წმინდა ელენეს კუნძულის ჰიმნის შესახებ…
ატლანტის ოკეანეში მდებარე – წმინდა ელენეს კუნძულს,რომელიც თავის მხრივ დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაშია და რომელმაც სახელი გაითქვა იმით,რომ იქ იქნა გადასახლებული და გარდაცვლილი საფრანგეთის სახელოვანი იმპერატორი – ნაპოლეონ I ბონაპარტი,თავისი არაოფიციალური ეროვნული ჰიმნი გააჩნია.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ კუნძულის ჰიმნი შემქნილ იქნა იმ ადამიანის მიერ,რომელიც ერთხელაც კი არ ყოფილა ნამყოფი კუნძულზე.ჰიმნის ავტორი გახლავთ ეროვნებით ამერიკელი – დევიდ მიჩელი,რომელიც წმინდა ელენეს კუნძულებიდან 800 მილის მოშორებით მდებარე ვულკანური წარმომავლობის მქონე – ამაღლების კუნძულზე მუშაობდა რადიოწამყვანად.მიჩელს წმინდა ელენეს კუნძულის მცხოვრებლებისათვის ჰიმნის დაწერა მისმა იმ მეგობარმა სთხოვა,რომელმაც საკუთარი თვალით იხილა ნაპოლეონის უკანასკნელი ნავთსაყუდელი.მან,ჰიმნის მომავალ ავტორს,იმისათვის რომ წარმოდგენა შექმნოდა მისთვის უცნობი კუნძულის შესახებ,წმინდა ელენეს კუნძულის ფოტოგრაფიები და ისტორია გააცნო,რის შემდეგაც დევიდმა ერთ ღამეში დაწერა კიდეც ჰიმნი.თუმცა თავდაპირველად იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში იქნა ჩაწერილი და მხოლოდ ამის შემდეგ გადაგზავნეს წმინდა ელენეს კუნძულზე.აღნიშნული არაოფიციალური ჰიმნი კუნძულისა, 1975 წლიდან მოყოლებული ყოველ დილით გადის ადგილობრივი რადიოს ეთერში.გარდა ამისა,მას ასევე ასრულებენ მაშინ,როდესაც კუნძულის სანაპირო პორტს ტოვებს გაერთიანებული სამეფოს საფოსტო გემი.საინტერესოა ის გარემოებაც,რომ წმინდა ელენეს კუნძულის ჰიმნი ერთადერთი ჰიმნია მსოფლიოში,რომელიც ქანთრის სტილშია დაწერილი (ამერიკული ხალხური მუსიკის მიმდინარეობა) და იგი მხოლოდ ჩანაწერის სახით სრულდება. (ავტორი გენია.ჯი)