დემოსთენეს საჯარო გამოსვლებიდან…
„უნდა გაითვალისწინოთ, რომ მანამ ვერ სძლევთ სახელმწიფოს გარეშე მტერთ, სანამ არ დასჯით მტერთა თანამზრახველთ სახელმწიფოს შიგნით. მაგრამ თქვენ ეს არ ძალგიძთ, – ვფიცავ ზევსს და სხვა ღმერთებს, – უგუნურებივით იქცევით,ან კიდევ – აღარ ვიცი, რა ვთქვა (ხშირად შიში მიპყრობს, დემონი რამ ხომ არ შეუჩნდა-მეთქი ჩვენს საქმეს), რომ ლანძღვის, შურის,ოხუნჯობისა თუ მრავალი სხვა მიზეზის წყალობით ლაპარაკის უფლებას აძლევთ მხვეჭელ, მედროვე ადამიანებს, რომელთა შორის ზოგი სულაც არ მალავს თავის რაობას, და სიცილით კვდებით, როცა ისინი ვინმეს აყივნებენ და თავლაფს ასხამენ.
და მაინც – მთავარი საშინელება ესეც არ არის, თუმც კი საშინელებაა. ამასთანავე, თქვენ საშუალება მიეცით მათ, გაცილებით უსაფრთხოდ ეწეოდნენ პოლიტიკურ საქმიანობას, ვიდრე თქვენ დასაცავად დამაშვრალი ორატორები. აბა, ნახეთ, რა ხიფათს გიმზადებთ მაღდამი თქვენი სმენისმოყვარეობა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უჩვეულო რამ იქნებოდა სწორედ, შინ არაფერი გაგვაჩნდეს და გარეთ სხვებს ვპირდებოდეთ აშენებას, თავად ურწმუნოდ ვეგოთ, სხვებს კი მომავლით ვაშინებდეთ”.
* * *
„თუ ვინმე ეძიებს საშუალებებს იმის აღსასრულებლად, რაიც სურს, მაგრამ იმავე დროს ფიქრობს, რომ თავად არაფერი გააკეთოს საამისოდ, მაშინ, ჯერ ერთი, იგი ვერ იპოვის ამ საქმის აღმსრულებელთ, რამეთუ ასეთნი არ არსებობენ, მეორეც, ვშიშობ, ვაითუ, აუცილებლობის ძალით მერე ერთბაშად დაგვაწვეს იმ საქმეთა ტვირთი, რომელთა აღსრულებასაც ახლა გავურბივართ.
აი, ეს არის, რასაც ვამბობ და რასაც ვწერ. მე ვფიქრობ, ჯერაც არაა გვიან – წაღმა წავა საქმე, თუ ხელს დროულად მოჰკიდებთ მას”. (ავტორი გენია.ჯი)