ლაშა გვასალია – “ამ ხიდზე…”

ამ ხიდზე ვერვინ გაივლის,

ბეწვზე ძნელია გავლა,

ადრე ისეთნი ვიდოდნენ,

ზეცის რომ ჰქონდათ კრძალვა…

* * *

იშველიებდნენ ფრთების და

ღრუბელ-უძირო ძალებს,

ნისლში ახვევდნენ ოცნებად

მზედატანებულ თვალებს…

* * *

ახლა მიწობენ პოეტნიც,

ყოფა-ტკივილთა ტყვენი,

და შემოაცვდათ თვალსწრაფად

უმზეკაბანო დღენი…

* * *

ამ ხიდზე ვერ გადადიან,

ბეწვზე ძნელია გავლა,

ადრე ისინი ვიდოდნენ,

ცა-მზის რომ ჰქონდათ კრძალვა!..

კომენტარის დატოვება