მუხრან მაჭავარიანი – “ვიპოვით?!”

ძმითა ხარ მთვრალი!

ძმობა ჩემგან გინდა რაშიღა!

უნდა გაგიტყდე: -

ხარ ნაღდი კაცი!

კაცი კი არა, -

ალიკვალი გარიჟრაჟის ხარ! -

კაცი კაცობას უკეთუ გაცლის.

* * *

შენ საქართველოს ეძებ მიწაში.

მე ვცდილობ ცაში ვიპოვო იგი,

(ერთხელ,ვეწვიეთ როცა ბიძაშენს,

ეს თუ არ ვცდები,

პირველად იქ ვთქვი).

* * *

ვიპოვით?!

- კიო -

ვისმენ ზოგჯერ გულისას ძახილს.

თიმთიმებს ფიქრი,

როგორც სუნთქვით დიაცის რიდე.

ვიპოვით! -

* * *

რადგან,

როგორც დევი -

ქართველი ხალხი, -

თავს

იმდენს

ისევ მყის

იბამდა, -

რამდენსაც სჭრიდნენ.

* * *

იქნება მტერი,

ღმერთო ჩემო,

ჰოი,რა ცოდვა

(მტერი კი,აბა ვის არა ჰყავს

შენც კარგად იცი):

შენ ფარნავაზის რომ იპოვო

საფლავის ლოდი,

მე ვთქვათ,თვით შოთას ხელით ქმნილი

პოემა მისი.

* * *

ვიპოვით?!

- კიო! -

ახლაც ვისმენ გულისას ძახილს.

თიმთიმებს ფიქრი,

როგორც სუნთქვით დიაცის რიდე.

ვიპოვით!

რადგან

დღევანდელამდე

ქართველი ხალხი, -

თავს

იმდენს

ისევ

მყის

იბამდა, -

რამდენსაც

სჭრიდენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>