ძველბერძენი გენიოსების დიალოგი – “საკვების” შესახებ…
კლეოდოროსი: “გაშლილი სუფრა სხვა არა არის,თუ არა საკურთხეველი იმ ღმერთებისა,რომლებიც მეგობრობასა და სტუმართმოყვარეობას მფარველობენ? თალესი ხომ ამტკიცებს,დედამიწის გაქრობით მთელი სამყარო აირევაო; იგივე მოხდება სახლშიც: საჭმელ-სასმელი თუ არ იქნა,აღარც კერიის ცეცხლი იქნება,აღარც კერია,აღარც თასები და აღარც სტუმარმასპინძლობა,რაც ყველაზე ამაღლებული და კაცთმოყვარული ურთიერთობაა ადამიანთა შორის.სხვაგვარად რომ ვთქვათ,ეს მთელი ცხოვრებაა,თუკი ცხოვრებად ვაღიარებთ იმ ადამიანურ საქმეთა ერთობლიობას,რომლის დიდი ნაწილიც საკვების მოპოვებასა და მომზადებას ეთმობა.ჩაკვდება მიწათმოქმედება,ხოლო მიწას,მოუვლელსა და უნაყოფოს სარეველები მოერევიან და ნიაღვრები წალეკავენ.მასთან ერთად კი გაქრება ყოველნაირი ხელობა და ხელოსნობა,რამეთუ მათი საფუძველი იყო,არის და იქნება მიწა,რომლის გარეშე ისინი ვეღარც იარსებებენ.გადაგვარდება ღმერთებისადმი პატივის მიგების წესი. (ავტორი გენია.ჯი) შეუმცირდება მზეს პატივი,უფრო მეტად კი – მთვარეს,რადგანაც ადამიანები მათდამი თაყვანისცემას მხოლოდ სინათლის და სითბოს გამო თუ გამოხატავენ.განა სამსხვერპლოს აღუმართავენ,მსხვერპლს,შესწირავენ წვისმისმომყვან ზევსს,მინდვრისმხვნელ დემეტრეს,მარჩენალ პოსეიდონს? რაც არ დაგვჭირდება,რას გვიწყალობებს მადლისმომნიჭებელი დიონისე? ანდა თავად მას რას შევწირავთ,რას გადავუღვრით ზედაშედ? და ყოველივეს თან სდევს დიდი არეულობა და ქაოსი.უგუნურია,ვინც მთელი არსებით ეძლევა ყოველგვარ ნეტარებას,თუმც გრძნობათაგან დაცლილია ის,ვინც გაურბის ყოველივეს.დაე,განაგოს სულმა თავისი უმაღლესი და უმთავრესი სიამენი; სხეულისათვის კი არ არსებობს იმაზე უფრო კანონიერი სიამოვნება,ვიდრე ჭამა-სმა,რადგანაც ამას აღსრულებს ადამიანთა თვალწინ,გაშლილ სუფრასთან შინ თუ ნადიმზე მიწვეული და არა ისე,როგორც ეძლევა სასიყვარულო ვნებას მალულად,ღამის სიბნელეში.მათ,ვინც გაურბის ლხინს და ნადიმს,მრუშების მსგავსად მიიჩნევენ სინდის-ნამუსგარეცხილებად და ტყიურებად”.
მესტრიუს პლუტარქე: “ის ხომ გამოგრჩა კლეოდორსს,საკვების გარეშე რომ ჩვენ აღარც ძილი მოგვეცემა; ძილის გარეშე კი სიზმარსაც ვერ ვიხილავთ.ხოლო მათ გარეშე წინასწარმეტყველების უძველესი უნარი გაგვიქრება.ცალმხრივი შეიქნება მაშინ სიცოცხლე,რადგანაც სხეულს,რომელშიც სული ისადგურებს,დანიშნულება დაეკარგება.სხეულში ხომ ყველაზე მეტი და უმთავრესი ის ორგანოებია,რომლებიც კვებას ემსახურებიან: კბილები,ენა,კუჭი და ღვიძლი.უმოქმედონი როდი არიან,თუმცაღა მათი დანიშნულება მხოლოდ ეს არის.ასე გამოდის,თუ ჭამა-სმა არ არის აუცილებელი,მაშინ სხეულიც არ ყოფილა აუცილებელი და აღარც ჩვენ ვყოფილვართ აუცილებელნი,რადგანაც არ არსებობს ადამიანი სხეულის გარეშე.აი,ასე ვექომაგებით ჩვენ სტომაქს”.
