“დუმილის კოშკი”
“დუმილის კოშკი” – ერთ დროს სასანიდური სპარსეთის ოფიციალურ ზოროასტრიზმულ ათასწლოვან რელიგიაში მყარად დამკვიდრებული რწმენის თანახმად,გარდაცვლილი ადამიანის სხეული არაწმინდა იყო და იმისათვის,რომ მას მიწა არ წაებილწა,გარდაცვლილი თვისტომების ცხედრები მაღალ კლდეებზე სპეციალურად აღმართულ უზარმაზარი სიდიდის მქონე ეგრეთ წოდებულ – “დუმილის კოშკებში” მიჰქონდათ და იქვე ტოვებდნენ ბედის ანაბარა.ზოროასტრიზმის მიმდევრები მიიჩნევდნენ რომ,შესაძლებელი იყო მიწას მიბარებული და მიწასთან კონტაქტში მყოფი გარდაცვლილების სხეულებში დემონები ჩასახლებულიყვნენ,რაც იმავე მიწის წაბილწვას გამოიწვევდა,სადაც დაკრძალული იქნებოდნენ ისინი.ვენდიდადში (ბოროტი ძალებისა და დემონების წინააღმდეგ მიმართული ზოროასტრიზმული კანონები) მკაფიოდ იყო მითითებული ის წესები,რომლებიც ამ რელიგიის მიმდევრებს უნდა დაეცვათ ცხედრების დაკრძალვისას.მიცვალებულებისათვის განკუთვნილი ასეთი ნაგებობა,მრგვალი ფორმის იყო და თიხისაგან მზადდებოდა.მისი ზედა ნაწილი კი,სადაც მიცვალებულთა ცხედრებს აწყობდნენ – ღრმა ფიალის ფორმის იყო (როგორც ცნობილია,იმ პერიოდის სპარსეთში ცხედრის კრემაცია არ შეიძლებოდა).კოშკზე ასასვლელად ქვის კიბეები გამოიყენებოდა და იგი სამ ნაწილად (ლოჟად) იყო დაყოფილი.პირველ ლოჟაში მამაკაცების ცხედრები,ხოლო მეორე და მესამეში კი ქალებისა და ბავშვების ცხედრებს ათავსებდნენ.ბუნებრივი ხრწნისა და მტაცებელი ფრინველების საშუალებით ცხედრებისაგან მხოლოდ ძვლები რჩებოდა,რომლებსაც შემდგომ “ნასასალარები” (რიტუალის აღმსრულებელი – მესაფლავეები) სპეციალურ ხსნარებს ასხამდნენ და საბოლოოდ აქრობდნენ კიდეც.პირველი ასეთი წესით “დაკრძალვა” მოხსენიებული აქვს გენიალურ ძველბერძენ ისტორიკოსს – ჰეროდოტეს.თუმცა მისთვის,ისევე,როგორც სხვა უამრავი ისტორიკოსისათვის უცნობი იყო ამ საშინელი ცერემონიის აღსრულების წესი,რადგან იგი ერთობ გასაიდუმლოებული გახლდათ.მოგვიანებით,აღნიშნულ ცერემონიას ტაბუ მოეხსნა და უკვე საჯაროდ აღასრულებდნენ მას.ასეთი ამაზრზენი წესის გამო,იმ რეგიონებში,სადაც აღმართული იყო “დუმილის კოშკები”,მრავალი დაავადება და ინფექცია იქნა გავრცელებული,რამაც პირველ რიგში თავად ისინი შეიწირა,ვინც აღასრულებდა გარდაცვლილი ცხედრების ზოროასტრიზმულ რიტუალურ “დაკრძალვას”.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სახელწოდება “დუმილის კოშკი” (იგივე – “დაჰმა”),სპარს ზოროასტრიკოსებს არასოდეს გამოუყენებიათ და ეს სახელი მას პირველად 1832 წელს უწოდა ინდოეთის ბრიტანული კოლონიალური მთავრობის ბრიტანელმავე თარჯიმანმა – რობერტ მიორფიმ.დღესდღეობით,თანამედროვე ირანისა და ინდოეთის ტერიტორიებზე (მათ შორის ქალაქ მუმბაის სიახლოვეს),კვლავაც გვხვდება “დუმილის კოშკები”,თუმცა საბედნიეროდ,რაღა თქმა უნდა უფუნქციო. (ავტორი გენია.ჯი)