რაფაელ სანტი – “კაუპერის დიდი მადონა”
“კაუპერის დიდი მადონა” – წარმოადგენს უმბრიული სკოლის გენიალური იტალიელი მხატვრის,არქიტექტორისა და გრაფიკოსის – რაფაელ სანტის (1483-1520 წლები) მიერ 1508 წელს დახატულ შედევრ-სურათს.აღორძინების ეპოქის დიადმა ხელოვანმა,წმინდა ქალწული მარიამისა და პატარა იესოს სურათი,დაფაზე საღებავებით,უნატიფესი მეთოდით დახატა.შედევრის სიმაღლე 80,7 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 57,5 სანტიმეტრი.სურათის ცენტრში,თუ კარგად დააკვირდებით,მადონას ტანისამოსის ზედა ნაწილზე გაკეთებულია ლათინური ასოების მქონე წარწერა: MDVIII.R.V.PIN,რაც საშუალებას გვაძლევს დავრწმუნდეთ იმაში,რომ იგი დახატულ იქნა 1508 წელს ურბინელი რაფაელ სანტის მიერ. (ავტორი გენია.ჯი) როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ,სწორედ ეს სურათია რაფაელის მიერ ფლორენციაში შექმნილი უკანასკნელი სურათი,რადგან შემდგომში იგი სამუშაოდ რომში გადავიდა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ “კაუპერის დიდ მადონას” მეორე სახელწოდებითაც,კერძოდ – “ნიკოლინის მადონადაც” მოიხსენიებენ და ეს ორივე სახელი მას სურათის ადრეული მფლობელების მიხედვით ეწოდა.ფლორენციელი დიდგვაროვნები – ნიკოლინები,რაფაელის დიდებული ქმნილების მფლობელები 1677 წლიდან,დაახლოებით 1772 წლამდე იყვნენ,ხოლო ინგლისელი გრაფები – კაუპერები კი 1928 წლამდე.საინტერესოა ისიც,რომ კაუპერებმა სანტის შედევრი ძმებ დიუვინებს გადასცეს საჩუქრად,რის შემდეგაც იგი შესყიდულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრისა და ბანკირის – ენდრიუ უილიამ მელონის მიერ,რომელიც თავის მხრივ ერთი პერიოდის მანძილზე აშშ-ის ელჩი იყო დიდ ბრიტანეთში. 1930 წელს რაფაელის აღნიშნული ქმნილება იმ “Andrew W. Mellon Foundation”-ის საგანმანათლებლო-საქველმოქმედო ფონდს გადაეცა,რომლის საფუძველზეც იქნა შემდგომში ჩამოყალიბებული “აშშ-ის ხელოვნების ეროვნული გალერეა”.მას შემდგომ,რაფაელ სანტის გენიალური ქმნილება – “კაუპერის დიდი მადონა”,ვაშინგტონში მდებარე “ხელოვნების ეროვნულ მუზეუმშია” დაცული. (ავტორი გენია.ჯი)