ვაჟა ხორნაული – “ამბავი წუთისოფლისა”
ამბავი წუთისოფლისა
ლამაზია და უბრალო:
ერთი ჭაობში ნეტარებს
მეორე ზეცას უგალობს
მესამე აკვნის მთლელია
ღმერთის მარჯვენა ხელია
მეოთხე ქრება უკვალოდ
მეხუთე პროფილიანი
ხმალგატეხილი უფარო
მტერს ებრძვის… ხოლო მეექვსე
ლაჩარია და უწყალო
მეშვიდე არავისა ჰგავს
ჯავშანს ქსოვს ვარამისაგან
ოქროს ჭრის არაფრისაგან
შენი მსგავსია უფალო
ამბავი წუთისოფლისა
ლამაზია და უბრალო.