ტიბერიუს კლავდიუს დრუსუს ნერონ გერმანიკუს კეისრის შესახებ…
ტიბერიუს კლავდიუს დრუსუს ნერონ გერმანიკუს კეისარი (37-68 წლები) – რომლის ნამდვილი სახელი და გვარი რომის იმპერატორის კლავდიუსის მიერ მისი შვილად აყვანამდე – ლუციუს დომიციუს აჰენორბაბუსი გახლდათ,ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ,აღვირახსნილ,დაუნდობელ და ოდიოზურ მმართველად მიიჩნევა დღემდე რომის ისტორიაში.როგორც ისტორიულად არის დადასტურებული,თავად ნერონის ნამდვილი მამა – გნეუს დომიციუს აჰენორბაბუსიც საძაგელი და სულმდაბალი თვისებებით გამორჩეული კონსული იყო.რომის იმპერატორის ტიბერიუსის გარდაცვალების წინა პერიოდში,მას ბრალი დასდეს უზენაესი ხელისუფლების შეურაცხყოფასა და გარყვნილებაში (საკუთარ დასთან ლეპიდასთან,სისხლის აღრევაში),თუმცა იგი მართლმსაჯულებისაგას პრინცესტთა ცვლილებამ იხსნა. 40 წელს კი,გნეუსი წყალმანკის შედეგად გარდაიცვალა.ნერონის დედა – აგრიპინა უმცროსი,კალიგულას ღვიძლი და და რომის იმპერატორის კლავდიუსის რიგით მეოთხე ცოლი გახლდათ. 11 წლის ასაკში,კლავდიუსმა ნერონი იშვილა და იგი აღსაზრდელად თავისი გონიერებით განთქმულ სენატორსა და ფილოსოფოსს – ლუციუს ანეუს სენეკას მიაბარა. (ავტორი გენია.ჯი) თავისი საშინელი ხასიათი რომის მომავალმა იმპერატორმა ბავშვობაშივე გამოამჟღავნა,მან ბრალდებული მამიდის წინააღმდეგ ყველას თანდასწრებით მისცა ჩვენება,რათა დედამისისათვის ეამებინა,რომელიც თავის მხრივ ლეპიდას ავიწროებდა.მალევე იგი დაქორწინდა მისივე მამობილის ქალიშვილზე კლაუდია ოქტავიუსზე,რომელსაც რომაელი ხალხი დიდ პატივს მიაგებდა.როგორც ცნობილია,ნერონი განსაკუთრებული ძალისხმევით ცდილობდა საიმპერატორო ტახტის ხელში ჩაგდებას და სწორედ ამ მიზეზით გახდა მისი პირველი მსხვერპლი საკუთარი ცოლისძმა – ბრიტანიკუსი,რომელიც მისი ბრძანებით 55 წლის 11 თებერვალს იქნა მოწამლული და მოკლული.
ძალაუფლების ხელში ჩაგდებისაკენ მიმავალი ნერონი ცდილობდა,რომ ხალხში კეთილგანწყობით ესარგებლა და მათთვის გულუხვობა,ლმობიერება და გულითადობა ეჩვენებინა.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ თავდაპირველად შეამცირა გადასახადები,დამსმენთა ჯილდო ოთხჯერ შეკვეცა,ხალხს დაურიგა თანხები,თითოეულს 400 სესტერციუსი,წარჩინებული გვარის,მაგრამ გაღატაკებულ სენატორებს ყოველთვიური შემწეობა დაუნიშნა.გარდა ამისა,პრეტორთა კოჰორტებს – ერთი თვის პურის უფასო მარაგი გადასცა.ვინ წარმოიდგენდა ხალხის ფართო მასებში,რომ ის ადამიანი,რომელიც ვიღაც დამნაშავის სასიკვდილო განაჩენზე ხელის მოწერისას დანანებით იტყოდა: “როგორ მინდა,წერა არ ვიცოდეო”,ქვეყანაში სისხლის მდინარებს დააყენებდა?! როდესაც ამ სიკეთეებისათვის სენატმა მადლობა მოახსენა,ნერონმა უპასუხა: “მხოლოდ მაშინ იყავით მადლიერნი,როდესაც ამას დავიმსახურებო”.იგი ხშირად გამოდიოდა სიტყვით,ზეპირად კითხულობდა ლექსებს,როგორც სასახლეში,ასევე თეატრებშიც.მის მიერ წაკითხული ლექსები კი,ამოტვიფრული ოქროს ასოებით რომის კაპიტოლიუმის იუპიტერს მიუძღვნა.აწყობდა უამრავი სახის თამაშობებს,რაც ესოდენ იტაცებდა რომაელ ხალხს.თავდაპირველად,ასეთ სანახაობებს ნერონი თვალს ვიწრო სარკმელიდან ადევნებდა,ხოლო შემდგომ ღია აივნიდანაც დაიწყო თვალის დევნება.რომში პირველმა მან შემოიღო ასპარეზობა,რომელიც ყოველ მეხუთე წელიწადს იმართებოდა და, ბერძნული წესისამებრ სამ სფეროს მოიცავდა: ცხენოსნობას,ტანვარჯიშსა და მუსიკას.აღნიშნულ სანახაობას – “ნერონიები” უწოდა.ნერონი ოთხგზის იყო კონსული და მართავდა სასამართლოსაც.