ნაპოლეონ I ბონაპარტის შესახებ…

ერთ დროს უდიდესი ძალაუფლების მფლობელისა და ევროპის შემაზანზარებელი ფრანგი მხედართმთავრის – ნაპოლეონ ბონაპარტის ცხოვრების უკანასკნელი ეტაპი ისე წარიმართა,როგორსაც იგი თვით ყველაზე ამაზრზენ სიზმარშიც რომ ვერ ნახავდა.წმინდა ელენეს კუნძულზე გადასახლებული,თავისი სიამაყით ცნობილი ბონაპარტის მიმართ,განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულება გააჩნდა კუნძულის ახალ ინგლისელ გუბერნატორს – ჰადსონ ლოუს (1769-1844 წლები).მისი კუნძულზე ჩასვლის პირველსავე დღეს,ნაპოლეონს ახალი შეზღუდვები დაუწესდა,რაც თანდათან კიდევ უფრო გაუმკაცრა.ჯერ იყო და,ლოუმ ნაპოლეონს ოთხი შეურაცმხყოფელი პამფლეტი გაუგზავნა,შემდეგ ყველა მისი მსახური დაკითხა,რათა გამოერკვია,ისინი თავისი ნებით დარჩნენ მასთან თუ ძალად დატოვეს. (ავტორი გენია.ჯი) გუბერნატორის მხრიდან შევიწროება კიდევ უფრო გამძფრდა; იგი იქამდეც კი მივიდა,რომ ზრდილობის ელემენტარულ წესებსაც აღარ იცავდა.ერთხელ გენერალი ბონაპარტი სადილად მხოლოდ იმიტომ მიიწვია,რომ წმინდა ელენეს კუნძულზე ჩამოსული,მაღალი წრის ერთი ინგლისელი ქალბატონისათვის ეჩვენებინა.თავმოყვარე ნაპოლეონმა მიწვევა რაღა თქმა უნდა არ მიიღო,რამაც მისი შევიწროება კიდევ უფრო თვალნათელი გახადა.

ამიერიდან წერილის გაგზავნა არავის შეეძლო,სანამ წინასწარ გუბერნატორი არ წაიკითხავდა,ხოლო ყველა ბარათი,რომლებშიც ნაპოლეონს იმპერატორად მოიხსენიებდნენ, – კონფისკაციას ექვემდებარებოდა.

რაც ნაპოლეონისათვის (ისევე,როგორც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისათვის) განსაკუთრებულად მტკივნეული გახლდათ,არის ის ფაქტი,რომ,მას მიანიშნეს,თითქოს მის შესანახად ბევრი ფული იხარჯებოდა.მთავრობა მზად იყო,პირადად მისი და მასთან ერთად არაუმეტეს ოთხი კაცის ყოველდღიური კვების,აგრეთვე თითოეულზე სადილად ერთი ბოთლი ღვინისა და კვირაში ერთი სადილ-წვეულების ხარჯი გადაეხადა.რაც მთავრობის მიერ დადგენილ ხარჯებს გადასცილდებოდა,ნაპოლეონს უნდა დაეფარა.აღნიშნული გადაწყვეტილების გამო,ბონარატმა თავისი კუთვნილი ვერცხლის ჭურჭლის ნაწილ-ნაწილ გაყიდვა დაიწყო.ყოფილი იმპერატორის აღშფოთება მას შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა,რაც ინგლისელი გუბერნატორისაგან მიიღო მითითება,რომ ვერცხლეულობა მის მიერვე მითითებული პიროვნებებისათვის მიეყიდა.ასეთ დამცირებებს თან ისიც დაემატა,რომ მას უბრძანეს,ვინაიდან წყალი ლონგვილში შორიდან მოჰქონდათ,კვირაში მხოლოდ ერთხელ დაებანა.ის კი არა-და,ნაპოლეონს ის ხეებიც კი გაუჩეხეს,რომლის ჩრდილქვეშაც უყვარდა სეირნობა.ასეთი დამამცირებელი მოქცევით განრისხებულმა ნაპოლეონმა გუბერნატორს შესძახა: “ყველაზე ცუდი,რაც ინგლისელმა მინისტრებმა მოიმოქმედეს,ჩემი აქ გამოგზავნა კი არ იყო,არამედ,ის,თქვენს ხელში რომ ჩამაგდეს.ადმირალს ვსაყვედურობდი,მაგრამ მას,თქვენგან განსხვავებით,გული მაინც ჰქონდა.თქვენ შეურაცყოფთ მთელ ინგლისელ ერს და ამ სამარცხვინო დაღს ვერასოდეს ჩამოირეცხავთ!”