სოლონი: “დიახაც! თორემ ვინმე იფიქრებს,თითქოს ეგვიპტელები ჩვენზე უფრო საღად აზროვნებენ: ისინი ხომ თავიანთ მიცვალებულებს კვეთენ,მზეზე აშრობენ,შიგნეულს აცლიან და ზღვაში აგდებენ.მხოლოდ ამის შემდეგ მიიჩნევენ,რომ გვამი განწმენდილია და ზრუნავენ კიდეც მასზე. და მართლაც,სწორედ შიგნეულია ჩვენი სხეულის სიბილწე,მისი ტარტაროსი,ზუსტად ისეთი,ჰადესში რომ არის საშინელი ნაკადებით,ცეცხლოვანი ქარებითა და გვამებით სავსე.ცოცხალი ცოხალს როდი შთანთაქვს; ჩვენ კი ვკლავთ ცხოველებსა და მცენარეებს,რომლებიც ჩვენსავით ცოცხლობენ,რამეთუ იზრდებიან და იკვებებიან,ამიტომ მათი მოსპობა სავსებით გაუმართლებელია.სხვად გარდასახვა დაღუპვის ტოლფასია,ხოლო თუ სხვისი საკვები გახდი,ეს საბოლოო დაღუპვაა.ხორცის ჭამაზე უარის თქმა,რასაც,როგორც ამბობენ,გვიქადაგებდა ძველი ორფევსი,საკვებით გამოწვეულ უბედურებათაგან თავის დაძვრენის სურვილია და არა ხსნა.ჭეშმარიტი ხსნისა და განწმენდის მხოლოდ ერთი გზა არსებობს – მიაღწიო თვითკმარობას იმით,რომ განირიდო ჭამის მოთხოვნილება.ვისთვისაც ღმერთს არ მიუცია სხვისი მოსპობის გარეშე თავის რჩენის უნარი,მისთვის ბუნებაში ჩაუდია უსამართლობის დასაბამი.ასე რომ,საკუთარი არსებიდან უსამართლობის ამოძირკვას თუ დავაპირებთ,ხომ არ აჯობებდა,უპირველეს ყოვლისა,მოგვეცილებინა კუჭიც,ღვიძლიცა და შიგნეულიც.მათგან ჩვენ ხომ მშვენიერების არც გრძნობა გვეძლევა და არც განცდა.ისინი გვაიძულებენ მხოლოდ სამზარეულო დანებთან,ქვაბებთან,დოლაბებთან,ვარცლებთან,ბუხრებსა თუ ჭებთან ვიფუსფუსოთ.იოლია იმის დანახვა,რომ მიწიერთაგან მრავალს თავისი სული ჩაუმწყვდევია სხეულში,როგორც წისქვილში და მას მხოლოდ სათქვლეფის საძიებლად აბზრიალებს.განა ზუსტად ასე არ ვიყავით ჩვენ სულ ახლახან? ვეღარც ვერავის ვხედავდით და ერთმანეთისაც არ გვესმოდა.ჭამის სურვილს ყოველი ჩვენგანი მონასავით ჰყავდა წელში მოხრილი.მაგრამ ახლა მაგიდები განზე გადგეს და ჩვენც გავთავისუფლდით.თავადაც ხომ გრძნობთ,გვირგვინებით დამშვენებულნი მშვიდად ვსაუბრობთ,არსად მიგვეჩქარება და ჭეშმარიტად ვხარობთ ერთმანეთით.აბა,მითხარით,ჩვენი ახლანდელი მდგომარეობა მთელი სიცოცხლე რომ გრძელდებოდეს,ერთმანეთის სიახლოვით განა უფრო ბედნიერნი არ ვიქნებოდით,რადგან აღარც სიღარიბეზე ვიდარდებდით და აღარც სიმდიდრის მოპოვებაზე ვიზრუნებდით? ხომ ნათელია: როდესაც გაქვს ის,რაც აუცილებელია,გიჩნდება უფრო მეტის მოხვეჭის სურვილი.