„ყალიონი”-ს შექმნის ისტორიიდან
ყალიონი (ჩიბუხი) – წარმოადგენს სხვადასხვა მასალისაგან (ხისგან, თიხისაგან, შაქრის ლერქმისაგან, სპილოს ძვლისგან და სხვა) სპეციალურად დამზადებულ მოწყობილობას დაჭრილი თამბაქოს მოსაწევად, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით მაინც XX საუკუნის შუა პერიოდამდე სარგებლობდა. მისი გამოყენების ისტორია ერთობ მრავალფეროვანია, რადგან ყალიონს ადამიანები იმთავითვე იყენებდნენ, როგორც თამბაქოსაგან სიამოვნების მისაღებად, ასევე, სამედიცინო დანიშნულებისთვის და რელიგიური რიტუალების აღსასრულებადაც. ყალიონის მაგვარი მილები მოხსენიებული აქვს ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით V-IV საუკუნეებში ანტიკური მედიცინის დიდ ძველბერძენ რეფორმატორს – ჰიპოკრატეს, რომელიც თავის პაციენტებს სასუნთქი გზების დაავადებების ინჰალაციისათვის ურჩევდა სხვადასხვა ბალახეულის კვამლის შესასუნთქად სწორედ ეს მილაკები გამოეყენებინათ. თუმცა ფაქტია, რომ იმ პერიოდისათვის ჰიპოკრატესათვის თამბაქოს არსებობა უცნობი იყო. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად უამრავი ვერსიისა, „ნამდვილი ყალიონის” შექმნის ზუსტი თარიღი მაინც უცნობი რჩება. დღეისათვის არსებული მონაცემების თანახმად, „ნამდვილი ყალიონის” გამოყენებას სათავე დაუდო აცტეკების, მაიას, ტოტლეკებისა და სხვა ინდიელი ტომის ხალხმა, რომლებიც მათ რელიგიური რიტუალებისთვის, სამედიცინო პროცედურებისა და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენებისათვის გამოიყენებდნენ. სპეციალსტთა მოსაზრებით, პირველები ვინც ყალიონის საშუალებით თამბაქოს მოხმარება დაიწყეს – მაიას ტომის ინდიელი ხალხი იყო. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ ყალიონს გამოიყენებდნენ აფრიკის კონტინენტზე მაცხოვრებელი ხალხებიც, მაგრამ ისინი ამისათვის არა თამბაქოს, არამედ სხვადასხვა სახის მცენარეებს გამოიყენებდნენ.
ევროპაში პირველი ყალიონი, რაღა თქმა უნდა ლათინური ამერიკიდან იქნა შემოტანილი თამბაქოსთან ერთად. 1519 წელს საყოველაოდ ცნობილი ესპანელი კონკისკადორი – ერნან კორტესი მოგვითხრობდა მექსიკაში მაცხოვრებელი იმ ინდიელი ხალხის შესახებ, რომლებიც თამბაქოს, ევროპელთათვის ჯერ კიდევ უცნობი ყალიონის მეშვეობით ეწეოდნენ. მოგვიანებით,ფრანგმა მკვლევარმა – ჟაკ კარტიემ ანალოგიური ტრადიცია კანადაში მაცხოვრებელი ინდიელი ხალხის კულტურაშიც აღმოაჩინა. 1559 წელს თამბაქო ესპანეთის სამეფოში ფართოდ გავრცელდა, თუმცა თავდაპირველად მისი დანიშნულება მხოლოდ სამკურნალო ხასიათს ატარებდა. საფრანგეთის სამეფოს ელჩი პორტუგალიაში – ჟან ნიკო მუდმივად თან ატარებდა სპეციალურ პაკეტში შენახულ ფხვნილისებურად დამუშავებულ თამბაქოს, რადგან გავრცელებული მოსაზრებით, იგი თავის ნევრული დაავადების – მიგრენისა და სხვა დაავადებების სამკურნალო საშუალებად იყო მიჩნეული, რაც ესოდენ აწუხებდა მას. ევროპაში თამბაქოს გავრცელებასთან ერთად ყალიონმაც დიდი დატვირთვა შეიძინა. (ავტორი გენია.ჯი) 1590 წელს გამოჩენილმა ინგლისელმა სახელმწიფო მოღვაწემ, ავანტურისტმა და ინგლისის დედოფლის ელისაბედ I-ის ფავორიტმა მამაკაცმა – სერ უოლტერ რეილიმ პირველად აჩვენა დედოფალს თამბაქოს მოსაწევი მოწყობილობა – ყალიონი. თავად კი აღნიშნული მოწყობილობის შესახებ ვირჯინიის კოლონიის გუბერნატორისაგან – რალფ ლეინისაგან შეიტყო. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ინგლისურ არისტოკრატიაში ყალიონის ფართოდ გამოყენება და მალევე ინგლისელებმა მისი წარმოებაც დაიწყეს. 1602 წლისათვის ყალიონს უკვე მოიხმარდნენ ლათინური ამერიკის ქვეყნებში, ევროპაში, აფრიკაში, ჩინეთში, ინდოეთსა და იაპონიაში. 1625-1655 წლებში თამბაქოს მოსაწევ სპეციალურ მოწყობილობას, რომელმაც უდიდესი პოპულარობა მოიპოვა – „მსოფლიოს მილაკი” უწოდეს. ერთ-ერთი ინდიელი ტომის – ლაკოტას ხალხში გავრცელებული ლეგენდის თანახმად, „მსოფლიოს მილაკი” ადამიანებს თავდაპირველად ერთ-ერთმა ღვთაებამ – თეთრმა ბუფალო-ქალმა გააცნო და მათ რელიგიური რიტუალებისას მისი გამოყენებაც შეასწავლა. სწორედ ამიტომ მიიჩნევდნენ ისინი ასეთი სახის ყალიონებს „წმინდა” ნივთებად.
ფაქტია, რომ მაიას ტომის ინდიელი ხალხის მიერ შექმნილი- ყალიონით სხვადასხვა ეპოქებში სარგებლობდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც იყვნენ – იოჰან სებასტიან ბახი, ნილს ბორი, ვინსენტ ვან გოგი, გიუნტერ გრასი, იოსებ სტალინი, ალენ დალესი, ჟაკ დერიდა, უოლტ დისნეი, სერგეი ესენინი, იმანუელ კანტი, არტურ კონან დოილი, მადონა, ბერტრან რასელი, ფრენკ სინატრა, მარკ ტვენი, ჯერალდ ფორდი, ჩარლი ჩაპლინი, ალბერტ აინშტაინი და სხვები. თუმცა დღეისათვის ყალიონის საშუალებით თამბაქოს მოწევის მაჩვენებელი ერთობ შემცირდა და ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ მსოფლიოში გავრცელებული იქნა თანამედროვე სახის სიგარეტი. – (ავტორი გენია.ჯი)
“მსოფლიოს მილაკი”