მიუხედავად ამისა,ბონაპარტის დამცირება არ შეწყვეტილა.ექს-იმპერატორის სუფრისათვის დაკლული,ახალი ხორცის ნაცვლად,დაცემული ცხოველის ხორს აგზავნიდნენ.გუბერნატორმა ნაპოლეონის ერთგულ ქვეშევრდომებს საქონლის ყოლის უფლებაც კი არ მისცა.ამ დროიდან მისი სიცოცხლე ნელ და მტანჯველ აგონიად იქცა,რომელიც კიდევ ხუთი წელიწადი გაგრძელდა.როდესაც ბონაპარტი ავად გახდა,რასაც კრუნჩხვებიც თან დაერთო,იგი მელანქოლიამ მოიცვა.”სასიკვდილო განაჩენისათვის უნდა გავემზადო.ჩემი ხვედრია,ეს განაჩენი აქ,ამ კლდეზე მყოფმა მოვისმინო.მე პირველი წავალ,მაგრამ მაღლა,ცაში ყველანი ერთად ვიქნებით”, – უცხადებდა ის იმ ქვეშვრდომებს,რომელთაც ნაპოლეონი არასოდეს მიუტოვებიათ.ბონაპარტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი,დღიღიდღე უარესდებოდა.გარდა ამისა,ნაპოლეონი მათ ეუბნებოდა: “ჩემი აღსასრული მოახლოვდა.როდესაც მოვკვდები,თქვენ ყველას,ტკბილი ნუგეში მოგელით: ევროპაში დაბრუნდებით.ერთნი მშობლებს და ცოლ-შვილს ნახავთ,მეორენი – მეგობრებს,მე კი ცაში ჩემს მამაც მეომრებს შევხვდები.დიახ,დიახ,ყველანი- კლებერი,დეზე,ბასიერი,დიუროკი,ნეი,მიურატი,მასენა,ბერტიე შემომეგებიან,ჩემთან შესახვდერად მოვლენ.ვისაუბრებთ იმაზე,რაც ერთად გაგვიკეთებია,მერე კი,მათ ჩემი ცხოვრების ბოლო წუთებზე მოვუყვები.ჩემს დანახვაზე სიხარულით გაგიჟდებიან და ერთად დაგვეუფლება დიდებისა და სიამაყის ძველი განცდა.სციპიონებს,კეისრებსა და ჰანიბალებს ჩვენს ლაშქრობებზე ვუამბობთ. და მაშინ,რა ნეტარება დაისადგურებს ირგვლივ… შემდეგ,ვინძლო არ შეშინდნენ,ამდენ გმირს ერთად რომ დაინახავენ”.

რამდენიმე დღის შემდეგ კაპელან ვინიალის დაუძახა და უთხრა:

“მე კათოლიკე ვარ და კათოლიკურ ოჯახში დავიბადე.მსურს,აღვასრულო ამ რწმენით დაკისრებული ყველა წესი და მივიღო ნუგეში.წირვა მეზობელ სამლოცველოში ჩაატარეთ და წმინდა ძღვენი ორმოცი საათით გამოაბრძანეთ.როდესაც მოვკვდები,სასთუმალთან სამსხვერპლო დამიდგით.გაჩირაღდნებულ ოთახში რიტუალის დაცვით ამიგეთ წესი და, როდესაც მიწას მიმაბარებენ წირვების აღსრულება მხოლოდ მასინ შეწყვიტეთ”.

