ლუკიანოსი – “ქებათა ქება სამშობლოს”
სამშობლოზე უტკბესი არაფერიაო, – გვსმენია მრავალგზის,მართლაც,არსებობს განა რაიმე სამშობლოზე უამესი,უდიდესი და უღვთაებრივესი? ყოველივე იმის მიზეზი და მასწავლებელი,რასაც ადამიანები წმიდად და საღვთოდ მიიჩნევენ,ხომ სამშობლოა? ვინაიდან იგია მათთვის სიცოცხლის მომცემი,გამომკვებელი და მზრდელი.მართალია,სხვათა ქალაქების სიდიადესა და ბრწყინვალებას,მათი შენობების ქმნილკეთილობას ბევრი მოჰყავს გაოცებაში,მაგრამ სიყვარულით კი მაინც ყველას სამშობლო უყვარს.მრავალნი დამტკბარან,თანაც ძალიან,სხვათა ქვეყნებში სანახაობათაგან მიღებული სიმაოვნებით,მაგრამ იმდენად არავინ ძლეულა მათი სიმდიდრით,სამშობლო რომ დავიწყებოდეს. (ავტორი გენია.ჯი)
ყოველმა კაცმა,რომელიც ამაყობს მდიდარი ქვეყნის მოქალაქეობით,ასე მგონია,არ იცის სამშობლოს ჭეშმარიტი ფასი.ამისთანა,ცხადია,იმტკივნეულებს,თუ მას ბედისწერით პაწია სამშობლო ერგო.ჩვენში კი თვით სიტყვა სამშობლო იწვევს მოწიწებას.ვინც შეეცდება ქალაქების შეპირისპირებას,მან,დაე,შეუდაროს ერთმანეთს მათი სიმდიდრე,სილამაზე და სიდიდე.მაგრამ არჩევანზე რომ მიდგება საქმე,არავინ აირჩევს უბრწყინვალესს ქალაქთა შორის,არც სამშობლოს უგულებელყოფს არვინ.პირიქით,დღენიადაგ ღმერთებს შეევედრება მისი სამშობლოც სხვებს გაუთანაბრდეს სიმდიდრით,არჩევით კი მასვე აირჩევს,როგორიც უნდა იყოს იგი.
ასე იქცევიან შვილთაგან სამართლიანნი და მამათაგან კეთილშობილნი.მშვენიერი და ზნეკეთილი ჭაბუკი მამაზე წინ უცხო კაცს არ დააყენებს,ისევე როგორც მამა არ უგულებელყოფს თავის შვილს და არ შეიყვარებს სხვას ძეზე მეტად.სიყვარულით ძლეული მამები გამორჩეულ თვისებებს მიაწერენ საკუთარ შვილებს და ეჩვენებათ,რომ ისინი აღემატებიან სხვებს სილამაზით,ახოვანებითა და სრულყოფილებით,ხოლო ვინც ამგვარად არ ფიქრობს თავის შვილზე,არა მგონია,მას მამისებრი თვალები ჰქონდეს.
ამიტომ სიტყვა სამშობლოზე უპირველესი და “უმშობლიურესი” არაფერია.თუკი ახალგაზრდა მამას საკადრის პატივს მიაგებს,ისეთს,როგორსაც ბუნება და კანონი ბრძანებს,მაშინ ის ამით სამშობლოსაც მიაგებს პატივს,ვინაიდან მამაც სამშობლოს ნაწილია,მამის მამაც,შინაურთაგან ყველა და შემდეგ თვით ღმერთნიც მამა-პაპათა ჩვენთანი,რომელთა სახელებსაც ვადიდებთ ხოლმე.
ღმერთებსაც კი უყვართ საკუთარი სამშობლო და კაცებრივ საქმეთ,ვით მათ შეშვენით,ზე დაჰყურებენ.მართალია,მათ მთელი ზღვა და ხმელი თავიანთ სამფლობელოდ მიაჩნიათ,მაგრამ თითოეული იმათგანი ქალაქთა შორის უპირატეს პატივს მაინც იმ ქალაქს ანიჭებს,სადაც პირველად იშვა.
