშინდელი მბრძანებლისა შიშის ქარი ურბენთ სახსრებში; ფიქრობენ: მათაც არ ხვდეთ ეს ბედი.ესაა დემოკრატია? შესაძლოა,შემედაოთ ამ დებულების გამო,გარნა ვიცი სადღაც მიმალულ კუნჭულში თქვენი არსისა დამეთანხმებით.თანხმობას მყისვე მიჩქმალავთ,რადგან შიში აგიყვანთ,მალული აზრი თქვენი,რომ არ იქნას ყურადღებული.საბჭოეთში კაცს შიშის გამო მოსვენებით ვერც კი დაუძინია.ეშინიათ: სიზმარში ბოდვით არ წამოსცდეს გულნადები აზრი რაიმე.ასეთია საბჭოეთის სამოთხე.ეს სამოთხე მივატოვე და არა ნამდვილი სამოთხე – შეუდარებელი სამშობლო ჩვენი.მოწყვეტილი ვარ ჩვენს დედა-მიწას,ხოლო შორეული ფესვებით მაინც მასთან ვარ,ეს ფესვებია უცხოეთში რომ მაცოცხლებენ.ქალნო და ვაჟნო,ახალგაზრდებო! დღე არაა,თქვენზე და თქვენთვის არ ვფიქრობდე,გულაჩუყებული და თვალცრემლმორეული; ვფიქრობ,თქვენში შეჭრილია ბოლშევიზმის გამხრწნელი ძალა.თანვე ამასაც ვიგულვებ,რომ ეს შეჭრა ძირა ფენებს თქვენი არსისა ჯერ კიდევ არ წვდენია.თუ რაა ეს ფენები ამას ერთი მაგალითი ნათლივ დაგისახავთ; იყო ერთი ქართველი,თავადი,ანარქისტი და თავდადებული მამულიშვილი ვარლამ ჩერქეზიშვილი.ქართული მას არ ემარჯვებოდა,საქართველოს ბავშვობიდან იყო მოწყვეტილი.იცოდა რუსული,ფრანგული და ინგლისური.სიკვდილის წუთებში,როცა ადამიანის მთელი არსი შეირხევა საუკუნეთაგან მოშვებული ფესვებით,მას უეცრად რუსულიც დაავიწყდა,ფრანგულიც და ინგლისურიც.მომაკვდავმა ქართულად იწყო ლუღლუღი.აი,რა ძალისა არიან ძირა ფენები ადამიანისა,განსაკუთრებით – ქართველისა.ეს რომ არ ვიცოდე,ამ სიტყვითაც არ მოგმართავდით. (ავტორი გენია.ჯი)
გულწრფელ იღეთ ყურად სიტყვა ესე; სიტყვა,რომელიც წრფელი გულიდანაა წარმოშვებული და მამური გრძნობებით თქვენკენ მოშვებული.დაენდეთ მხოლოდ და მხოლოდ ღრმა სიტყვას ამ ძირა ფენებიდგან; იქაა გულის ძგერა და მაჯის ცემა საქართველოსი; იქაა გონმეტყველება მისი.ისმენთ ამ ხმას,თქვენში წამოიჭრებიან წმინდა ნინო,რომელმაც ვაზის ჯვარით გვაზიარა ქრისტეს მცნებას; დავით აღმაშენებელი – ფუძემდებელი საქართველოს ხელმწიფებისა,მეფე თამარ – მზიური შარავანდი იმ ხელმწიფებისა,ქეთევან დედოფალი – წმინდა ნინოს დობილი,წამებული ვაზის ჯვრისათვის; მესიტყვენი დიდი კარდუსი,ჩვენი მითიური თაურმდგენისა: იაკობ ხუცესი,გიორგი მერჩულე,შოთა,საბა-სულხან ორბელიანი,ილია,აკაკი,ვაჟა.წამოიჭრებიან თქვენში ძლევამოსილებით და მხრებში ამართულთ თქვენ ვერა გძლევთ რა.იყვეს იგი თუგინდ დემონური ძალა ბოლშევიზმისა.დაიმყენით სიტყვა ესა თქვენს ყმაწვილ გულებში,ახალგაზრდებო,ხალასო ნერგებო საქართველოს მომავლისა! გესმით? გიხმობთ ქართველი მწერალი,რომელსაც მწერლური მარჯით ჯერ კიდევ მართად აქვს ამარული მარჯვენათი მზიურ მეწამული ალამი საქართველოსი.ისმინეთ ხმა ჩემი და ჩემთან ერთად გადასძახეთ მშობლიურ მთა-ველებს: მზეგრძელ იყავ,საქართველო!” (ავტორი გენია.ჯი)