მას შემდეგ,რაც ნაპოლეონთან ექიმი მივიდა,მას ამ სიტყვებით მიმართა:

“ჩემო ძვირფასო ექიმო,ჩემი სიკვდილი შორს აღარაა.გაკვეთეთ ჩემი გვამი,ოღონდ მოვითხოვ,არც ერთი ინგლისელი ექიმი თითითაც არ შემეხოს.მკერდიდან გული ამომაცალეთ,სპირტში ჩადეთ და ძვირფას მარია-ლუიზას გადაეცით.უთხარით,რომ ნაზად მიყვარდა და არასოდეს დავღლილვარ ამ სიყვარულით.უამბეთ,რაც გადავიტანე და როგორ ვიტანჯე,დაწვრილებით მოუყევით,როგორი სიკვდილი მერგო.გირჩევთ,ყურადღებით გამოიკვლიოთ ჩემი კუჭი და ზუსტი აღწერითა და თქვენი დასკვნით გადასცეთ ჩემს ვაჟს.შემდეგ ვენიდან რომში გაემგზავრეთ,დედაჩემი და ჩემი ოჯახი მოინახულეთ,უამბეთ,რა ყოფაში ვიყავი და რისი მოწმენიც თავად გახდით.ისიც უთხარით,რომ ნაპოლეონი,რომელსაც მსოფლიო კარლოსისა და პომპეუსის დარად,დიადს ეძახდა,ყველას და ყველაფერს მოკლებული,ბეჩავად მოკვდა საკუთარ თავსა და დიდებასთან მარტო დარჩენილი.გადაეცით ყველას,რომ მე,უკანასკნელი ამოსუნთქვისას,სამეფო ოჯახებს ჩემი ბოლო წუთების საშინელებასა და სირცხვილს ვუანდერძებ”.

1821 წლის 5 მაისის დილის რვა საათზე,მომაკვდავს მაჯა აუჩქარდა,ხოლო თერთმეტის ნახევარზე მაჯისცემა გაუჩერდა – იმპერატორი გარდაიცვალა.იგი დაკრძალულ იქნა წმინდა ელენეს კუნულზე ჰატსგეიტიდან მეოთხედი მილის დაშორებით.ვერცხლის ფირფიტა,წარწერით: ნაპოლეონი - დაიბადა აიაჩოში 1769 წლის 15 აგვისტოს,გარდაიცვალა 1821 წლის 5 მაისს წმინდა ელენეს კუნძუზე, – რომელიც ბონაპარტის საფლავზე უნდა გაეკეთებინათ,გუბერნატორის – ჰადსონ ლუოს ბრძანებით საფლავის ქვაზე არ მიამაგრებინეს.მან ინგლისის მთავრობის სახელით განაცხადა,რომ მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავრის საფლავზე მხოლოდ ორი სიტყვა უნდა დაეწერათ: “ნაპოლეონ ბონაპარტი”.

P.S. დიდებული გამონაქვამი – “დრონი მეფობენ და არა მეფენი”, – სრულად შეესაბამება ნაპოლეონის ცხოვრების უკანასკნელ ეტაპს… (ავტორი გენია.ჯი)

სასიკვდილო სარეცელზე მყოფი – ნაპოლეონ ბონაპარტი

წმინდა ელენეს კუნძულის ინგლისელი გუბერნატორი – სერ ჰადსონ ლოუ

ემანუელ ოგიუსტ დე ლას კაზი (ფრანგი კარტოგრაფი და ნაპოლეონის კონფიდენტი წმინდა ელენეს კუნძულზე)

გასპარ გურგო (საფრანგეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი და ნაპოლეონის ადიუტანტი)

ანრი გასიენ ბერტრანი (დივიზიის გენერალი და ნაპოლეონის ადიუტანტი)

შარლ-ტრისტან დე მონტოლონი (ნაპოლეონის ადიუტანტი) – (ზემოთ მოყვანილი ოთხი პიროვნება,სხვა დანარჩენ ოცდასამთან ერთად,სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ბონაპარტის გვერდით იყვნენ)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>