მარკუს ფურიუს კამილუსის “დიდებული საქციელი”
მარკუს ფურიუს კამილუსი (ძვ.წ.აღ-ით 446-365 წლები) – წარმოადგენდა რომის მეორე დამაარსებლად წოდებულ დიდ რომაელ მხედართმთავარს,პატრიციუსს,ხუთგზის დიქტატორსა და ცენზორს.მისი სიმამაცისა და სიბრძნის შესახებ რომაელ ხალხში ლეგენდებიც კი დადიოდა.სწორედ კამილუსის სახელთან ასოცირდება ძვ.წ.აღ-ით 390 წელს გალების ამაყი ხალხის დამარცხება.მანამდე კი, ძვ.წ.აღ-ით 394 წელს რომაელ ლეგიონერებს კამილუსის ხელმძღვანელობით ალყა ჰქონდათ შემორტყმული ანტიკური პერიოდის ეტრუსკულ ქალაქ ფალერიაზე.უძველესი ეტრუსკული ქალაქი ძალიან კარგად იყო გამაგრებული,რამაც მისი ხანგრძლივი პერიოდით ალყა გამოიწვია. (ავტორი გენია.ჯი) ფალერიელები იმდენად იყვნენ დარწმუნებული თავიანთი ქალაქის უძლეველობაში,რომ ისინი რომაელებს არათუ ერიდებოდნენ,არამედ ქალაქის გალავანს გარეთაც კი სრულიად თავისუფლად გადაადგილდებოდნენ,მათ შორის ბავშვებიც.ფალერიას ადგილობრივი სკოლის მასწავლებელი მალულად რომაელ დამპყრობლებს თანაუგრძნობდა,რის გამოც გადაწყვიტა მათთვის “დახმარება” გაეწია.მან შეკრიბა თავისი კლასის მოსწავლეები,გაიყვანა ქალაქგარეთ და ისინი რომაელ სამხედროებს,როგორც მძევლები ააყვანინა.ასეთი ამორალური და ამაზრზენი საქციელის შემდგომ,კამილუსთან პირადად შეხვედრა მოითხოვა.როდესაც მხედართმთავრის წინაშე წარსდგა,ამაყად განუცხადა,რომ იგი თანაუგრძნობდა რომაელებს,რის გამოც მათ მტრის ბავშვები ჩაუგდო ხელში მძევლებად.მოღალატის აზრით,გაწეული სამსახურისათვის აუცილებლად გულუხვად დაასაჩუქრებდნენ,თუმცა ძალიან მწარედ მოტყუვდა.როდესაც მარკუს ფურიუს კამილუსმა გამცემის სიტყვები მოისმინა,უმალვე მიუბრუნდა თავის სარდლებს და შემდეგი სიტყვებით მიმართა: “თქვენ იცით,რომ ომი – სასტიკი საქმეა,ხშირად – უსამართლოც.თუმცა წესიერი და პატიოსანი ხალხისათვის ომშიც კი არსებობს დადგენილი წესები და კანონები.ჩვენ,ყველას გამარჯვება გვწადია,თუმცა დამეთანხმებით,რომ დანაშაულის ხარჯზე გამარჯვების მოპოვება – დამარცხების მაუწყებელი პირველი ნიშანთაგანია.მეომრებმა ბრძოლა თავიანთი სიმამაცის წყალობით უნდა მოიგონ და არა სხვის მიერ ჩადენილი სისაძაგლისა და სულმდაბალი საქციელის მეშვეობით”. – წარმოთქვა თუ არა კამილუსმა ეს სიტყვები,მან ბრძანა მოღალატე ფალერიელი მასწავლებელი სრულიად გაეშიშვლებინათ და ხელები ზურგს უკან შეეკრათ.შემდგომ ჯარისკაცებს წკნელების მოტანა დაავალა,რის შემდეგაც დატყვევებულ ბავშვებს მიუბრუნდა და უთხრა: “შვილებო,წადით ქვენს დედებთან და მამებთან.ამასთან მინდა გთხოვოთ,რომ წინ გაიგდოთ მოღალატე მასწავლებელი და ისე მიიყვანოთ მშობლიურ ქალაქამდე,რომ თითოეულმა თავისი წილი სახრე უთავაზოს!”
