ოთარ ჭილაძე – “სიყვარული”
ზამთარმა ცივმა და შემპარავმა
კვლავ მომისია თეთრი ფიფქები
და კვლავ მიყვარხარ, თუმცა არა ვარ
ის, რაც ვიყავი, ანდა ვიქნები.
* * *
და იქნებ ჯობდეს, გაიხსნას ფრჩხილი,
გულმა და ენამ აიძროს ლუქი,
ბოლო უჯრამდე შეივსოს ცხრილი,
ბოლო კუნჭულსაც მიადგეს შუქი.
* * *
იქნებ გვჭირდება მესამე კაცი,
მსაჯულისა და მკურნალის მსგავსი,
ამ მტანჯველ გრძნობას რომ დასდოს ღვაწლი
და მისცეს სახეც, სახელიც… ფასიც.
* * *
იქნებ ფერფლია და არა ღველფი?
იქნებ ლოდია და არა სვეტი?
იქნებ მსხვერპლია და არა კერპი?
ბედისწერაა და არა ბედი?
* * *
არ გამოჩნდება იგი გარედან,
მაგრამ არსებობს, უტყვი და ურჩი,
როგორც ფორმულა ან მარგალიტი,
გამომწყვდეული ცეცხლგამძლე ყუთში.
* * *
განწირულია ის გრძნობა, ვიცი,
მუცლიდან დაჰყვა გიჟის ხალათი,
მისთვის უცხოა ვალი და ფიცი,
რადგან არ იცის, რაა ღალატი.
* * *
ჩვეულებრივი ტანჯვით და ვნებით
ვერ იბოგინებს ამქვეყნად იგი,
რადგან მთრთოლვარე და ვრცელი ფრთებით
აპატარავებს ყველაფერს ირგვლივ.
* * *
მაინც ისაა გზაც და ჭაპანიც
და გვერდით მიწევს ძეძვის ტოტივით,
სანამ მახურავს ცხელი საბანი
გაურკვევლობის და მოლოდინის.