მისივე ინიციატივით რომის შენობებისათვის ახალი ფორმა იქნა მოფიქრებული – ყველა ტაძარსა და სასახლეს – პორტიკუსი უნდა ჰქონოდა,საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა ხანძრის ლოკალიზება, და ისინი თავისი ხარჯებით ააგო კიდეც.მისივე ინიციატივით შეიზღუდა ფუფუნება,სახალხო სადილები შეცვლილ იქნა სასურსათო კალათებით გამასპინძლებით,დუქნებში აიკრძალა ხილისა და ბოსტნეულის გარდა სხვა მოხარშული საკვების გაყიდვა.აიკრძალა მეეტლეთა გართობები,ქალქიდან გაასახლეს პანტომიმოსების დასები.მიუხედავად უამრავი რეფორმისა,არასოდეს უცდია იმპერიის გაფართოება და ბრიტანეთიდან ჯარის გამოყვანაც კი სურდა,თუმცა საბოლოოდ სირცხვილის გამო გადაიფიქრა.ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა მუსიკის სიყვარულით და როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა (54 წლის 13 ოქტომბერი),იმავე დღეს სახელგანთქმული კითარედი – ტერპნუსი მიიწვია და მრავალი დღის მანძილზე სადილის შემდეგ გვიან ღამემდე უსმენდა.მალევე კი,თავადაც დაეუფლა მუსიკის ხელოვნებას.მიუხედავად იმისა,რომ ხრინწიანი და სუსტი ხმა ჰქონდა,სცენაზე მაინც ხშირად გამოდიოდა,რა დროსაც მეგობრებს ერთ ბერძნულ ანდაზას ახსენებდა: “დაფარულ მუსიკას არავინ აფასებს”.საინტერესოა ისიც,რომ მისი პირველი სცენაზე გამოსვლა ნეაპოლისში შედგა,რა დროსაც მიწისძვრა მოხდა,რამაც მთელი თეატრის ნაგებობა შეაზანზარა.მიუხედავად ამისა,მან დაწყებული სიმღერა მაინც ბოლომდე შეასრულა.არავის ჰქონდა უფლება,როდესაც ნერონი სცენაზე მღეროდა,იქაურობა დაეტოვებინა.ამბობენ,რომ ზოგიერთი ქალი ამ დროს მშობიარობდა კიდეც,ვინაიდან გალავნის ჭიშკრები დაკეტილი იყო სანახაობის დროს,მრავალი გაბეზრებული მისი მსმენელი კი,ან მალულად ხტებოდა კედლიდან,ან თავს იმკვდარუნებდა,რათა ისინი როგორც მიცვალებულები ისე გაეტანათ ნერონის გამოსვლის დროსო. (ავტორი გენია.ჯი)
მისი თავხედობა,სისასტიკე,ავხორცობა,თავაშვებულება,სიძუნწე და სისასტიკე თანდათან რომაელი ხალხისათვის შეუმჩნევლად ხდებოდა.როგორც კი ჩამოღამდებოდა,მაშინვე ჩამოიფხატავდა თავს ნაბდის ქუდს,ან ხელოვნურ თმას და დუქნებს სტუმრობდა.ამ დროს ანცობით შემოივლიდა ხოლმე უბნებს,თუმცა სამწუხაროდ მისი ასეთი ქუჩებში გამოსვლები მსხვერპლის გარეშე არ რჩებოდა.იგი ხალხს ქუჩაში სცემდა და ძარცვავდა,ვინც წინააღმდეგობას გაუწევდა მათ ასახიჩრებდა და წყის სადინარ არხებში ყრიდა.მისი კიდევ ერთი ოდიოზური გადაწყვეტილება გახლდათ ისიც,რომ საკუთარ სასახლეში ბაზრობა მოაწყო,სადაც წინა დღეების ნაძარცვ ნადავლს აუქციონზე ჰყიდდა,ხოლო ნავაჭრ ფულს თავადვე ითვისებდა.თუკი ადრე თავისი საშინელი ბუნების დამალვას მეტ-ნაკლებად ცდილობდა,ახლა უკვე დაუფარავათ ახდენდა ყველა მისი მანკიერი თვისების გამოვლინებას.მრუშობა დაიწყო,როგორც გათხოვილ ქალებთან,ასევე ყმაწვილებთანაც.მან ძალა იხმარა ვესტალის ქალწულ რუბრიაზე.მისი სხეული იმდენჯერ მისცემია გარყვნილებას,რომ თითქმის მთელი სხეული წაბილწული ჰქონდა.გამოიგონა,რაღაც ველური თამაშობა,რა დროსაც ცხოველის ტყავში გაეხვეოდა,გამოვარდებოდა გალიიდან და ეძგერებოდა ბოძზე მიბმული ქალებისა და კაცების სასირცხვო ნაწილებს.გაიუს სვეტონიუს ტრანკვილიუსის გადმოცემის თანახმად,ნერონი დარწმუნებული იყო,რომ არ არსებობდა არც ერთი უბიწო და სხეულის რომელიმე ნაწილით წმინდა ადამიანი, და რომ სინამდვილეში უმრავლესობა თვალთმაქცობდა და მარჯვედ მალავდა თავიანთ ნაკლოვანებებს ამიტომ,ვინც მასთან საკუთარ უზნეობას აღიარებდა,სხვა დანარჩენ ცოდვებსაც პატიობდა.
