რეზო ამაშუკელი – “თუ პირში სათქმელს…”

- ა,ესეც შენი პანტიანი,

ნისლი ორბეთის,

დაბლა,ხევებში,

შემოდგომის გიზგიზი მოჩანს…

და როგორც ჩვენი

არაერთი წინამორბედი,

შემოვუსხედით

ხინკლით სავსე ვეება ხონჩას!

დგას ოხშივარი,

მოგონილი ისმის ჟარგონი,

ვიღაც ხვადაგი,გალეშილი,

იმნარს როშავს,

მინდა წამოვდგე ამ ხნის კაცი,

ამის გამგონე,

და ალიყული ვუთავაზო

ვირივით ოჩანს!

- რისი ოცნება,

ყველაფერი გათავდა,მორჩა,

რის საქართველო,

რის სამშობლო,

რისი მამული?!

ირგვლივ იმდენი იდიოტი

ხორხოცებს როცა

და მუცლებს ასდით ცხელი ორთქლი,

ლოყებს ალმური!

მეზობელ სუფრას

გოგონები უსხედან ჭარბად,

სვამენ არაყს და

არც რაიმე აქვთ დაფარული,

დაშხოშიანად აყოლებენ

ნაფაზზე ნაფაზს,

- რის საქართველო,

რა ოჯახი,

რისი მამული?!

აქ ერთი-ორი შავი “ვოლგაც”

მოვლანდე კართან

და დახლიდარის ფაცი-ფუციც

ვნახე მარულით…

ცალკე ოთახში

“ენისელით” იხსნიან მადას,

- რის საქასრთველო,

რა სამშობლო,

რისი მამული?!

არის ღადღადი,

ხინკლის ყლაპვა,

სასმელის წრუპვა

და წამღერება უცხო ჰანგის

თვალის წალულვით,

რამოდენიმე სუფრა უკვე

მიბარდა უფალს,

- რის საქართველოს,რა სამშობლო,

რისი მამული?!

კაცმა რომ მკითხოს

ახლა ამათ რითი ვჯობივარ?

რის მაქნისია

ახლა ცრემლი მალული?!

მეც მშვენიერად შევეგუე

დუქნის ოხშივარს,

- რის საქართველო,

- რა სამშობლო,

რისი მამული?!

ერთი პოეტი მეგულება

ჩვენი ამქარის,

საქართველოზე იმნაირი

იცის ქაქანი,

თითქოს ხმლით ხელში,

ტანზე ჯაჭვით,

თავზე ჩაჩქანით,

გადაერეკოს საზღვარს იქით

თურქთა ლაშქარი!..

თუ არ ტკივილი,

მხატვარს ფერი,პოეტს მოლბერტი,

თუ არ განჭვრიტა ხვალინდელ დღის.

აწმყოს მოვლისა,

რად ვხატო მაშინ

შემოდგომის ნისლში ორბეთი,

თუ პირში სათქმელს

არ მოგახლი პირველ ყოვლისა?!

* * *

ფანჯრიდან ვხედავ:

- მეზობლის ბაღში,

წუხანდელ თოვლზე

დაგოგავს შაშვი!

და ვდარდობ,როგორც

დარდობდა ბევრი -

რა მეშველება ნეტავი მაშინ?!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>