ცხადია,ღმერთთა მშობელი ქალაქები და ღვთივკურთხეული კუნძულები,სადაც ღმერთთა წარმოშობა დღენიადაგ იგალობება,განსაკუთრებით წმინდაა,ასე რომ,შესაწირს,რომელსაც კაცი ამა თუ იმ ღმერთის საბრძანისში ჩასვლისთანავე გაიღებს,ზეცის მკვიდრნი სათნოდ მიიჩნევენ.თუ ღმერთებისთვისაა თვით სიტყვა სამშობლო უპატიოსნესი,მაშ,ადამიანებს კიდევ უფრო მეტად რატომ არ უნდა უყვარდეთ იგი?
მზეც ხომ საკუთარი სამშობლოდან იხილა ყოველმა კაცმა? მართალია,ის ყველასთვის საერთო ღმერთია,მაგრამ ყველას თავის მამა-პაპათა ღმერთად მიაჩნია,ვინაიდან ყოველმა თავისი მიწა-წყლიდან დაინახა იგი პირველად.ენაც მშობლიურ კუთხეში ამოიდგა,ტიტინიც აქვე დაიწყო მშობლიურ ენაზე და ღმერთებიც აქ შეიცნო პირველად სწორედ.
თუ ვინმეს ისეთი სამშობლო ერგო,რომ იძულებული გახდა უკეთესი განათლებისათვის სხვათა ქვეყნებში წასულიყო,ის მაინც სამშობლოს მადლიერი უნდა იყოს იმისათვის,რაც იცის,რადგან რომ არა სამშობლო,მას არც ქალაქთა კანონები ეცოდინებოდა და არც თვით სიტყვა ქალაქი.
ყოველგვარ მეცნიერებასა და ცოდნას,ჩემი აზრით,ადამიანები იმისთვის იძენენ,რათა თავიანთ ქვეყნებს გამოადგნენ.ქონებასაც იმ ღირსების გრძნობით შეიკრებენ,რათა იგი სამშობლოს საკეთილდღეოდ დახარჯონ,რაც სამართლიანად მიმაჩნია მე.უდიდეს სიკეთეს მიწევნილნი უმადურნი როდი უნდა იყვნენ.თუკი ჩვენ მადლიერნი ვრჩებით ვიღაც ერთის მიმართ,მას შემდეგ,რაც მან სიკეთე მოგვაგო,რაც სამართლიანია,მაშ,მით უფრო მეტად უნდა მივაგოთ ღირსეული სიყვარული სამშობლოს. (ავტორი გენია.ჯი)
ქალაქებში მშობლების შეურაცხმყოფელთა მიმართ დამსჯელი კანონები მოქმედებს.სამშობლო კი ჩვენი საერთო დედაა და მას სამადლობელი საჩუქრები უნდა მივუძღვნათ,რადგან მან მისცა საზრდო და თვით კანონების ცოდნაც ადამიანებს.
ჯერ არავის უნახავს ისეთი ვინმე,უცხო მხარეში დამკვიდრებულს,სამშობლო გაუხსენებლად დავიწყებოდეს.ისინი,ვინც მარცხი იწვნია უცხოეთში,ერთხმად აღნიშნავენ,რომ არ არსებობს სამშობლოზე დიდი სიკეთე,ამასვე აღნიშნავენ წარმატებულნიც,რომ კეთილდღეობამიღწეულთ აკლიათ უმთავრესი რამ,ის,რომ სამშობლოში კი არ ცხოვრობენ,არამედ სტუმრად არიან სხვაგან.უცხოთა ქვეყანაში ცხოვრება შეიცავს უღირსებობის რაღაც ნაწილს.ვინც დროთა განმავლობაში სხვათა ქვეყანაში მაღალ მდგომარეობას მიაღწია ქონების შეძენით,საპატიო სახელის მოპოვებით,ღრმა განსწავლულობითა და სანაქებო ვაჟკაცობით,ჩანს,რომ ისინიც სამშობლოსკენ მიისწრაფვიან მაინც,თითქოს იქ საკუთარ წარმატებათა ღირსეულ დამფასებლებს ვერ პოულობდნენ, და რამდენადაც დიდია სხვათა ქვეყანაში მოპოვებული წარმატება,იმდენად მეტად ჩქარობენ ისინი ჩაეკრან სამშობლოს გულში.
