სანდრო ბოტიჩელის შესახებ…
თავისი თამამი და გაბედული ხასიათით ცნობილი ადრეული რენესანსის პერიოდის გენიალური იტალიელი მხატვარი - სანდრო ბოტიჩელი (1445-1510 წლები),რომელიც მდიდარი მეტყავის – მარიანო დი ჯოვანი ფილიპეპის ვაჟი გახლდათ,სავსებით იზიარებდა პლატონიკოსების იმ იდეებს,რომლის თანახმადაც ადამიანის ერთადერთ მამოძრავებელ ძალად ის სიყვარული იყო განხილული,რომელსაც თან ახლდა ნაღველი,ისევე,როგორც სიცოცხლეს ახლავს სიკვდილი.იგი ერთობ ნაკითხი და განათლებული ხელოვანი იყო.განსაკუთრებით უყვარდა დანტე ალიგიერის შედევრი-ქმნილება – “ღვთაებრივი კომედია” და აღნიშნული პოემიდან ბევრი სტრიქონი დაზეპირებულიც ჰქონდა (ამასთანავე განმარტავდა კიდეც).როგორც თვითმხილველები ირწმუნებოდნენ,ალესანდრო დი მარიანო დი ვანი ფილიპეპი (იგივე – სანდრო ბოტიჩელი) კარგი აღნაგობის მქონე იყო,თუმცა მეტად მეტყველი და ნაღვლიანი სახე გააჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) წელიწადის თბილ დღეებშიც კი,იგი მოსასხამში ეხვეოდა,რითაც თითქოს იმის ჩვენება სურდა,რომ სული ყოველთვის ეყინებოდა,რაც მის უცნაურ და მელანქოლიურ ბუნებას უსვამდა ხაზს.ზოგჯერ,სიცხით გათანგული,დიდხანს ისვენებდა სადმე ჩრდილში მიწოლილი და ნებისმიერ გამვლელთან ლაყბობით იქცევდა ხოლმე თავს.ასეთ დროს,სანდროს უახლოესი მეგობარი – ლეონარდო და ვინჩი,მას დასამწიფლებლად ჩრდილში გაგორებულ გოგრას ადარებდა და ზარმაცსა და უქნარას ეძახდა.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ბოტიჩელი მისი შედევრებიდან გამომუშავებულ თანხებს უმეტესწილად მეგობრებში ქეიფებისას ხარჯავდა.ბიოგრაფების ერთი ნაწილის მოსაზრებით,მას სწორედ ამიტომ შეარქვეს მეტსახელად – “ბოტიჩელი”,რაც “პატარა კასრს” აღნიშნავს.სინამდვილეში კი,სანდროს მეტსახელი თავისივე უფროს ძმას – ჯოვანის უკავშირდება,რომელიც მართლაც მეკასრე იყო და საკმაოდ მსუქანიც გახლდათ.
სანდრო ბოტიჩელი მისსავე მეგობარზე ლეონარდო და ვინჩიზე შვიდი წლით უფროსი იყო,თუმცა ამას მათი ურთიერთობისათვის ხელი არასოდეს შეუშლია.სამაგიეროდ,უფრო მნიშვნელოვანმა წინააღმდეგობამ იჩინა თავი მათ შორის,თუმცა სწორედ ამ წინააღმდეგობამ გაამყარა მათი მეგობრობა,რადგან ერთი თავისი ღირსებებით ავსებდა მეორის ნაკლოვანებებს.ეს ორი ადამიანი რომ ერთმანეთისათვის შეგეერთებინათ,ერთ სრულფასოვან პიროვნებას მიიღებდით,მაგრამ,მადლობა ღმერთს,რომ ასე არ ხდება,რადგან ეს ისედაც უფერული და ათასი უბედურებით სავსე ცხოვრება კიდევ უფრო აუტანელი და მოსაწყენი გახდებოდა.სანდროს ლეონარდოსათვის ძალიან უყვარდა თავისი სასიყვარულო თავგადასავლების მოყოლა და ერთხელ ისე გააბრაზა მეგობარი,რომ ისეთი რამ ათქმევინა,რაც შეყვარებულ ადამიანს ნამდვილად გულს ტკენს: ” – შეერთების აქტი და ორგანოები,რომლებიც მასში მონაწილეობენ იმდენად ამაზრზენია,რომ არა სახეთა სილამაზე და მასში მონაწილე ადამიანების მორთულ-მოკაზმულობა,ადამიანთა მოდგმა დიდი ხნის წინ შეწყვეტდა არსებობას.მიკვირს,ბედს რომ უჩივი და დროსა და ძალ-ღონეს უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისათვის არ ზოგავო”.მიუხედავად ამისა,სანდრო ბოტიჩელი ლეონარდოს მაინც თავის საუკეთესო მეგობრად მიიჩნევდა და უდიდეს პატივსაც მიაგებდა,განსხვავებით მიქელანჯელო ბუონაროტისაგან. (ავტორი გენია.ჯი)