იმრე კერტესმა “ნობელის პრემიით” დაჯილდოებისას განაცხადა…
ებრაული წარმომავლობის მქონე დიდ უნგრელ მწერალს – იმრე კერტესს არა მარტო ჰოლოკოსტის მძვინვარების პერიოდში მოუწია ოსვენციმისა და ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკებში ტყვეობა,არამედ უნგრეთში გამეფებული ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმის პირობებშიც მოუწია ურთულესი ცხოვრების გავლა.მან 1975 წელს გამოაქვეყნა რომანი,სახელწოდებით – “უიღბლო”,სადაც აღწერილი იყო იმ პატარა ებრაელი ბიჭუნას ისტორია,რომელსაც ფაშისტების მიერ შექმნილ “სიკვდილის ბანაკებში”,ჯერ ოსვენციმში,ხოლო შემდეგ ბუხენვალდში მოუხდა უმძიმესი წლების გატარება (რომანი შეიცავს თავად მწერლის ავტობიოგრაფიის დიდ ნაწილს).იმრეს ნაწარმოები გამოქვეყნებისთანავე იქცა ბესტსელერად.აღნიშნული ლიტერატურული ქმნილება ყურადღების მიღმა არ დარჩენია არც “ნობელის პრემიის” კომიტეტს,რომელმაც 2002 წელს მიანიჭა კიდეც იმრე კერტესს ეს უდიდესი ჯილდო ლიტერატურის დარგში.მას შემდეგ,რაც კერტესი ნობელის პრემიის დაჯილდოვების ცერემონიალზე წარსდგა,დამსწრე საზოგადოებას ერთგვარი დანანებით მიმართა:
“გულახდილად რომ შევაფასო,უნდა ვთქვა: დასავლეთში,თავისუფალ საზოგადოებაში რომ მეცხოვრა,არა მგონია,სწორედ ეს წიგნი დამეწერა,რომელიც დღეს ცნობილია როგორც რომანი “უიღბლო” და რომელიც შვედეთის აკადემიამ უმაღლესი ჯილდოს ღირსად სცნო.
არა,ალბათ,შევეცდებოდი სხვანაირად მეწერა.რა თქმა უნდა,ისევ სიმართლეს დავწერდი,მაგრამ რომელიღაც სხვანაირ სიმართლეს.წიგნისა და იდეების თავისუფალ ბაზარზე,ალბათ,მეც გამიჩნდებოდა თავსატეხი – მეპოვა უფრო მკაფიო,მიმზიდველი ფორმა რომანისა: მაგალითად,შემეძლო დამერღვია დროთა კავშირი რომანში,რათა ყველაზე უფრო შთამბეჭდავი ეპიზოდები გადმომეცა.მაგრამ ჩემს თხრობაში საკონცენტრაციო ბანაკში ჩაგდებული გმირი საკუთარი დროით როდი ცხოვრობს,მას წართმეული აქვს ყველაფერი – დროც,ენაც,პიროვნებაც.მას არაფერი აგონდება,იგი მხოლოდ არსებობს.ამიტომ ჩემს უბედურ გმირს ისღა დარჩენია,გაითოშოს თხრობის თანმიმდევრობის უსაშველო ერთფეროვნებაში,მას არ შეუძლია გვერდი აუაროს თავის მტანჯველ წვრილმანებს.ღირსახსოვარი,ტრაგიკული დიადი წუთების ნაცვლად მან განიცადა ყველაფერი,რაც არანაკლებ მტანჯველი და ერთფეროვანია,ვიდრე თვით ცხოვრება.
მე ჰოლოკოსტში აღმოვაჩინე ადამიანური სიტუაცია,დიდი მოგზაურობის ბოლო წერტილი,რომელსაც მიაღწია ევროპელმა კაცმა თავისი ორი ათას წელზე მეტი ხნის მორალურ-ეთიკური კულტურით.ძველი წინასწარმეტყველება გვეუბნება,რომ ღმერთი მოკვდა.ოსვენციმის შენდეგ,უეჭველია,მარტონი დავრჩით.
თუ ჰოლოკოსტს დღეს კულტურის შექმნის უნარი შესწევს და ქმნის კიდეც,მიზანი მხოლოდ ერთია: გამოუსწორებელი რეალობიდან სულის ძალისხმევით იშვას ერთადერთი შესაძლებელი მონანიება – კათარსისი.
ასე რომ,მე ერთხელ უკვე მოვკვდი – მოვკვდი იმისათვის,რომ მეცოცხლა”. (ავტორი გენია.ჯი)