სამშობლო სასურველია ახალგაზრდებისთვისაც და მოხუცებისთვისაც.რამდენადაც აღემატებიან მხცოვანნი სიბრძნით ახალგაზრდებს,იმდენად მეტად ეწევა მათ სამშობლო თავისკენ.ცხადია,ყოველ მოხუცს სურს და ლოცულობს კიდეც,ცხოვრება სამშობლოში დაასრულოს.იქ,სადაც საძირკველი ჩაეყარა მის სიცოცხლეს,იქვე,გამზრდელ მიწაში ჩაყაროს თავისი ძვლები,ეზიაროს წინაპართა საძვალეს.ყოველ მათგანს ეშინია,სიკვდილის შემდგომ უცხოობაში არ დარჩეს,სხვათა მიწაში მწოლარე. (ავტორი გენია.ჯი)
ადგილობრივი მცხოვრებნი როგორი კეთილმოსურნეობით არიან სამშობლოსადმი გამსჭვალულნი,ამას მხოლოდ მკვიდრი მოსახლეობის მაგალითით თუ მიხვდება კაცი,სხვით მოსულნი კი უკანონოდ შობილებივით იოლად იცვლიან საცხოვრისს,თითქოს არც სამშობლო უყვარდეთ და არც სიტყვა “სამშობლო” სმენოდეთ ოდესმე.ისინი იმ მოსაზრებით ხელმძღვანელობენ,რომ ყველგან დაიდებენ ქონებას,ყველგან ნახავენ სარგებელს.ასეთი ადამიანები კეთილდღეობას კუჭით ზომავენ.ხოლო ვისთვისაც სამშობლო დედაა,მათ თვით ის მიწაც უყვართ,რომელზეც დაიბადნენ და გაიზარდნენ,თუნდაც იგი პატარა იყოს,ქვაღორღიანი,უგემური და მეტად მქისი.საკუთარი სამოშობლოსათვის ღირსების გამოძებნა რომც უჭირდეთ,ხოტბის შესხმა მაინც ეადვილებათ მისთვის.
ადგილობრივ მკვიდრთ,როცა ესმით,გადამთიელნი როგორ იწონებენ თავს ნაირგვარი მცენარეებით შემკობილი და უხვმოსავლიანი ველ-მინდვრებით,მაინც არ ელევათ სიტყვა საკუთარი ქვეყნის საქებრად,ისინი არად დაგიდევენ იმ მიწებს,ცხენთა რემების გამოკვება რომ ძალუძთ და შვილთა ლამაზად აღმზრდელ მიწას განადიდებენ.
სამშობლოს ესწრაფვის ყოველი კაცი,თუნდაც კუნძულელი იყოს ის და სხვათა მხარეში სამუდამო ნეტარებაც რომ ელოდეს მას,უკვდავებაც რომ შეაძლიონ,უარს იტყვის ამაზე და სამშობლოში დამარხვას არჩევს.ასეთ ადამიანს სამშობლოს კვამლიც კი უკეთეს სანათლედ მოეჩვენება,ვიდრე ცეცხლი სხვათა ქვეყნისა.
ამრიგად,სამშობლო,როგორც ჩანს,იმდენად ძვირფასია ყოველი კაცისათვის,რომ კანონმდებლებმა უდიდესი დანაშაულის უმაღლეს სასჯელად სამშობლოდან გაძევება დააწესეს ყველგან.კანონმდებელთა მსგავსად ფიქრობენ სარდალნიც,როცა ისინი ჯარს ამხნევებენ. და მართლაც,ბრძოლად გამზადებულთათვის ხომ ყველაზე დიდი მოწოდება სამშობლოსათვის ბრძოლის მოწოდებაა და, აბა,ვინ მოისურვებს ღირსებაწარხოცილი აღმოჩნდეს მაშინ,როცა თვით სიტყვა სამშობლო მხდალსაც კი გაამამაცებს? (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ლუკიანოსის გენიალური ქმნილება “ქებათა ქება სამშობლოს”,ნათარგმნი იქნა – ქეთევან ჯერვალიძის მიერ.