იგი მიიჩნევდა,რომ სიმდიდრისა და ფულის ერთადერთ სარგებელს მისი ფლანგვა წარმოადგენდა,ამტკიცებდა,რომ ძუნწები და წუწურაქები იყვნენ ისინი,ვინც ფულს ყაირათიანად ხარჯავდა,ხოლო თავმომწონეები და კეთილშობილები ისინი,ვინც ფლანგავდა და ანიავებდა მას.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ არც ერთ საქმეში ისე მფლანგველი არ იყო,როგორც მშენებლობაში.მისი ბრძანებით,პალატიუმიდან ესკვილიუნამდე აგებულ იქნა სასახლე,რომელსაც თავდაპირველად “გასასვლელი” უწოდა,ხოლო მოგვიანებით კი,როდესაც იგი ხანძარმა გაანადგურა და აღადგინეს – “ოქროსი”.მისმა მფლანგველობამ რომის სახელმწიფო ბიუჯეტი ნულამდე დაიყვანა.როდესაც ფული გამოელია,ჯარისკაცებს ჯამაგირი არ მისცა,ხოლო ვეტერანებს შემწეობა გაუუქმა.სწორედ ამ პერიოდში დაიწყო მასიური ცილისმწამებლობა და გამომძალველობა,რომლის მსხვერპლიც რომაელი დიდგვაროვნები და უბრალო ხალხი გახდა.შემოღებულ იქნა ჯარიმები,რომლის თანახმადაც იმპერატორის აუგად მოხსენიება დასჯადი გახდა.უკანვე გამოითხოვა ადრე გაცემული ჯილდოები,აკრძალა იისფერი და მეწამული სამოსის ტარება.თუმცა ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით,რასაც ნერონმა შემდგომ მიჰყო ხელი: ნათესავთა და სხვა პირთა ჟლეტა,როგორც ზემოთ ავღნიშნე,კლავდიუსით დაიწყო,რომელსაც სიკვდილის შემდეგაც კი საშინლად ლანძღავდა.დედა იმის გამო აითვალწუნა,რომ ყველა მის ქმედებასა თუ სიტყვას მკაცრად ადევნებდა თვალყურს და განსჯიდა,რის გამოც ისიც საიქიოს გზას გაუყენა.მისი ბრძანებით მოწამლული იქნა მამიდამისი.შეეცადა თავისი მეუღლის – ოქტავიას მკვლელობას,თუმცა თავდაპირველად არ გამოუვიდა და მას გაშორდა.მიზეზად კი მისი უნაყოფობა დაასახელა.იგი გადასახლებულ იქნა,მაგრამ ნერონის სისხლიან ხელებს მაინც ვერ გადაურჩა და მოკლული იქნა.ოქტავიასთან გაშორების შემდეგ,მალევე იქორწინა – პოპეა საბინაზე,რომელიც უსაზღვროდ უყვარდა,თუმცა ისიც მოკლა მუცელში წიხლის ჩარტყმით მაშინ,როდესაც ფეხმძიმე ქალმა გვიან დაბრუნებულს უსაყვედურა.რომის სისხლმოწყურებული იმპერატორის მსახვრალ ხელს ვერც ერთი მისი ნათესავი ვერ გადაურჩა.კლავდიუსის ქალიშვილი ანტონია,რომელმაც მას უარი უთხრა ცოლობაზე,დაადანაშაულა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში და სიკვდილით დასაჯა.გარდა ამისა სიკვდილით დასაჯა სხვა უახლოესი ნათესავებიც,მათ შორის – ავლუს პლავტიუსი.აგრიპინას მცირეწლოვანი გერი – რუფრიუს ნეკრისპინუსი სიკვდილით (ზღვაში ჩაახრჩვეს) მხოლოდ იმიტომ დასაჯა,რომ იგი იმპერატორობანასა და მხედართავრობანას თამაშობდა.თვითმკვლელობამდე მიიყვანა მისივე აღმზრდელი სენეკა; საწამლავის გამოყენებით მოკლა პრეფექტი – ბურუსი; მოკლა მსახიობი – პარისი,რომელსაც საკუთარ კონკურენტად განიხილავდა სცენაზე, და ასე ჩამოიცილა გზიდან უამრავი სრულიად უდანაშაულო ადამიანი.განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა ქრისტიანებს,რომლებთაც სხვადასხვა მტაცებელი ცხოველების მსხვერპლად აქცევდა.გარდა ამისა,ძელზე გაკრული ცოცხალი ადამიანების საშუალებით,რომლებსაც აალებად ნივთიერებებში ახვევდნენ და ღამით ცეცხლს უკიდებდნენ,ანათებდა საკუთარი სასახლის ეზოს (მათ – “ნერონის ჩირაღდნებს” უწოდებდნენ).რომის მოქალაქეებს იმის გამო სჯიდა სიკვდილით,რომ სახლი ვიღაც უცხოელს მიაქირავეს; პეტუს თრასეა მხოლოდ იმიტომ მოკლა,რომ მას მუდამ მოძღვარივით მოღუშული სახე ჰქონდა.თუკი ვინმეს თავის მოკვლას უბრძანებდა,სულ რამდენიმე საათს აძლევდა სასიცოცხლოდ.
იმ საბაბით,რომ უფორმო ძველი ნაგებობები და ვიწრო,მიხვეულ-მოხვეული ქუჩები ეზიზღებოდა,მშობლიური ქალაქი რომი საშინელ ხანძარს მისცა.რომის ხანძრამდე (64 წელი) ქვეყანა საშინელმა ეპიდემიამ მოიცვა,რასაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.იგი ღვთაებათა ყველა კულტს აბუჩად იგდებდა,გარდა ერთი სირიელი ქალღმერთისა,თუმცა შემდგომ ისიც იმდენად აითვალწუნა,რომ საკუთარი შარდით წაბილწა.ასეთ სასტიკ მბრძანებელს რომის იმპერია თითქმის 14 წლიწადი იტანდა და, ბოლოს, ჩამოაგდო კიდეც იგი.ამ მოვლენას კი,სათავე დაუდეს გალებმა – იულიუს ვინდექსის მეთაურობით.მოსალოდნელი საფრთხის შესახებ,ნერონს ვარსკვლავთმრიცხველებმა შეატყობინეს.მას ერთობ აფრთხობდა ავისმომასწავებელი ბევრი ნიშანიც,თუმცა ბედისწერას ვერსად გაექცა.სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში საჯაროდ დაიფიცა,რომ თუ ძალაუფლებას შეინარჩუნებდა,გამარჯვების ნიშნად გამართულ თამაშობებზე წყლის ორღანით,ფლეიტითა და სტვირით გამოვიდოდა.მას შემდეგ,რაც მის წინააღმდეგ აღსდგა ქვეყანა და დაკავების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა,ჩაიკეტა თავის ოთახში და ჰომეროსის “ილიადა”-ს სტრიქონების წარმოთქმა დაიწყო,რის შემდეგაც საკუთარი მდივნის – ეპაფროდიტესის დახმარებით ხანჯლით კისერი გამოიჭრა.მისი უკანასკნელი სიტყვები კი გახლდათ: “როგორი დიდებული მსახიობი კვდება!” (ავტორი გენია.ჯი)
გნეუს დომიციუს აჰენორბაბუსი (ნერონის ნამდვილი მამა)
იულია აგრიპინა უმცროსი (ნერონის დედა)
კლავდიუსი (რომის იმპერატორი,რომელმაც იშვილა ნერონი)
კლაუდია ოქტავია (ნერონის პირველი ცოლი)
პოპეა საბინა (ნერონის მეორე ცოლი)
სტაცილიუს მესალინა (ნერონის მესამე ცოლი)
ლუციუს ანეუს სენეკა “უმცროსი” (ნერონის აღმზრდელი)
ნერონის სინდისის ქენჯნა – დედის მკვლელობის შემდეგ
“ნერონის ჩირაღდნები” – ცოცხალი ადამიანებისაგან
ნერონი თვალს ადევნებს რომის გადაწვას
ნერონის სიკვდილი