აულიუს ვიტელიუს გერმანიკუსი – “ეპიზოდი”
რომის იმპერატორის - აულიუს ვიტელიუს გერმანიკუსის (15-69 წლები) უარყოფითი თვისებების შესახებ არაერთი ისტორიაა ცნობილი.მისი ზოგადი პიროვნების გასაცნობად ალბათ ის სიტყვებიც საკმარისი იქნება,რომელიც ბედრიაკუმის ომის დასრულებისას გახრწნილი გვამების ხილვისას წარმოსთქვა: “მტრის გვამს კარგი სუნი აქვს,მოქალაქისას კი – უკეთესიო”, და ისე გამოთვრა,რომ მეტყველების უნარიც კი წაერთვა.თუმცა აღნიშნულ პოსტში მკითხველის ყურადღებას გავამახვილებ ვიტელიუსის გაუმაძღრობაზე,რომლითაც იგი ასე გამოირჩეოდა.
მარტო აულიუსის დანაყრება ქვეყნის სალაროს ყოველდღიურად 1 200 რომაული სესტერცი უჯდებოდა (როგორც ამბობენ ერთ ჭამაზე – 1 000 ხამანწკასაც კი მიირთმევდა).რომის უგვანი იმპერატორი,დღეში სამჯერ,ხანდახან ოთხჯერაც მართავდა ნადიმებს: დილის საუზმეზე,დღის საუზმეზე,სადილად და ვახშმად.იგი ერთსა და იმავე დღეს,სხვადასხვა დროს,სხვადასხვავე მეგობრებს პატიჟებდა და თითოეული ასეთი გამასპინძლება უზარმაზარი თანხები უჯდებოდა სახელმწიფო ხაზინას (არის მონაცემები,რომ ასეთ ნადიმებზე რამდენიმეჯერ – 400 000 რომაული სესტერციც დახარჯულა).ყველაზე ცნობილი ნადიმი,რომელიც მის მიერ იქნა გამართული,გახლავთ ვიტელუსის ძმასთან სტუმრობის აღსანიშნავად გამართული ნადიმი.როგორც ძველი ისტორიული წყაროებიდან ხდება ცნობილი,ნადიმზე იყო ორი ათასი ნარჩევი თევზი და შვიდი ათასი ფრინველი.თუმცა აღნიშნული ნადიმიც კი დაჩრდილა შესაწირავმა ლანგარმა,რომელსაც თავისი განუსაზღვრელი სიდიდის გამო “ქალაქის მფარველი მინერვას ფარს” უწოდებდა.მასში არეული იყო ქარიყლაპიების ღვიძლი,ხოხბებისა და ფარშევანგების ტვინი,ფლამენგოების ენა და მურენების რძე.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ იგი იმდენად ხარბი და ღორმუცელა იყო,რომ თავს ვერ იკავებდა ვერც მსხვერპლშეწირვის დროს და ვერც მგზავრობისას.აულიუსი,პირდაპირ სამსხვერპლოზე სტაცებდა ხოლმე ხელს ხორცისა და პურის ნაჭერს და ლამის ცეცხლიდან ჭამდა.ასეთ უზომო კვებას კი,ის პირღებინების საშუალებებით უმკლავდებოდა.საინტერესოა ისიც,რომ თავისი სასტიკი ბუნებითა და ჭამისადმი ფანატიკური სიყვარულით ცნობილი აულიუს ვიტელიუს გერმანიკუსი მოკლულ იქნა 69 წლის 22 დეკემბერს,წარმოშობით ტოლოსელის – ანტონიუს პრიმუსის მიერ,რომლის მეტსახელიც “ბეკო” გახლდათ,რაც - “მამლის ნისკარტს” აღნიშნავს.მისი მკვლელობის შემდეგ გაირკვა რომ,რომის იმპერიის ბიუჯეტი ცხრაასი მილიონი სესტერცით იყო შეთხელებული და ამ თანხის დიდი ნაწილი სწორედ რომ – ვიტელიუსის განუზომლად დიდი სტომაქის საკვებით დაკმაყოფილებას მოხმარდა. (ავტორი გენია.ჯი)