კლეოდოროსს კი მიაჩნია,რომ საკვები საჭიროა,რათა გვქონდეს გაშლილი სუფრა,სავსე თასები და მსხვერპლს ვწირავდეთ დემეტრესა და კორეს; სხვას შეუძლია თქვას ისიც,რომ საჭიროა ომები და ჯარიანობა,რათა ვაშენოთ გალავნები,გემთსაშენები და თოფხანები.სამადლობელი მსხვერპლთშეწირვა რომ აღვასრულოთ ყოველი ასი მოკლული მტრისთვის,როგორც სჩვევიათ მესენიელებს,ვიღაცას ალბათ გული დასწყდება იმის გამო,რომ ჯანმრთელნი ვართ,იტყვის: “იმიტომ,რომ სნეული არავინ არის,არც საწოლია საჭირო და არც საგებელი,არც ასკლეპიოსს შევწირავთ მსხვრპლს და არც სხვა მფარვლ ღმერთებს,ხოლო სამკურნალო ხელოვნება მთელი თავისი წამლებითა და მალამოებით უნდა დავივიწყოთ და დავასამაროთ”.თუმცა,რა სხვაობაა მათ შორის? საკვებს ხომ შიმშილის წამლად ვიღებთ და ყოველი,ვინც იკვებება იმას კი არ იტყვის,რომ სიამოვნებისათვის ჭამს,არამედ იმას,რომ ჭამის სურვილი მას ბუნებით მოსდგამს.ისე კი,უნდა ითქვას,რომ საკვებს უფრო მეტი უსიამოვნება სდევს თან,ვიდრე სიამოვნება,რადგანაც მისით მიღებულ სიამოვნებას სხეულში ადგილიც მცირე ეთმობა და დროც,მაშინ როდესაც საჭმელ-სასმელის მოსაპოვებლად შრომა და გარჯა ესოდენ გვტანჯავს და შეურაცგვხყოფს! ალბათ,ეს ჰქონდა მხედველობაში ჰომეროსს,როდესაც წერდა,ღმერთები სწორედ იმიტომ არიან უკვდავნი,რომ არ ჭამენო.
ასე გამოდის,რომ საკვები ჩვენ არა მხოლოდ გვაცოცხლებს,არამედ გვასიკვდილებს კიდეც.მისით სნეულებანიც კი იკვებებიან ჩვენ სხეულში,რომელსაც ერთნაირად ტანჯავს შიმშილიცა და მაძღრობაც.ხშირად ჩვენთვის არც ისე რთულია საკვების მოპოვება,როგორც სხეულისათვის მისი ათვისება და მონელება.როგორც დანაიდები ვერ გვიპასუხებენ,როგორ იცხოვრებდნენ ან რას გააკეთებდნენ ცარიელი ქვევრი წყლით რომ არ ჰქონდეთ ამოსავსები,ასევე ჩვენც ვერ ვიტყვით,რას გავაკეთებდით,საჭირო რომ არ იყოს მიწისა და ზღვის ურიცხვი ძღვენით ჩვენი გაუმაძღარი სხეულის ამოყორვა.იმიტომ შევიყვარეთ ხორციელი ცხოვრება,რომ ჯერ კიდევ ვერ შევიცანით ჭეშმარიტი მშვენიერება.როგორც მონები,მოიპოვებენ რა თავისუფლებას,საკუთარ თავს ემსახურებიან ზუსტად ისე,როგორც უწინ ემსახურებოდნენ მეპატრონეებს,ასევეა ჩვენი სულიც,მრავალი შრომისა და ჯაფის ფასად რომ ასაზრდოებს ახლა სხეულს,მისგან გათავისუფლებული დაიწყებს საკუთარი თავისთვის ზრუნვას და იარსებებს მხოლოდ თავისთვის,მიუყურადებს მხოლოდ თავის თავს და შეიცნობს ჭეშმარიტებას”. (ავტორი გენია.ჯი)