მითოლოგიური წარმოდგენები – “ჭაობის” შესახებ…
ჭაობი – წარმოადგენს დედამიწის ზედაპირის განსაკუთრებულ ტიპს,რომლისთვისაც დამახასიათებელია უტორფო და ტორფიანი,მუდმივად ტენიანი გრუნტი და სპეციფიკური მცენარეულობა,რომლებშიც გაბატონებულია ჰელოფიტები.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ – ჭაობი ადამიანისათვის უძველესი ეპოქებიდან ასოცირდებოდა ცუდ,ყველასგან მივიწყებულ და არაწმინდა ადგილებთან. (ავტორი გენია.ჯი)
აღმოსავლურსლავური მითოლოგიის მიხედვით,ჭაობებში ბინადრობდა ჭაობის ადამიანი,რომელიც მგზავრებს გზას უბნევდა და ფაქტიურად სასიკვდილოდ სწირავდა.უძველესი ეპოქებიდანვე ადამიანებში დიდ შიშს იწვევდა ჭაობებისათვის დამახასიათებელი ღამის ნათებები,რომელთაც “გარდაცვლილთა სანთლებად” მოიხსენიებდნენ,რადგან მათ იმიერიდან გზავნილებად მიიჩნევდნენ.სხვადასხვა ხალხებში დამკვიდრებული მოსაზრებით,ვინც ჭაობებში “გარდაცვლილთა სანთლებს” იხილავდა,ეს იმის წინასწარმეტყველება და გაფრთხილება იყო,რომ ის უახლოეს პერიოდში გარდაიცვლებოდა.გერმანულ მითოლოგიასა და ფოლკლორში,ჭაობის ნათებები – იმ გარდაცვლილი ადამიანების მოჩვენებები იყვნენ,რომელთაც სიცოცხლეში მეზობლებს მიწა მოპარეს,რის გამოც სიკვდილის შემდეგ იქნენ დასჯილი.გერმანელების წარმოდგენით,ასეთი ადამიანების სულები ჭაობებში,მარადიულად,ამაოდ დაეხეტებოდნენ და ეძებდნენ მყარ მიწას.ფინელები ასეთი სახის ჭაობის ნათებებს – “ლიეკო”-ს უწოდებდნენ და მათ იმ გარდაცვილი ბავშვების სულებად განიხილავდნენ,რომლებიც რიგი მიზეზების გამო ტყეებში,სრულიად უპატრონოდ იყვნენ დაკრძალულნი და მიტოვებულნი.ევროპის სამხრეთ ნაწილში გამეფებული შეხედულებით,ჭაობის ნათებებს იმ ძველი მეომრების სულებად განიხილავდნენ,რომლებიც საგანძურებს იცავდნენ.
ინგლისელთა წარმოდგენით,ეგრეთ წოდებული “ჭაობის მოხეტიალე ცეცხლები” ცდილობდნენ ადამიანების ყურადღების მიქცევას,რათა ისინი უფრო ღრმად შეეტყუებინათ ჭაობებში და მათთვის ისე აებნიათ გზა-კვალი,რომ ჭაობისათვის თავი ვეღარასოდეს დაეღწიათ.ეს ელემენტი,საკმაოდ კარგად არის აღწერილი დიდი ინგლისელი მწერლის – ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის საყოველთაოდ ცნობილ რომან-ეპოპეაში – “ბეჭდების მბრძანებელი”.
ფინურ-უგორული მითოლოგიის მიხედვით,ჭაობი უხილავ და ზებუნებრივ ძალას ანიჭებდა მასში მცხოვრებ გოლიათს – იარ მორტას.კელტური მითოლოგია ირწმუნებოდა,რომ ჭაობი “გარდაცვლილ ადამიანთა სულების კარიბჭე” იყო და ჭაობს სხვადასხვა შესაწირავსაც სწირავდნენ.ციმბირის დასავლეთში მაცხოვრებელი ჰანტებისა და მანსების ხალხებს სჯეროდათ,რომ სამყარო თხევადი მიწისაგან ანუ ჭაობისაგან შეიქმნა.
ცნობილია ისიც,რომ ერთ-ერთი ძველი ეგვიპტის უზენაესი ღვთაება – ისიდა,თავის ვაჟს ჰოროსს,საფრთხის თავიდან ასაცილებლად,სწორედ ჭაობში მალავდა.
ჭაობი,ისევე როგორც ისტორიის ადრეულ ეტაპებზე,დღემდე უარყოფით ასოციაციას იწვევს ადამიანებში და შეიძლება ითქვას,იგი ჩამორჩენილობის,რეგრესისა და სხვა რიგი უარყოფითი მოვლენების გამომხატველ სიმბოლოებთან ასოცირდება. (ავტორი გენია.ჯი)