ალბერტ აინშტაინი – “ეპიზოდი”

ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალურმა ამერიკელმა ფიზიკოს-თეორიტიკოსმა,თანამედროვე თეორიული ფიზიკის ფუძემდებელმა და “ფარდობითობის თეორიის” ავტორმა – ალბერტ აინშტაინმა (1879-1955 წლები),თავისი პირველი მეუღლე (წარმომავლობით სერბი) – მილევა მარიჩი (1875-1948 წლები),შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ტექნიკურ ინსტიტუტში სწავლისას გაიცნო.ამ პერიოდისათვის ალბერტი 17 წლის ასაკის გახლდათ,ხოლო კათოლიკურ ოჯახში აღზრდილი მილევა კი 21 წლის ასაკში იმყოფებოდა.აინშტაინის თანამშრომელი და პირადი ბიოგრაფი აბრაჰამ პაისი ირწმუნებოდა,რომ ალბერტის მშობლები მათი დაქორწინების კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ.ალბერტის მამამ – ჰერმან აინშტაინმა თავის ვაჟს მხოლოდ სასიკვდილო სარეცელზე მყოფმა დართო უფლება ექორწინა მარიჩზე.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მიუხედავად ამისა,გენიალური ფიზიკოსის დედამ – პაულინამ ალბერტის რჩეული მაინც არ მიიღო.”ყველა ეწინააღმდეგებოდა ამ ქორწინებას”, – ციტირებდა პაისი ალბერტის სიტყვებს.თუმცა 1903 წლის 6 მაისს შეყვარებულმა წყვილმა მაინც იქორწინა. 1904 წლის 14 მაისს მათ თანაცხოვრებაში შეეძინათ ვაჟი – ჰანს ალბერტი,ხოლო 1910 წელს მეორე ვაჟი – ედუარდი,რომელიც იმთავითვე გონებასუსტი იყო (მან სიცოცხლე 1965 წელს ციურიხის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დაასრულა).ედუარდის დაბადებიდან სულ რაღაც 4 წელიწადში აინშტაინების წყვილის ურთიერთობა ერთობ დაიძაბა და მალევე ისინი გაიყარნენ.თუმცა,ალბერტსა და მარიჩს შორის გაყრას თან რიგი იურიდიული პროცესებიც ახლდა.ალბერტის მიერ მილევასადმი მიწერილ ერთ-ერთ წერილში იგი აღნიშნავდა,რომ ეჭვი არ ეპარებოდა “ნობელის პრემიის” მიღებაში და ჰპირდებოდა,რომ როგორც კი აღნიშნული პრემიის მიღებისათვის დაწესებულ თანხას გადასცემდნენ,თავად ერთ ცენტსაც კი არ დაიტოვებდა და მთელ ფულს მას მისცემდა.მაგრამ,ამ პირობის შესრულებისათვის მოითხოვდა მისგან ოფიციალურად მიეღო განქორწინება.საყურადღებოა ისიც,რომ “ნობელის პრემიით” აინშტაინის დაჯილდოვებაში ეჭვი არც მარიჩს არ ეპარებოდა. 1922 წელს აინშტაინს მართლაც გადაეცა “ნობელის პრემია”,თუმცა არა იმ ფორმულირებისათვის (ფარდობითობის თეორია),რაშიც ყველაზე მეტად ელოდა,არამედ “ფოტოეფექტის კანონების ახსნისათვის”.ალბერტმა თავის პირველ მეუღლეს დანაპირები შეუსრულა და აღნიშნული პრემიის მინიჭებისათვის დაწესებული (იმ პერიოდისათვის უზარმაზარი თანხა) – 32 000 ამერიკული დოლარი სრულად გადასცა და განქორწინებაც მიიღო.მიუხედავად იმისა,რომ ალბერტი და მილევა ერთმანეთს დაშორდნენ,აინშტაინს ერთი წუთითაც კი არ შეუწყვეტია ყურადღების მიქცევა თავისი ავადმყოფი ვაჟისთვის – ედუარდისათვის.თავად მილევა კი ალბერტთან განშორებას ძალიან განიცდიდა და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ღრმა დეპრესიითაც იტანჯებოდა.ასე რომ,აინშტაინს ნობელის პრემიის” მინიჭებისათვის დაწესებული თანხიდან საკუთარი თავისთვის არც ერთი ცენტი არ მოუხმარია.

P.S. ალბერტ აინშტაინმა მარიჩზე განქორწინების შემდგომ,თავის ბავშვობის მეგობარზე – ელზა ლოვენტალზე იქორწინა,რომელიც თავის მხრივ მასზე სამი წლით უფროსი იყო და პირველი ქირწინებიდან ორი ქალიშვილიც ჰყავდა. (ავტორი გენია.ჯი)

ალბერტ აინშტაინი და ელზა ლოვენტალი

ჰერმან აინშტაინი (ალბერტის მამა)

პაულინა კოხი (ალბერტის დედა)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>