ტაიტუ ბეტულის შესახებ…
ტაიტუ ბეტული (1851-1918 წლები) – წარმოადგენდა ეთიოპიის იმპერატორის მენელიკ II-ეს მეუღლესა და ქვეყნის იმ გმირ დედოფალს,რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა თავისი ერის გადარჩენის საქმეში.არისტოკრატული ოჯახიდან გამოსული ტაიტუ სანამ მენელიკის მეუღლე გახდებოდა,ოთხჯერ იყო დაქორწინებული.განსხვავებით სხვა ეთიოპელი დედოფლებისაგან,იგი ერთობ აქტიურად იყო ჩართული იმპერიის პოლიტიკურ საკითხებში და უმნიშვნელოვანეს როლსაც თამაშობდა ქვეყნისათვის საჭირ-ბოროტო ამა თუ იმ საკითხების გადაწყვეტაში.მისი უმთავრესი სურვილი გახლდათ ეთიოპია ევროპული სახელმწიფოების მსგავსად პროგრესისა და განვითარების გზით წასულიყო.იტალია-ეთიოპიის პირველი ომის წინა პერიოდში,მან უმკაცრესი პოზიცია დაიკავა ევროპელი კოლონიზატორების წინააღმდეგ.მას შემდეგ,რაც ერთ-ერთი იტალიელი გრაფი ომით დაემუქრა,დედოფალმა ამაყად და სრული თავდაჯერებულობით განუცხადა: “სულ ტყუილად კარგავთ დროს მუქარით.დაიწყეთ ომი ჩვენს წინააღმდეგ.ჩვენ სულმოუთქმელად გელოდებით!” აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ტაიტუს ძმა ერთობ შეშინებული ჩანდა იტალიელ კოლონიზატორებთან ომის დაწყებით და როდესაც ეს ეთიოპიის დედოფალმა შენიშნა,მას ირონიულად მიმართა: “შენ მაშინ ატარე კაბა,როდესაც მე შარვალს ჩავიცვამ!”
თვითმხილველთა გადმოცემის თანახმად, 1896 წლის 1 მარტს ადუას გადამწყვეტი ბრძოლის მიმდინარეობისას თავად ტაიტუ ხელმძღვანელობდა ეთიოპიის არტილერიის ძალებს და თავისი განუმეორებელი სიმამაცით საოცარ ძალას სძენდა თავის ჯარისკაცებს.მანვე გასცა ბრძანება,რომ 10-12 000-ს ეთიოპელ ქალს თავიანთი გადაღლილი ჯარისკაცებისათვის წყალი მიეწოდებინათ.სამშობლოსათვის თავდადებულმა ეთიოპელებმა იტალიელთა არმია სასტიკად დაამარცხეს.იტალიელებმა ბრძოლაში 11 000 ჯარისკაცი დაკარგეს (მათ შორის 2 გენერალი), 4 000 კი ტყვედ ჩაბარდა ეთიოპელებს,რომლებმაც თავის მხრივ ალაფის სახით ხელში ჩაიგდეს მოწინააღმდეგის არტილერიის საკმაოდ დიდი ნაწილი.თავად ეთიოპელებს ბრძოლაში 5 000 მეომარი დაეღუპათ.სწორედ ამ ბრძოლის შემდეგ აღიარა იტალიამ ეთიოპია სუვერენულ სახელმწიფოდ.
ტაიტუს არა მარტო იმ პერიოდში მოიხსენიებდნენ,როგორც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო დედოფალი ეთიოპიის ისტორიაში,არამედ დღემდე უდიდეს პატივს მიაგებენ მის ხსოვნას და აღიარებულია კიდეც ქვეყნის – “ეროვნულ გმირად”.ტაიტუ ბეტული,მეუღლესთან – მენელიკ I-თან ერთად ის პირველი აფრიკელი ხელისუფალი იყო,რომელმაც თავიანთი უდიდესი გამარჯვებით იტალიელებზე,სათავე დაუდო სხვა აფრიკულ ქვეყნებში წინააღმდეგობის მოძრაობებს და მათში კოლონიალური ერის დასრულებას. (ავტორი გენია.ჯი)
ტაიტუ ბეტული და მენელიკ I