ალავერდი-ხანი (უნდილაძის) შესახებ…
ალავერდი-ხანი (უნდილაძე) – წარმოადგენდა XV-XVI საუკუნეებში მოღვაწე ერთ-ერთ უდიდეს (გამაჰმადიანებულ ტომით ქართველ) ირანელ პოლიტიკურ მოღვაწესა და საქართველოს დაუძინებელი მტრის, ირანის შაჰის აბას I-ის რეფორმების სულისჩამდგმელსა და განმახორციელებელს. როგორც ცნობილია, უნდილაძე ჯერ კიდევ ბავშვობაში წაიყვანეს ტყვედ ირანში, რის შემდეგაც იგი საბოლოოდ იქვე დამკვიდრდა და იმდენად დიდი გავლენაც კი მოიპოვა, რომ რიგმა ევროპელმა მოგზაურებმა და დიპლომატებმა – „ირანის ვიცე-მეფე”-ც კი უწოდეს. ალავერდი-ხანი შაჰის პირველი მრჩეველი, პირველი ვაზირი, მთავარი სპასალარი, „კლასიკური ირანის” – ფარსის ბეგლარბეგი და „ყულის” ჯარის უფროსი (ყულარაღასი) გახლდათ. მან, როგორც დიდმა სარდალმა სახელი ოსმალეთთან ომში (1603-1612 წლები) გაითქვა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შაჰ-აბასმა სახელმწიფოს რეფორმატორული საქმიანობის სათავეში თავისი უახლოესი კაცი, ტომით ქართველი ალავერდი-ხანი უნდილაძე დანიშნა, ხოლო თანაშემწეებად კი ინგლისელი ძმები – ანტონ და რობერტ შერლები დაუნიშნა. მის სახელთან ასოცირდება 30 000-იანი მკაცრად გაწვრთნილი არმიის შექმნა, 10 000 თოფითა და 5 000 ზარბაზნის თანხლებით. გარდა ამისა, ცალკე შექმნა „ღულამთა” ანუ „ყულის ჯარი” – 10 000 რჩეული მხედრით. ეს კი გახლდათ ძველი აქემენიდების დროინდელი „უკვდავთა” ჯარის მსგავსი გვარდია, რომელსაც სათავეში ალავერდი-ხანი უნდილაძე უდგა. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ იმ პერიოდიდან მთელი 125 წლის მანძილზე სპარსეთის რჩეული ჯარების მთავარსარდალი, „როგორც წესი”, ყოვლეთვის ტომით ქართველი კაცი იყო. (ავტორი გენია.ჯი)
უნდილაძეს და შემდგომ მის შთამომავლობას ეკუთვნოდა უამრავი ქარვასლა, ფუნდუკი და ბაზარი. მას ხელთ ეპყრა საქარავნო გზები ირანისა და ისფაჰანისა. მხოლოდ ფარსის საბეგლარბეგოდან ასი ათასი ეკიუ შემოსდიოდა უნდილაძეებს. როგორც თავად ალავერდი-ხანი, ისევე მისი შთამომავლები ირანში აგებდნენ გზებს, ხიდებს, წყალსადენებს, კაშხლებს, ქარვასლებს, საფოსტო სადგურებს, მეჩეთებსა და მედრესეებს. უნდილაძის ცოლმა, ტომით ქართველმა ქალმა, საკუთარი ფულადი სახსრებით ირანის მთები მრავალგან უღელტეხილებით გადასტეხა, გზები გაიყვანა, მდინარეებსა და ხევხუვებზე ხიდები გასდო. ალავერდი-ხანი დიდი კულტურტრეგერიც იყო და როგორც ისტორიკოსები ირწმუნებიან, დიდ კულტურულ აღმშენებლობასაც მიელტვოდა. იგი აშენებდა, აჩუქურთმებდა, აქანდაკებდა, ხატავდა. ისფაჰანში ჩელეთ-სუთუნის სასახლის კედლები ბრწყინვალე ფრესკებით მოახატვინა (საყურადღებოა, რომ იქვე ქართული წარწერაც „შეაპარა” ქართველყოფილმა). ეტანებოდა ირანულ, არაბულ, ბერძნულ და ქართულ მწიგნობრობას. უყვარდა ფირდოუსი, პლატონი, ჰომეროსი, არისტოტელე და ლოცულობდა შოთა რუსთაველზე.
„მთელი სპარსეთი მე მემორჩილება, ხოლო მე უნდილაძეს ვემორჩილებიო”, – ამბობდა თავად შაჰ-აბასი. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ შაჰის გვარდია, ანუ ყულის ჯარი, რომელსაც ალავერდი-ხანი მეთაურობდა, თითქმის მთლიანად ყრმობიდანვე ტყვედ წაყვანილი და გამაჰმადიანებული ქართველებისაგან შედგებოდა.
ალავერდი-ხანის მიერ ისფაჰანში აგებული დიდებული ხიდი დღემდე მის სახელს ატარებს. უნდილაძე გარდაიცვალა 1614 წლის 24 მაისს ირანში. ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიის თანახმად, იგი მოკლულ იქნა შაჰის ბრძანებით და ამის მიზეზად სახელდებოდა ის, რომ ტომით ქართველი კაცი თვით შაჰზე გავლენიან პერსონას წარმოადგენდა, რაც შაჰ-აბასს აღაშფოთებდა. თუმცა ფაქტია, რომ ალავერდი-ხანი „ირანის ლომის” მიერ უდიდესი პატივით იქნა დაკრძალული ,ხოლო მისი ვაჟები (იმამყული-ხანი და დაუდ-ხანი) კვლავაც უცხო ქვეყნის უმაღლეს თანამდებობებზე აგრძელებდნენ მოღვაწეობას. – (ავტორი გენია.ჯი)
ალავერდი-ხანი უნდილაძის მიერ ისფაჰანში აგებული დიდებული ხიდი