ნიკო ლორთქიფანიძე წერდა…
“გამხდარ თხას,დაკოჭლებულს ცხენს,ჩახმახდამტვრეულ თოფს ფასი ეკარგება; ადამიანს კი ერთი და იგივე ფასი აქვს ყოველთვის და ყველგან,იმერეთის მეფობას არგუნებს თუ დანელიას მეღორედ გააჩენს უფალი.დადიანის სასახლე ათას ფაცხაში არ გაიცვლება; ადამიანი კი იმდენივე ღირს,რაც მთელი კაცობრიობა,ადამიანის არც გაცვლა შეიძლება,არც დაფასება,არც გამოკლება.იგი უფასოა.იგი ერთია,მუდამ ერთი.
ადამიანი მუდამ ადამიანია – არც მეტი და არც ნაკლები”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“საერთოდ ქართული ენის მდგომარეობა არსად არ არის სასურველად დაყენებული; არსად არ ისწავლება ქართული ენა ისე,როგორც ამას მოითხოვს ყოველი ერი თავისი დედაენისთვის.ფრანგმა მოწაფემ ბევრად უკეთ იცის ფრანგული,გერმანელმა მოწაფემ – გერმანული,რუსის შეგირდმა – რუსული,ვიდრე ქართველმა მოწაფემ – ქართული.ეს იმით აიხსნება,რომ სწავლის ენად ქართული მხოლოდ უმდაბლეს სასწავლებელშია და, მეორეც,ქართული ენის დაბეჩავებას ცხოვრება ძლიერ აშკარად ამჟღავნებს,ისე რომ როგორც მასწავლებელი,ისე მოწაფეც საკმაო ყურადღებას და გულმოდგინებას არ უძღვნიან ქართულის შესწავლას.სხვაგან,გარდა ეროვნული გრძნობისა,ენის შესწავლის სურვილს ბევრად უფრო აძლიერებს საჭიროება.ჩვენში კი ასეთი საჭიროება ძლიერ და ძლიერ პრობლემატური საკითხია უმრავლესობისათვის.რაც უნდა გულმაგარი ოსტატი იყოს და გულმხურვალე შეგირდი,მაინც მათი ენერგია სუსტდება შავის ფიქრით,რომ უქართულოდაც შეიძლება ცხოვრების გზის გაკაფვა,კეთილ მოქალაქედ გახდომაო.რამდენად მართალია ასეთი მსჯელობა ბევრჯერ გაურჩევიათ,თუმცა-კი ფაქტია,რომ როდესაც ადამიანი მშობლიურ ენაზე ვერ ახერხებს სწავლა-განათლებას,მას აუცილებლად უქვეითდება ბუნება”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“როცა მარჯვნივ გამარტყამენ – გული ამიღელდება, – მაგრამ მომაგონდება მცნება მიტევებისა და მარცხენა მხარეს მივუშვერ.
როცა მარცხნივაც მომარტყამენ – ამითრთოლდება ხელები, მაგრამ მომაძახებენ: სათნოება არ დაივიწყოო, და მეც სიყვარულით შევხედავ დამჩაგვრელს.
როცა ჩემს ნაღვლიან სახესაც არ დაინდობენ, მუშტს ჩამკვრენ, ცხვირიდან ძმარს მადენენ, სისხლით გათხუპნული დავეგდები მიწაზე და ვტირი, ვზლუქუნებ: თავგარეტიანებულმა, გონებადაბნეულმა აღარ ვიცი, რა ვქნა.
ვინც მაშინ სათნოებას ისევ მე მომაგონებს, ეშმაკის მანქანაა, ადამიანისაგან საზიზღარი, ღვთისაგან კრული.
მოთაფლული მისი სიტყვა გაპირუტყვებულის ადამიანის მყრალი სიტყვაა.
ცაო და დედამიწაო, სიძულვილი ლანდად გააყოლე ასეთ მქადაგებელს, ქარბუქო, ზიზღში გახვიე, სანამ ფეხზე წამოვდგებოდე და გატლეკილ ენას ძირიან-ფესვიანად ამოვგლეჯდე!” – (ავტორი გენია.ჯი)