კეპლერ – 10 c
კეპლერ – 10 c – წარმოადგენს გველეშაპის თანავარსკვლავედში (პოლუსის მახლობელი თანავარსკვლავედი ცის ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე) არსებულ ეკზოპლანეტას,რომელსაც ასტრონომები – “სუპერმიწათა” (პლანეტების კლასი,რომელთა მასა აღემატება დედამიწის მასას,თუმცა გაცილებით ნაკლები მასისანი არიან,ვიდრე გაზის გიგანტები) კლასს მიაკუთვნებენ.ამერიკაში განთავსებული ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკის ცენტრის მიერ, 2014 წლის 2 ივლისით დათარიღებულ პრეს-რელიზიდან ვგებულობთ,რომ ამერიკელ,შვეიცარიელ,იტალიელ და დიდ ბრიტანელ ასტრონომთა სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფის მიერ აღმოჩენილ იქნა არაჩვეულებრივად მყარი პლანეტა,რომლის მასა დედამიწის მასაზე 17-ჯერ დიდია.აღსანიშნავია ის,რომ მისი აღმოჩენა დაფიქსირებული იქნა 2011 წლის იანვარში,თუმცა ოფიციალურად ამის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ზემოაღნიშნულ პერიოდში გახდა საზოგადოებისათვის ცნობილი.როგორც წესი,ასეთი მასის მქონე პლანეტები მხოლოდ გაზის გიგანტები შეიძლება იყოს.ახლად აღმოჩენილი ეკზოპლანეტის დიამეტრი 32 ათას კილომეტრზე ოდნავ მეტია,რაც დედამიწის დიამეტრს 2,3-ჯერ აღემატება.იგი აღმოჩენილ იქნა NASA-ს კოსმოსური ზონდის “კეპლერი”-ს მიერ,ხოლო მისი სტრუქტურა კი შესწავლილ იქნა Super WASP-ის ტელესკოპის მეშვეობით,რომელიც თავის მხრივ კანარის კუნძულების ჯგუფში შემავალ კუნძულ პალმაზე (ესპანეთი) მდებარეობს და მიეკუთვნება როკე დე ლოს მუჩაჩოსის ასტროფიზიკის ობსერვატორიას.კეპლერ – 10 c აგებულება შედგება ისეთი მყარი მეტალოიდებისაგან,როგორებიც არის – რკინა,სილიციუმი და სხვა.იგი დედამიწიდან დაშორებულია 560 სინათლის წლით.მეცნიერების ვარაუდით ახლდააღმოჩენილი ეკზოპლანეტის ასაკი დაახლოებით 11 მილიარდი წელიწადია,რაც დედამიწის ასაკზე (4,5 მილიარდი წელი) ბევრად მეტია.საინტერესოა ისიც,რომ ამ აღმოჩენამ მეცნიერებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ის გარემოება,რომ ასეთი მყარი მასისაგან შემდგარი ეკზოპლანეტების ფორმირება დაწყებულ იქნა ჯერ კიდევ ჩვენი სამყაროს ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპებზე. (ავტორი გენია.ჯი)