ტარიელ ჭანტურიას ჩანაწერებიდან…
ილია,აკაკი…
ილია მოკლეს.მოკლეს მანამდე,სანამ ტყვიას ესროდნენ.ილიასათვის ტყვია რომ არ ესროლათ,არავის ეცოდინებოდა,რომ იგი მოკლეს.აკაკიც მოკლეს,მაგრამ საქართველომ არ იცის ეს! არ იცის იმ უბრალო მიზეზის გამო,რომ აკაკისთვის ტყვია არ უსროლიათ! არადა,აკაკიც მოკლეს! მოკლეს თუნდაც იმით,რომ ილია მოკლეს! ასევე მოკლეს ვაჟაც,თუმცა არც მისთვის უსროლიათ ტყვია! მოკლეს თუნდა იმით,რომ მოკლეს ილია… ბევრი მოკლეს საქართველოში ასე – უტყვიოდ… ასე მოკლეს მაჩაბელი,სულ ერთია,მოკლეს თუ არა! ასე მოკლეს რუსთაველი – სულ ერთია,მოკლეს თუ არა…
ასე მოკლეს აკაკი…
მკვლელობები გრძელდება,მაგრამ რაკი ტყვიით იშვიათად კლავენ,ჩვენი თვალებისთვის შეუმჩნეველია ეს მკვლელობები…
დიდ ილიას ამ მხრივ გაუმართლა – მისი გოლგოთა შორიდან მოჩანს!
მაგრამ გოლგოთაზე,ილიას გვერდით,ყოველთვის უნდა დავინახოთ და ვიგულისხმოთ აკაკი! (ავტორი გენია.ჯი)
* * *
რას ვუტოვებთ შვილებს!
შეიძლება შვილს დაუტოვო ბინა,ავეჯი,მანქანა,აგარაკი, და ვერ დაუტოვო საქართველო!
შეიძლება პირიქითაც – დაუტოვო შვილს ნამდვილი საქართველო, და ვერ დაუტოვო ბინა,ავეჯი,აგარაკი,მანქანა…
რომელი სჯობს! – გიფიქრია ამაზე?
ზოგს დაუტოვეს ოქრო და ვერცხლი,
ზოგს,ბორკილივით,პატიოსნება!
მურმან ლებანიძის ამ სტრიქონებში პატიოსნება შეგიძლია საქართველოთი შეცვალო – ორივე სიწმინდის გამომხატველი სიტყვაა,სხათა შორის, და ეს ლექსი მიიღებს ასეთ სახეს:
ზოგს დაუტოვეს ოქრო და ვერცხლი,
ზოგს,ბორკილივით,საქართველო…
იმის მიუხედავად,რომ სტრიქონი დაკოჭლდა,ლექსი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახდა.
რა დამიტოვეო,რომ იკითხავს შვილი, და, საქართველოო,რომ ეტყვი,გაიგოს უნდა,რაც უთხარი! ისაა კაი შვილი! (ავტორი გენია.ჯი)
* * *
ვინ ვის არ უყვარდა! რატომ?
გოეთეს არ უყვარდა ვერგილიუსი.
ტოლსტოის არ უყვარდა შექსპირი.
დოსტოევსკის არ უყვარდა ტოლსტოი.
ჰემინგუეის გულზე არ ეხატებოდა ტომას სტერნზ ელიოტი,არც ფიცჯერალდისთვის იკლავდა მაინცა და მაინც თავს.
კურტ ვონეგუტი ვერ იტანს ჰემინგუეის.
გოეთეს არ უყვარდა ჰოლდერლინი.
რობაქიძესა და გამსახურდიას ერთნაირად არ უყვარდათ ერთმანეთი – ბარიბარში იყვნენ!
სიმონ ჩიქოვანს არ უყვარდა გალაკტიონ ტაბიძე.
გალაკტიონ ტაბიძეს არ უყვარდა სიმონ ჩიქოვანი სამჯერ მეტად.
მსგავსი მაგალითების მოტანა შეიძლება ლამის დაუსრულებლად,ასე რომ,სტატისტიკური მასალა საკმარისზე მეტი არსებობს.ახლა საჭიროა კანონის გამოყვანა: მაინც რატომ ხდება ასე,რას ნიშნავს ეს!
თქვენ იცით? მე – არა! (ავტორი გენია.ჯი)