სერგო კლდიაშვილი – “დავით კლდიაშვილი”
1930 წლის ივნისის ოცდაცხრას თბილისში დავით კლდიაშვილის იუბილე იმართებოდა.ამის შესახებ გაზეთებში ადრევე იბეჭდებოდა ცნობები,ჟურნალებში თავსდებოდა წერილები.დედა და მამა იმხანად სიმონეთში ცხოვრობდნენ.თუმცა სოფელში გაზეთები მოსდიოდათ და იქიდანაც შეეძლოთ ყველაფერი გაეგოთ,მე მაინც ხშირად ვწერდი მათ მომავალი იუბილეს სამზადისზე.უმთავრესად მაინტერესებდა დედის პასუხი, – რა შთაბეჭდილებას ახდენდა ეს ამბავი დავითზე,რას განიცდიდა? დედის ყოველი წერილი თითქმის ერთი და იგივე შინაარსის იყო: დავითი სუსტად არის და იუბილეზე წასასვლელად უარს ამბობს.
გადავწყვიტე სოფელში ჩასვლა იმ მიზნით,რომ ასე ვთქვათ,მამა ხასიათზე მომეყვანა,შემემზადებია მომავალი დღესასწაულისათვის…
მამა სიხარულით შემხვდა.
ივნისის დასაწყისია,გარეთ მზეა,დავითის ოთახის ბუხარში კი ცეცხლი ანთია.
დავითი ლოგინში წევს.სკამზე გვერდით ჩაის დაცლილი ჭიქა დევს.ჩაი ყველაფერია დავითისათვის.მხოლოდ ამაზე არ შეუძლია უარი თქვას.ამასთანავე,ჩაი ძალიან ცხელი უნდა იყოს.თუ ახლად ადუღებული ჩაიდნიდან არ იქნა წყალი გადმოსხმული,ისე არ დალევს.ბუხართან მუდამ დგას ჩაიდანი.ყოველ წუთში მოსალოდნელია დავითმა ჩაი მოითხოვოს. (ავტორი გენია.ჯი)
რა საოცრად შეცვლილა რაღაც ორ თვეში!
რატომღაც მეჩვენა,რომ მის სახეს სიკვდილის დაღი აჩნდა.ვცდილობდი მომეშორებინა ეს ფიქრი,მაგრამ ამაოდ.
ვცდილობდი მხიარული ვყოფილიყავ,თუმცა გულს სულაც არ უხაროდა.
- მაშ მე და შენ მალე წავალთ თბილისში! – ვეუბნები ნაძალადევი ხალისით.
დავითი ამღვრეული თვალით ხანგრძლივად მომაჩერდა:
- თბილისში! რატომ? ახლა ზაფხულია.აქ ყოფნას რა სჯობია.თუ მაინცდამაინც უნდა წამოვიდე,მაშინ შემოდგომაზე…
- მაშ იუბილეზე წასვლას არ აპირებ?
- რა იუბილე?
- აღარც ახსოვს,თუმცა წუხელ კიდევ შევახსენე, – ჩამჩურჩულა დედამ.
ისევ უნდა ვუამბო ყველაფერი.დავითი მისმენს მშვიდად და როცა სიტყვას ვათავებ,უეცრად მისი ხმა მესმის:
- არაფერი საჭიროა!
ხმის კილოზე ვამჩნევ,რატომღაც გაბრაზდა.
- არაფერი საჭიროა! – უფრო ხმამაღლა იმეორებს. – ვის რად აინტერესებს ჩემი იუბილე! არაფერი საჭიროა.არაფერი საჭირო.არაფერი მითხრა იუბილეზე.იცოდე,არ მინდა და არ წავალ!
- სოფელში მე ორი მეგობარი მყავს, – იღიმება დავითი, – დედაშენი და ეს ჩაიდანი.
ისევ იუბილეზე ვიწყებ ლაპარაკს.ამოვიღე გაზეთები,ჟურნალები.
- წამიკითხე,წამიკითხე! – გახალისდა დავითი.
წავუკითხე ქრონიკები,მერე ჟურნალები გადავფურცლე.ჟურნალ “ქართულ მწერლობაში” მოთავსებული წერილი უმთავრესად “სამანიშვილის დედინაცვალს” ეხება.მოყვანილია ადგილები მოთხრობიდან.წავიკითხე ერთი გვერდი,ორი,სამი.
ვკითხულობ:
” …ვძებნოთ,პლატონ,ვძებნოთ! ხა! ხა! ხა! ჩემს დღეში ამგვარ უცხო საქმეზე არ მივლია და აქედან ვიცი,რომ ბევრი გასართობი მოგველის! რამდენ დედაბერს სანატრელად გავუხდით უშვილოდ ყოფნას!..”
აქმადე დავითი ჩუმად მისმენდა,თვალდახუჭული.უეცრად მისი სიცილი მომესმა:
- ეგ საინტერესოა რაღაც!
გაკვირვებით ვუცქერი.
კითხვას განვაგრძობ:
” – ასე დაგეწყო,შე დალოცვილო,თავიდანვე… ტყვილა გამალანღვიე ნათესავი კაცი…”
ისევ დავითის სიცილი მესმის:
- რა არის ეგ,რას კითხულობ? რაღაც საინტერესოა!
- ეს ხომ “სამანიშვილის დედინაცვალია!”
- ჰა?
- შენი მოთხრობა… “სამანიშვილის დედინაცვალის” ადგილებია.
- არ ვიცი, – გაკვირვებულია დავითი. – რა ჩემი მოთხრობა,რა სამანიშვილი!..
- აღარ ახსოვს! – ჩუმად და მწუხარებით მეუბნება დედა.
მაშინ მე წიგნი მოვძებნე,ვიპოვე მოთხრობა.
- გინდა თვით მოთხრობა წაგიკითხო?
- ძალიან კარგს იზამ… ეგ რაღაც საინტერესო უნდა იყოს! – წახალისებულია მამა.
დავიწყე კითხვა.
დავითი იცინის.
დედის თვალებზე ცრემლებს ვხედავ.
კითხვას განვაგრძობ.ყურადღებით მისმენს.მხოლოდ ხანდახან იტყვის:
- მდა,უცნაური ამბავია!
თითქმის მოთხრობის მეოთხედი მაქვს წაკითხული.
უეცრად დავითის გულისწყრომით სავსე ხმა მესმის:
- ეგ ხომ ჩემი მოთხრობაა! რად მიკითხავ?
ვკეცავ წიგნს.
მოაგონდა… მაშ კიდევ არის იმედი,იქნებ შევძლო მისი გამობრუნება… არსებობს ამის ერთადერთი წამალი:
ეს არის დავითთან ლაპარაკი,მისი გართობა,საუბარი…
სამი დღის შემდეგ უკეთ შეიქნა.
მე მგონია,დავითი მეტ ხანს იცოცხლებდა,რომ არ სცოდნოდა საოცარი მოწყენა… მარტოობას ვერ იტანდა.
დავითს მაღალი,ძლიერი ხმა ჰქონდა.როცა მარტოობის გრძნობა მოერეოდა,ისეთი ხმით სწუხდა,რომ ამოოხვრა გუგუნის მსგავსად ისმოდა.როცა ერთხელ ვკითხე,რატომ სწუხარ და გუგუნებ ასე უცნაურად-მეთქი,გულაჩუყებით მითხრა:
- მარტო ვარ! (ავტორი გენია.ჯი)