დავით აღმაშენებლის მიერ ჩამოყალიბებული – “სავაზირო” (უმაღლესი სახელმწიფო მთავრობა)
მას შემდეგ,რაც დავით IV აღმაშენებლის (1073-1125 წლები) ხელში,უზენაეს საერო ხელისუფლებასთან ერთად,მტკიცედ მოექცა უზენაესი სასულიერო საჭეთმპყრობელობაც,გენიალურმა ქართველმა მეფემ საბოლოოდ ჩამოაყალიბა უმაღლესი სახელმწიფო მთავრობა,რომელსაც – “სავაზირო” ეწოდებოდა, და რომელიც სრულიად ემორჩილებოდა მეფეს.
“სავაზირო” შედგებოდა შვიდი ვაზირისაგან,რომლებსაც რანგის მიხევით აქვე შემოგთავაზებთ:
“მწიგნობართუხუცესი” – დავითმა,სასულიერო (ჭყონდიდელობა) და საერო ორი თანამდებობა გააერთიანა,რის შემდეგაც მწიგნობართუხუცესი მეფის შემდეგ მეორე კაცი გახლდათ ქართულ სახელმწიფოში.იგი წარმოადგენდა პირველ ვაზირს,ანუ “მთავრობის თავმჯდომარეს” და შესაბამისად,მეფის ყველაზე ახლობელი ადამიანი იყო.ქვეყანაში მის გარეშე არცერთი სერიოზული საქმე არ წყდებოდა.გარდა ამისა,იგი გახლდათ უზენაესი მოსამართლე,უმაღლესი “მართლმსაჯული”.იგივე,ვითარცა ჭყონდიდელი,განაგებდა რელიგიურ საქმეებსაც.მასვე ეკითხებოდა ყოველი თხოვნის,საჩივრისა და საძიებლის გამოძიება – განჩინების საქმენი.საჩივართა და სათხოვართა გასარჩევად მწიგნობართუხუცესს-ჭყონდიდელს დაწესებული ჰქონდა ყოველი ორშაბათი დღე. (ავტორი გენია.ჯი)
“მანდატურთუხუცესი” – წარმოადგენდა თანამედროვე შინაგან საქმეთა მინისტრს (ვაზირს),რომელსაც ემორჩილებოდა მთელი საპოლიციო სამსახური და დავით მეფისაგან შემოღებული მსტოვართა (მზვერავთა) მრავალრიცხოვანი მტკიცე ორგანიზაცია;
“ამირსპასალარი” – სამხედრო საქმეთა ვაზირი და სარდალი,”სპასალართუხუცესი” და “თავადი ლაშქართა” (თანამდეროვე თავდაცვის მინისტრი);
“მეჭურჭლეთუხუცესი” – ფინანსთა განმგე-ვაზირი (თანამედროვე ფინანსთა მინისტრი);
“მსახურთუხუცესი” – სამეფო სასახლის კარის შინა მსახურთა და განწესრიგებათა ვაზირი;
“ამირახორი” – წარმოადგენდა იგივე მეჯინიბეთუხუცესს,ამირსპასალარის პირველ თანაშემწესა და უმცროს ვაზირს,რომელსაც თავის მხრივ სათათბირო ხმა გააჩნდა;
“ჩუხჩარხი” – მეფის პირადი სპასპეტი და მეაბჯრეთუხუცესი,მეფის “მონა-სპის” (“გვარდიის”) უფროსი,უმცროსი ვაზირი,”ამირახორის” მსგავსად სათათბირო ხმით.
მეფის კურთხევის დროს სავაზირო შემდეგი ჯვარსახოვანი განრიგებით ეწყობოდა:
საზეიმო პროცესიას წინ მიუძღოდა მანდატურთუხუცესი,ხელში სამანდატურო ოქროს არგნით.
შემდგომ მოდიოდა თავად მეფე,რომლის მარჯვნივაც ამირსპასალარს ორივე წინ გაშვერილ ხელზე შიშველი სამეფო ხმალი ეტვირთა.მას კი თავის მხრივ მოჰყვებოდა თანაშემწე ამირახორი.
მარცხენა მხრიდან მეფეს მიაცილებდნენ მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი და მეჭურჭლეთუხუცესი.მეფის უკან მოდიოდა “ჩუხჩარხი”,რომელიც დატვირთული გახლდათ სამეფო ფარით,ლახტითა და ქარქაშით. (ავტორი გენია.ჯი)