მუხრან მაჭავარიანი – “ქართველი ამას იკადრებს?! – არა!”

გამოუყვანეს ქართულ ტაძრებს უტიფრად წირვა,

განზრახ დაფხრიწეს არაერთი ქართული ნუსხა…

სადაც “თორნიკე ერისთავი” – ეწერა წინათ, -

მუნ “ნიკიფორე კეისარი” – დაწერეს ურცხვად.

ქართველი ამას იკადრებს?! -

არა!

* * *

ათონის ლავრა ნაპარავი დიდებით ბრწყინავს,

მკვრეხელთა ურცხვი საქციელით ქრისტეა სახტად…

სადაც “დარეჯან დედოფალი” – ეწერა წინათ, -

“ირინა – ბერძენთ დედოფალი” – წერია ახლა.

ქართველი ამას იკადრებს?! -

არა!

* * *

გვინგრევენ წარსულს,

გვაოხრებენ, -

ჩვენ ყურზე გვძინავს.

იგივე ხდება

უცხოეთში კი არა,

აქაც:

აგერ,

ჩვენს თვალწინ, -

ძველი ძეგლი, -

ზედ ხრამის პირას,

კაცმა არ იცის,

სად,

როგორ გაჰქრა.

ქართველი ამას იკადრებს?! -

არა!

* * *

რაც შეუძლიათ მუშაობენ

წერაქვით,

ნაღმით:

სადაც ქართული წარწერაა,

თავისას წერენ…

ისაკუთრებენ, – ერთ დროს ჩვენმა რაც შექმნა ხალხმა, -

და…

“ჩვენიაო!” -

გაჰყვირიან საქვეყნოდ მერე.

ქართველი ამას იკადრებს?! -

არა!

* * *

ქართველი კაცი ბუნებით არაა პლაგიატორი,

ყვავი ვარ?!

ყვავად მოვკვდები!

იადონს, -

ხმა იადონის!

კომენტარის დატოვება