მერაბ კოსტავა – “ვერაფერმა განაქარვოს ხსოვნა გარდასულისა”
ვერაფერმა განაქარვოს
ხსოვნა გარდასულისა,
საიქიოც,სააქაოც
სუნთვა არის სულისა.
თუ გგონიათ დამაბერონ
წუთისოფლის ვალებმა,
ან როდესმე დავიჯერო
სულის გარდაცვალება.
დაისებში ჟონავს სული
აისობით სიალით,
ხან მტრედივით გალურსული,
ხან ელჭექის გრიალით.
ანთებული უშრეტ ალად
ბრძენთა გულის მლეველი,
ათასჯერი,ათასთვალი,
ქვეყნად დაუტეველი.
თვით სიქველეულეველი
უჩინარი მხლებელი,
მჭვრეტელთაგან უხილველი
ხელით შეუხებელი,
დამავალთა ზეობაა
მდაბლის მაღლით მზეობა,
უქცეველი ზნეობაა
უტეხელი მეობა.
იდეალთა იდილია,
თავგანწირვის სიშიშვლე,
სამსხვერპლოზე სიკვდილია,
ღვთაებრივი სიგიჟე.
ჰა,საკანი დაუტევა,
მოდგა ჟამი ქროლვისა,
ვიცი,ვერსად დაეტევა,
აღმვსებია ყოვლისა.
ვიცი,ვერსით აღუდგება
ვერა ზღუდე-კედელი,
ოდეს ბოროტს განუდგება
ხუნდ-ბორკილთა მკვნეტელი.