ერეკლე II-ეს “დატირება” სოლომონ ლიონიძის მიერ…

“დღეს ჩვენი ქვეყანა ჩვენი მწუხარების ტახტზე ზის და ფასდაუდებელ მსხვერპლსა სწირავს; დღეს ზეცა მეშურნედ დასცემია დედამიწას და წართმევია მისთვის სიმდიდრე,სიბრძნე,მხედართმთავრობა,გვირგვინოსნობა; მოკვდა ერეკლე,ჰერკულესი,უძლეველი და მძლეთამძლეველი მეფეთა შორის.

…აქამდე მიწიერ ქვეყნებზე მოლაშქრე მეფე ერეკლე ახლა ციურ მნათობთა წინააღმდეგ სალაშქროდ მიეშურება; მეფე,რომელმაც ადიდა სახლი,გვარი და სიმხნე ქართლოსიანებისა და ამჟამად აღვიდა ანგელოსთა და ღვთისა თანა… მან ხომ ხერთვისის და ასპინძის სისხლში ნაწრთობი ხმალით ხვანთქარს სპარსეთის ხელმწიფესთან მიაწერინა: მეფე ერეკლე სარათის ქვეყნებს მართმევს და შენ დაუშალეო.ამაზე ქარიმხან იტყოდა: “მეფე ერეკლე ასეთი რამ ბრძანდება,რომ ხვანთქარი ჩემთან საჩივლელად დაამუხლაო!” და მაშინვე სახელმწიფო ხმალი მოუძღვნა… მან ხომ საქართველო ნადირ-შაჰისაგან გამოიხსნა.ხოლო აზატ-ხანი ათასი ერთით გააქცია.პრუსიის მეფემ,ფრიდრიხ მეორემ კი ასე დაწერა: “ევროპაში მე ვარო და აზიაში ერეკლე,ქართველ-გეორგიანთ მეფე”… იგი,თავისი ძლიერი თვალებით,ზევით აიხედავდა და ცას აჰკეცავდა,ძირს დაიხედავდა და დედამიწას გულს გაუხსნიდა; სფერა ქვეყნისა თვალში მოექცია და დედამიწას ორ ფურცლად კითხულობდა… ანგელოზთა სამწიგნობრო სახელი “მეფე ერეკლე” ცის კალთებზე იწერებოდა და ქვეყნის მპყრობელებს ძილს უკარგავდა… ცა და ქვეყანა ერეკლეს მახსოვარი არიან; მზე და მთოვარე,იმის ბედნიერ ლაშქრობებში ხანდაზმულნი არიან; დღისით მზე ჰყავდა მეწინარე სარდლად და ღამით მთოვარე; ორივე ერეკლეს გამარჯვებულ დროშას წინ მიუძღოდა; მტერთა სისხლით შეღებილი მთა და ბარი ერეკლეს სახელს მოუთხრობენ… “მაგრამ,ხელმწიფევ! რად გვიხაროდა შენი ხელმწიფედ ცხებულობა,თუკი სამკვდროსა ზეთსა იცხებდი? რად გინდოდა სახელმწიფო პორფირი,თუკი დასამიწებელს სუდარას გარეს მოიხვევდი? რად გინდოდა განსაგებელი სკიპტრა,თუკი სკიპტრის მპყრობელთა ხელთა გულზედ დაიკრეფდი? რად გინდოდა ქვეყნის მაჩრდილობელი დროშა,თუკი მტერზედ გადახურვილსა შენის შიშისა ფარდას ახდიდი? რად გინდოდა სახელმწიფო ტახტი,თუკი დასამიწებელს საფლავს იშენებდი?.. დავაკლდით ერნი ქრისტიანენი მეფესა,პატრონსა და საზოგადო მამასა.დავსტირით ძლიერსა და მხნესა მამაკაცსა.აღარა გვყავს მეფე ერეკლე: თავი – გამგებელი ერისა,ხელი – მზრდელი ობოლთა,მკლავნი – მომგერიებელი მტერთა, და მისი გვამი შრომისმოყვარე საფლავში ირღვევა.შენ გევედრებით,იესოს სისხლით ცხებულსა,ირაკლის კაცთმოყვარე სულსა ნუ შეაწუხებ, და მისგან დაობლებულსა საქართველოს მოჰხედე!.. სად არის,ხელმწიფევ შენი ხელმწიფური განგება?! რად შემოიხსენ ხმალი,რომლის გამარჯვებანი რიცხვით ხსოვნას ასცილდა? რად შემოსწყერ სახელოვანსა დროშას,რომლისაც ჰაერში მომცურავი კალთები ქვეყანას აჩრდილებდა, და მესისხლოდ განჭიმულს ზორტებით ცის კალთებს ეჩხუბებოდა და ღერკულესის მეფის უძლეველობის სტამბა ზეცას იბეჭდებოდა?.. ხელმწიფევ მფლობელო,საზოგადოვ მამავ,მეფევ ირაკლი! ვის მივცე შენის უმაღლესის თავისა და უძლეველობის ტანისა უზომო ტრფიალება? ვის დროშას ვემსახურო? ვინ შევიყვარო? ვისთვის მოვკვდე? ვისთვის ვიცოცხლო შენს უკან სიცოცხლე საზრახავად განმწარებულმან?!” (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>