სოფრომ მგალობლიშვილი – “აქვსენტი ცაგარელის სიცოცხლის უკანასკნელი წუთები”

დიდი ქართველი დრამატურგის,რეჟისორის,მსახიობისა და კრიტიკული რეალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლის - აქვსენტი ცაგარელის (1857-1902 წლები) შესანიშნავი პიესები – “რაც გინახავს ვეღარ ნახავ”,”ხანუმა” და სხვა,დღემდე უდიდესი სიყვარულით სარგებლობს ქართულ საზოგადოებაში.მისი სიცოცხლის უკანასკნელი წუთების შესახებ,ცნობილი ქართველი ხალხოსანი მწერალი და ცაგარელის მეგობარი – სოფრომ მგალობლიშვილი წერდა:

“…ბოლოს,ლოთობამ რომ დასძლია,ჩამოხმა; სმის დროს ერთს ლუკმა პურს არ შესჭამდა.ამხანაგები ძაან დააფიქრა მისმა მდგომარეობამ.ჩააბეს საქმეში,იქნება გაერთოს და სმას თავი დაანებოსო.გიორგი ლასხიშვილმა “ცნობის ფურცელში” მისცა სამუშაო.ამ დროს ის ცოტა შესდგა,სმას უკლო,მაგრამ თუ მოახელებდა,ჩუმად გადაჰკრამდა ხოლმე. 1902 წელს,მარიამობისთვის 12-ს შემატყობინეს,რომ ნატო შინ არ არის,ასიკო (ასე მოიხსენიებდნენ აქვსენტის მეგობრები) ავად არის და მიჰხედეო.მაშინ ის ავჭალის ქუჩის დასაწყისში იდგა.მე ძალიან ახლოს ვიდექი.მაშინვე გავქანდი.ასიკოს დამართნოდა საშინელი ხურვება.ბოდავდა.ვიღაცას ელაპარაკებოდა.იამა ჩემი ნახვა.მაშინვე მოვიწვიეთ ექიმი ექვთიმე ვაშაკიძე,უიმედობა მითხრა,ნატო პროვინციაში იყო წასული.დეპეშა დავკარით გორსა და სურამში,რომ ჩამოსულიყო.მე ასიკო გულზედ მივისვენე; ჭირის ოფლი ღვარად სდიოდა,ოხუნჯობას მაინც არ იშლიდა… ამოხვნეშით სთქვა: “ოჰ,ხანუმავ,სადა ხარ?!” (ასე უწოდებდა თავის მეუღლეს ნატოს).მე ვანუგეშებდი,დილიდან მოკიდებული ორ საათამდე აქეთ-იქით აწყდებოდა.შუადღის სამი საათი იქნებოდა,როცა ჩემს მკლავზე განუტევა ასიკომ სული.საღამოს ნატოც მოვიდა”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>