ჰანს-იოაჰიმ ბოლმანი – (“მჟავიანი მკვლელი”)
ჰანს-იოაჰიმ ბოლმანი (1937-2009 წლები) – წარმოადგენდა საყოველთაოდ ცნობილ გერმანელ სერიულ ვანდალს,რომელმაც თავისი სიცოცხლის განმავლობაში გოგირდმჟავის გამოყენებით გაანადგურა ისეთი გენიალური ხელოვანების შედევრები,როგორებიც გახლდნენ – ალბრეხტ დიურერი,რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი,პეტერ პაულ რუბენსი და სხვები.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ გერმანელმა სერიულმა ვანდალმა 1977 წლიდან 2006 წლის ჩათვლით 50-მდე ხელოვნების ნიმუში გაანადგურა,რომელთა საბაზრო ფასი დღეისათვის 138 მილიონ ევროს უტოლდება. (ავტორი გენია.ჯი) ბოლმანი ბრესლაუში (თანამედროვე პოლონეთის ქალაქი ვროცლავი) დაიბადა.როგორც მისი ბიოგრაფიიდან ვგებულობთ,იგი ადრეული ასაკიდანვე იტანჯებოდა სერიოზული ფსიქიკური აშლილობით. 16 წლის ასაკში მისი ფსიქიკური მდგომარეობა იმდენად დამძიმდა,რომ ქალაქ კილში მდებარე ადგილობრივი უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდა,სადაც მკურნალობა იმ პერიოდისათვის მიღებული წესით – ელექტროშოკის მეშვეობით გაიარა.პროფესიით სანტექნიკოსმა ბოლმანმა,რამდენიმე კურსი მკურნალობისა,ტრანკვილიზატორების მეშვეობითაც განახორციელა,რა დროსაც იღებდა ანტიდეპრესანტებისა და ანტიფსიქოტროპულ პრეპარატებს.მიუხედავად ამისა,ჰანს-იოაჰიმის განკურნება მაინც ნელი ტემპებით მიმდინარეობდა. 1968 წელს ბოლმანი დაქორწინდა.იმ პერიოდში იგი ხშირად დადიოდა ეკლესიებში და მუდმივად ესწრებოდა მესებს. 1974 წელს გაიცნო პროფესიით ნეიროქირურგი – დიტერ მიულერი,რომელმაც ჰანს-იოაჰიმს 75-80 პროცენტით განკურნება აღუთქვა,თუმცა მკურნალობამ არავითარი შედეგი არ მოიტანა. 1977 წლის 11 მარტს ბოლმანის მეუღლე ფანჯრის წმენდის დროს მაღალი სიმაღლიდან გადავარდა და დაიღუპა.აღნიშნულმა ფაქტმა,ისედაც არამდგრადი ფსიქიკის მქონე ბოლმანზე გამანადგურებლად იმოქმედა და იგი საშინელ ვანდალად იქცა.ცნობილია ისიც,რომ ბოლმანი მეუღლესთან ერთად ხშირად სტუმრობდა ამა თუ იმ მუზეუმს და ძალიან კარგად ერკვეოდა ხელოვნების ნიმუშებში.მეუღლის გარდაცვალების შემდგომ,ჰანს-იოაჰიმმა აფთიაქებში მოუხშირა სიარულს,რა დროსაც იგი გოგირდმჟავას ყიდულობდა.ბოლმანმა,თავისი საშინელი ვანდალისტური ქმედებების ჩადენა 1977 წლის 16 მარტს დაიწყო.ამ დღეს მან გერმანიის ქალაქ ჰამბურგში,გერმანული წარმომავლობის მქონე დიდი შვეიცარიელი მხატვრის – პაულ კლეეს ნახატი – “ოქროს თევზი”,გოგირდის მჟავის გამოყენებით გაანადგურა. (ავტორი გენია.ჯი) მალევე ასეთივე ვანდალური აქტები ჩაიდინა გერმანიის სხვა ქალაქებშიც – ლუბეკში,დორტმუნდში,ესენში,ბოხუმში,ჰანოვერში,დიუსელდორფში,ლუნებურგში,კასელში და ჰამელნში. 1977 წლის 16 აგვისტოს ჰანოვერში განთავსებულ სახელმწიფო მუზეუმში დააზიანა მარტინ ლუთერისა და მისი მეუღლის კატარინა ფონ ბორას პორტრეტი,რომელიც შექმნილი გახლდათ გენიალური გერმანელი ფერმწერის – ლუკას კრანახის (უფროსი) მიერ.