პუბლიუს ლიცინიუს ეგნაციუს გალინეუსის ორიგინალური გადაწყვეტილება…

რომის იმპერატორს – პუბლიუს ლიცინიუს ეგნაციუს გალინეუსს (დაახლოებით 218-268 წლები),მისმა მეუღლემ კორნელია სალონიამ შეატყობინა,რომ ერთ-ერთმა რომაელმა ვაჭარმა ძვირფასეულობა მიჰყიდა,თუმცა როგორც შემდგომ გაარკვია,მისგან ნაყიდი სამკაულები ყალბი აღმოჩნდა.გარდა ამისა,სალონიამ მეუღლეს ფალსიფიკატორი ვაჭრის სახელიც დაუსახელა.განრისხებულმა იმპერატორმა ყალბისმქმნელის დაუყონებლივ დაკავება ბრძანა.აღნიშნული ამბავი რომში უმალ გავრცელდა და დიდი მითქმა-მოთქმის საგნადაც იქცა.როგორც ცნობილია,იმ პერიოდში ასეთი დანაშაულებებისათვის ადამიანები კოლიზეუმში სხვადასხვა მტაცებელი ცხოველების პირისპირ გაჰყავდათ საბრძოლველად,რაც მათ უეჭველ დაღუპვას მოასწავებდა.რომაულმა სასამართლომ ფალსიფიკატორსაც ანალოგიური მეთოდით სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.სანამ დამნაშავე კოლიზეუმში წარსდგებოდა,მანამ გალინეუსმა ტუსაღს თავისი ნდობით აღჭურვილი პირი მიუგზავნა და აუწყა,რომ მეორე დღეს კოლიზეუმში დამშეული ლომის წინაშე უნდა გამოსულიყო.გათენდა მეორე დღე… შიშისაგან ატანილი ცოცხალ-მკვდარი ტუსაღი კოლიზეუმის გზას გაუყენეს.მას შემდეგ,რაც იგი შიშველი ხელებით არენაზე შეუშვეს,დამსწრე საზოგადოება დუმილმა მოიცვა.მათ აინტერესებდათ,თუ რომელ მტაცებელ ცხოველს დააგლეჯინებდა განრისხებული იმპერატორი დედოფლის შეცდომაში შემყვანს.რამდენიმე წუთიანი დაძაბულობის შემდგომ გაიღო არენის ის კარი,საიდანაც ტუსაღი გააფთრებულ ლომს ელოდებოდა,მაგრამ მოხდა საოცრება,რადგან იმავე კარიდან მტაცებელი ნადირის ნაცვლად,ერთი გასაცოდავი ქათამი გამოგოგმანდა.ამ ფაქტმა კოლიზეუმში თავმოყრილ ხალხში უდიდესი მხიარულება და ოვაცია გამოიწვია.იცინოდა არა მარტო ხალხი,არამედ თავად იმპერატორიცა და დედოფალიც… როდესაც საყოველთაო სიცილ-ხარხარი შეწყდა,გალინეუსი ფეხზე წამოდგა და საჯაროდ ხმამაღლა განაცხადა:

“- მან მოგვატყუა და ჩვენც მოვატყუეთ!” – რის შემდეგაც ყალბისმქმნელის განთავისუფლება და სახლში გაშვება ბრძანა… (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>