მას შემდეგ,რაც ფალერიელებმა თავიანთი შვილების მოღალატური გზით დატყვევების ამბავი შეიტყვეს,სასოწარკვეთილებმა ქალაქი დატოვეს და რომაელთა ბანაკისაკენ გაეშურნენ.თუმცა,მოულოდნელად დაინახეს შიშვლად მომავალი მამაკაცი,რომელსაც ბავშვები წკნელებით სცეცმდნენ.ამ პროცესმა ფალერიელებს ყოველგვარი სიფრთხილე დააკარგვინა და ისინიც მოღალატის ცემის პროცესში ჩაერთვნენ.კამილუსის დიდებული და სულგრძელი საქციელი ბავშვებმა ალყაშემორტყმული ქალაქის მაცხოვრებლებს მოუყვნენ.ამ ფაქტმა იმდენად დიდი გავლენა იქონია მათზე,რომ სასწრაფოდ შეიკრიბა ქალაქის საბჭო,სადაც გადაწყდა,რომ დიდი რომაელი მხედრათმთავრის მიმართ წინააღმდეგობა შეეწყვიტათ და კამილუსთან ელჩები მიავლინეს.მარკუსმა ფალერიელ ელჩებთან მოლაპარაკების შედეგად ქალაქის აოხრებაზე უარი განაცხადა და ყოფილ მტრებთან მეგობრულ კავშირს მოაწერა ხელი. (ავტორი გენია.ჯი)
მარკუსის ამგვარმა საქციელმა რომაელ ჯარისკაცებში დიდი აღშფოთება გამოიწვია.მათ ვერ მოინელეს ის,რომ მხედართმთავარმა ქალაქი გასაძარცვად არ დაანება.გარდა ჯარისკაცებისა,უკმაყოფილება მის მიმართ რომშიც გამოხატეს და ბრალი დასდეს იმაში,თითქოს კამილუს საკუთარი ერი არ უყვარდა.რომში დაბრუნებული კამილუსის მიმართ იმდენად ნეგატიური დამოკიდებულება სუფევდა,რომ იგი იძულებული გახდა ქალაქი დაეტოვებინა.თუმცა მანამდე,ქალაქის კარიბჭესთან შედგა რომაელებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: “რომაელებო! თქვენ მე შეურაცხმყავით და ქალაქიდან გამაძევეთ.მაგრამ მინდა გითხრათ,რომ მალევე გაათვითცნობიერებთ ჩადენილ უგუნურ საქციელს.დარწმუნებული ვარ,რომ თქვენ კამილუსი კიდევ დაგჭირდებათ და სულმოუთქმელად დაელოდებით მის დაბრუნებას.იცოდეთ და გწამდეთ: თუკი ჩემი სამშობლო და ჩემი ერი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება,მე დავივიწყებ ყოველგვარ წყენასა და დამცირებას და უმალვე დასახმარებლად გამოვწევ!”.
დიდებული რომაელი მხედართმთავრის – მარკუს ფურიუს კამილუსის მიერ წარმოთქმული სიტყვები სრული ჭეშმარიტება აღმოჩნდა და იგი რომსა და რომაელ მოქალაქეებს მისი განდევნიდან სულ რაღაც ერთ წელიწადში ძალიან დასჭირდათ,რადგან ქვეყანა დიდი საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა.კამილუსს თავისი სიტყვებისათვის არ უღალატია და რომის მტრები პირწმინდად გააკრა ბეჭებზე. (ავტორი გენია.ჯი)
მარკუს ფურიუს კამილუსი