ამის შედგომ,დიუსელდორფში მდებარე მუზეუმში გაანადგურა რუბენსის მიერ შესრულებული დიდებული ტილო – “ერჰერცოგ ალბრეხტის პორტრეტი”,რომელიც 25 მილიონ ევროდ იყო შეფასებული.ბოლმანის მსახვრალმა ხელმა იმსხვერპლა “რემბრანდტის ავტოპორტრეტიც”.იმის გამო,რომ ჰანს-იოაჰიმი შედევრებს გოგირდმჟავის საშუალებით ანადგურებდა,გერმანულმა პრესამ მას – “მჟავიანი მკვლელი” უწოდა. 1977 – 1979 წლებში იგი ორჯერ იქნა დაკავებული სამართალდამცველების მიერ. 1979 წელს ჰამბურგის ადგილობრივმა სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.იმ პერიოდისათვის ბოლმანს უკვე 17 შედევრი ჰქონდა დაზიანებული და განადგურებული.გარდა ხელოვნების ნიმუშების განადგურებისა,მას ბრალი დასდეს ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობბაშიც.სასჯელის მოხდის შემდეგ (1982 წელი),მიუხედავად იმისა,რომ მისთვის აფთიაქებს ოფიციალურად აეკრძალათ გოგირდმჟავის მიყიდვა,მან მაინც განაახლა ვანდალური აქტები.ცეცხლი წაუკიდა ჰამბურგის ცენტრში მშენებარე ობიექტს,რის გამოც სასამართლომ სამი წლით აღუკვეთა თავისუფლება. 1986 წლის 5 მაისიდან,იმისათვის რომ ზარალი აენაზღაურებინა ჩადენილი დანაშაულებებისათვის,მისი პენსიიდან ყოველთვისურად გარკვეული თანხა იჭრებოდა. 1987 წელს გადაყვანილ იქნა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.ფსიქიატრიულიდან გაწერის შემდეგ,ბოლმანმა გაანადგურა ალბრეხტ დიურერის სამი შედევრი-სურათი.მათ შორის მიუნხენში მდებარე ეკლესიის საკურთხევლის მოხატულობა.იგი კვლავ დააკავეს და სასჯელის ზომად ორი წელი განუსაზღვრეს. 1990 წელს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს,საიდანაც გაქცევა მოახერხა (საინტერესოა ის გარემოება,რომ ჰანს-იოჰანს ფსიქიატრიულში მხატვრული თერაპიით მკურნალობდნენ,რა დროსაც 1500-მდე ნახატი შექმნა).გაქცეული ბოლმანი მალევე დააკავეს და 16 წლიანი პატიმრობისა და იძულებითი მკურნალობის შემდეგ (2005 წელს) გაანთავისუფლეს. 2006 წლის 25 ივნისს ჰანს-იოაჰიმმა ამსტერდამში განთავსებულ ერთ-ერთ მუზეუმში სანთებლის გამოყენებით ცეცხლი წაუკიდა გენიალური ნიდერლანდელი მხატვრის – ბართოლომეუს ვან დერ ჰელსტის მიერ შესრულებულ ტილოს და სრულიად გაანადგურა იგი.ჰანს-იოაჰიმი ამსტერდამში დააკავეს და სასამართლომ ჩადენილი ვანდალური აქტის გამო 3 წლით თავისუფლება აღუკვეთა. 2008 წლის 24 ივნისს იგი ციხიდან გაანთავისუფლეს,რის შემდეგაც ჰამბურგში დაბრუნდა. 2009 წლის 19 იანვარს,”მჟავიანი მკვლელის” სახელით ცნობილი – ჰანს-იოჰაიმ ბოლმანი,კიბოს შედეგად გარდაიცვალა.მის მიერ კაცობრიობისათვის მიყენებული ზარალი კი ნამდვილად აუნაზღაურებელია.(ავტორი გენია.ჯი)
ჰანს-იოაჰიმ ბოლმანის მიერ განადგურებული და დაზიანებული შედევრების მცირე ნაწილი