პერდიკას დიდსულოვანი უარი…
მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ლეგენდად ქცეული მხედართმთავრი – ალექსანდრე III მაკედონელი (ძვ.წ.აღ-ით 356-323 წლები),დიდი ძველბერძენი ისტორიკოსის,მწერლისა და დიოგენეს მოსწავლის – ონესიკრიტეს (ძვ.წ.აღ-ით 360-290 წლები) გადმოცემის თანახმად (იგი თან ახლდა მაკედონელს აზიაში ლაშქრობისას),გასაოცარი ლაშქრობის წინ ჯარის შესანახად 70 ტალანტზე მეტს არ ფლობდა.ის კი არა-და,თავად ალექსანდრეს 200 ტალანტი სხვისი ვალიც კი ჰქონია.მიუხედავად იმისა,რომ მაკედონელი სახსრების სიმცირის გამო თითქმის უმწეო მდგომარეობაში იმყოფებოდა,იგი ხომალდზე მანამ არ ავიდა,ვიდრე საკუთარი მეგობრების საქმეებს არ გადახედა.ზოგს მიწა მისცა,ზოგს სოფელი,ზოგსაც დაბისა თუ ნავსადგურის შემოსავალი დაუნიშნა.როდესაც სამეფო ქონება თითქმის დანაწილებული და გაფლანგული იყო,ალექსანდრეს,მისმა თანამებრძოლმა და მეგობარმა პერდიკამ ჰკითხა:
- კი მაგრამ,შენთვის რაღას იტოვებ მეფეო?
- იმედს, – უპასუხა ალექსანდრემ.
- მაშინ ჩვენც,შენი თანამოლაშქრენი,მაგ იმედს გავინაწილებთ, – მიუგო პერდიკამ მთავარსარდალს და შეთავაზებულ ქონებაზე უარი დიდსულოვნად განაცხადა.
P.S. აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ პერდიკას მაგალითს ალექსანდრეს ბევრმა მეგობარმა და თანამებრძოლმა მიბაძა და მათაც უარი განაცხადეს ნაჩუქარ ქონებაზე.