სციპიონ აფრიკელის “ამაღელვებელი სიტყვა”…
თანამედროვე ესპანეთის ტერიტორიაზე ქალაქ სორიასთან ახლოს მდებარე მუელას ბორცვზე განთავსებული დასახლება – ნუმანსია, ძვ.წ.აღ-ით 154 წელს იქცა რომაელების ექსპანციის ერთ-ერთ ობიექტად.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სწორედ აღნიშნულ დასახლებაში ცხოვრობდნენ უკანასკნელი კელტიბერიელი ტომის უმამაცესი ხალხი.ნუმანსიის ბრძოლა მთელი 20 წლის მანძილზე გაგრძელდა.ქალაქის მაცხოვრებლებმა ბრძოლების მიმდინარეობისას,რამდენჯერმე შეძლეს რომაელთაგან ალყაშემორტყმული ნუმანსიის ალყისაგან განთავისუფლება,რამაც რომაელთა დიდი რისხვა გამოიწვია. ძვ.წ.აღ-ით 134 წელს მოკავშირეების 80 000-იან არმიას სათავეში ჩაუდგნენ საყოველთაოდ ცნობილი რომაელი მხედართმთავარი – სციპიონ კორნელიუს ემილიანუს აფრიკელი “უმცროსი” (ძვ.წ.აღ-ით 185-129 წლები) და ნუმიდიელთა მეფე – მარიუს იუგურტა,რომლებმაც კვლავ ალყაში მოაქციეს დაუსრულებელი ბრძოლებისაგან ესოდენ გაწამებული ნუმანსია.ალყაში მყოფი ქალაქის სულ რაღაც 4 000-ს გმირ დამცველს მათმა ჯარებმა უმძიმესი დარტყმა მიაყენეს.მიუხედავად ამისა,ნუმანსიელთა მოდრეკა მაინც ვერაფრით მოახერხეს.ნუმანსიის უკანასკნელი ალყა დაახლოებით რვა თვე გრძელდებოდა (სხვა ვერსიით 15 თვე).ის,რაც რომაელებისა და ნუმიდიელების იარაღმა ვერ შესძლო,შიმშილმა და ეპიდემიამ მოახერხა.ქალაქი,შექმნილი უკიდურესი ვითარებიდან გამომდინარე დაცემის პირას აღმოჩნდა.ნუმანსიის გმირმა მოსახლეობამ,რომლებიც უკვე დარწმუნებულნი იყვნენ თავიანთ მარცხში,სციპიონთან თავიანთი ბელადები მიავლინეს და დანებება იმ პირობით აღუთქვეს,თუ ისინი თავისუფლებასა და სიცოცხლეს შეუნარჩუნებდნენ.სციპიონმა წინადადება კატეგორიულად უარყო და სწორედ მაშინ დაიწყეს ჯერ კიდევ გადარჩენილმა ნუმანსიელებმა უმაწყალოდ ერთმანეთის განადგურება.ქანცგაწყვეტილები თავიანთ ცოლ-შვილს ხოცავდნენ.მათ საბოლოოდ ამოჟლიტეს ერთმანეთი,რის გამოც გამარჯვებულ მტერს მხოლოდ ქალაქის ნანგრევებიღა შერჩა ხელთ.უცაბედად,დამპყრობლების ყურადღება ქალაქის უმაღლეს კოშკზე მყოფმა ცოცხალ-მკვდარმა პატარა ბიჭუნამ მიიპყრო.მასთან პირადად სციპიონი ავიდა და როდესაც ბავშვმა უკვე დაცემული ნუმანსიის გასაღები გადასცა,ყველასათვის მოულოდნელად იგი კოშკიდან ძირს გადაეშვა და კლდეს დაენარცხა.ბიჭუნას გასაოცარმა სიმამაცემ და თავგანწირვამ სციპიონი მცირეოდეხნით ჩააფიქრა, და როდესაც თავი ზე ასწია,მთელი ხმით ამაღელვებლად შესძახა: ” – დღეს,შენ დაამარცხე გამარჯვებული!” – ამის შემდგომ,იგი უმალვე ბავშვის ცხედრისკენ დაბლა დაეშვა და როდესაც მის ნეშტთან შედგა,დიდმა რომაელმა სარდალმა უსახელო პატარა გმირს დიდსულოვნად მოუხარა ქედი. (ავტორი გენია.ჯი)