მარია I-ის შესახებ…
პორტუგალიის დედოფალს ბრაგანსის დინასტიიდან მარია I-ს (1734-1816 წლები), ისტორიკოსები დღემდე „შეშლილად” მოიხსენიებენ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ იგი პირველი ქალი იყო პორტუგალიის ისტორიაში, რომელიც ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი გახდა. 1760 წელს მარია დაქორწინებულ იქნა საკუთარ ბიძაზე (მამის უმცროსი ძმა) – პედროზე, რომელსაც ქორწინებისა და მეუღლის ტახტზე ასვლის შემდგომ ავტომატურად მიენიჭა მეფე-კონსორტის ტიტული და ეწოდა პედრუ III. მათ თანაცხოვრებაში 6 შვილი შეეძინათ (3 ვაჟი და 3 ქალიშვილი). 1777 წელს გარდაიცვალა მარიას მამა ჟოზე I. აღნიშნულმა ფაქტმა მარიას ფსიქიკაზე ერთობ აურყოფითი გავლენა იქონია. პირველი ბრძანება პორტუგალიის დედოფლისა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა და ყველაზე გავლენიანი პერსონის მარკიზ დე პომბალას პოსტიდან განთავისუფლება იყო. (ავტორი გენია.ჯი) 1777 წლის 1 ოქტომბერს დედოფალმა ხელი მოაწერა „ახალ სამშვიდობო ხელშეკრულებას”, რომელმაც ბოლო მოუღო პორტუგალისა და ესპანეთს შორის წარმოქმნილ ომს. გარდა აღნიშნული დოკუმენტისა, მისი მმართველობის მნიშვნელოვან მოვლენებად მიჩნეულია 1782 წლის ივლისის თვეში მიღებული ქვეყნის „შეიარაღებული ნეიტრალიტეტი” და ავსტრიელების მიერ პორტუგალიელთა სასარგებლოდ მაპუტუს ყურის დათმობა. 1786 წლის 25 მაისს გარდაიცვალა პედრო III და სწორედ ამ პერიოდიდან შეინიშნება მარიას ფსიქიკური პრობლემები. იგი იმდენად დათრგუნა ქმრის გარდაცვალებამ, რომ მორალურად და ემოციურად სრულიად განადგურდა. პორტუგალიის სასახლის კარზე მისი ბრძანებით აიკრძალა ყველა საზეიმო და გასართობი ღონისძიება. გარდა ამისა, თითოეული სახელმწიფო მნიშვნელობის საჯარო ღონისძიება ტარდებოდა სრული რელიგიური ცერემონიების თანხლებით. 1788 წელს მარიას უფროსი ვაჟი ჟოზე გარდაიცვალა (მანამდე გარდაცვლილი ჰყავდა 11 წლის ქალიშვილი – მარია იზაბელა და 2 წლის გოგონა – მარია კლემენტინა), რამაც ისედაც ტრაგიზმით აღსავსე ქალის ფსიქიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. 1791 წელს გარდაიცვალა მარიას სულიერი მოძღვარიც, რამაც საბოლოოდ გაანადგურა მისი სულიერი მდგომარეობა. მარიას მუდმივად ელანდებოდა დემონები. იგი ყვებოდა, რომ ხედავდა გარდაცვლილ მამას, რომელსაც გარს ეშმაკები ჰყავდა შემოხვეული. გარდა ამისა, ხშირად ვარდებოდა ისტერიკებში და იწყებდა საშინელ კივილს, რაც ზარავდა სამეფო სასახლის ბინადართ. საყურადღებოა ისიც, რომ ჭკუაზე შეშლილი დედოფალი ქვეშევრდომების წინაშე ხშირად თავისი შვილების, მათ შორის ვაჟების ტანისამოსით ჩნდებოდა. რელიგიურმა ფანატიზმა, მელანქოლიამ და შიზოფრენიულმა შეტევებმა დედოფლის მმართველობას უდიდესი ზიანი მიაყენა. მას სრულიად გაექცა ხელიდან სახელმწიფოს მართვის სადავეები და მთელ დღეებს საკუთარ ოთახში გამოკეტილი ატარებდა. 1799 წელს მარია ოფიციალურად იქნა აღიარებული ქვეყნის მართვის უნარის არ მქონედ და ძალაუფლებას ჩამოაშორეს. „შეშლილად” წოდებული მარია I გარდაიცვალა 1816 წლის 20 მარტს ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში. – (ავტორი გენია.ჯი)
მარია I და პედრუ III