ედუარ მანე – “ნავში”
“ნავში” – წარმოადგენს დიდი ფრანგი მხატვარ-უნივერსალისტის,იმპრესიონიზმის ფუძემდებლისა და გრავიორის - ედუარ მანეს (1832-1883 წლები) მიერ დახატულ შესანიშნავ სურათს.ტილოს სიმაღლე 97,2 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 130,2 სანტიმეტრი.იგი მანეს მიერ დახატულ იქნა ტილოზე ზეთის საღებავების საშუალებით.მასზე მუშაობა მხატვარმა პარიზის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე გარეუბანში – ჟენვილში 1874 წლის გაზაფხულზე დაიწყო და იმავე წელს დაასრულა.საინტერესოა ის გარემოება,რომ აღნიშნული ადგილი ძალიან ახლოს მდებარეობდა კიდევ ერთი გენიალური ფრანგი მხატვრის – კლოდ მონეს სახლთან,სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა. (ავტორი გენია.ჯი)
სურათზე გამოსახულია აფრებიან ნავში მჯდომი ახალგაზრდა მამაკაცი და ქალბატონი.ტილოს კომპოზიცია აგებულია ისეთი ფორმით,სადაც ისეთი შთაბეჭდილება რჩება,თითქოს ფიგურები ძალიან ახლოს იმყოფებოდნენ დამთვალიერებელთან.შესაბამისად,სხვა დეტალები მნახველისათვის შესაძლოა ითქვას თითქმის შეუმჩნეველი რჩება.გარდა ამისა,მანეს მიერ დახატული ბრწყინვალე სურათის ნახვისას,ყველაფერი იმდენად ნატურალურად არის წარმოდგენილი,რომ ხელოვნების მოყვარულებს ისეთი შთაბეჭდილებაც კი რჩებათ,თითქოს ისინი მათთან ერთად ისხდნენ ნავში.სურათის უკანა ფონზე დიდებული ფერთა გამითა და ოსტატობით არის გამოსახული ლურჯი წყალი.მანეს ხელოვნების მკვლევარების ვარაუდით,ნავში მჯდომი მამაკაცი,თავად მხატვრის სიძე – როდოლფ ლეენჰოფია,თუმცა მათთვის დღემდე უცნობი რჩება თუ ვინ შეასრულა ქალი-მოდელის როლი.ერთ-ერთი ვერსიით ქალი-მოდელი კლოდ მონეს რიგით პირველი მეუღლე – კამილა დონსეა.
ედუარ მანეს შედევრი-ქმნილება – “ნავში”,ფართო საზოგადოებისათვის პირველად წარდგენილი იქნა 1879 წელს პარიზის სალონში,სადაც იგი 1500 ფრანგულ ფრანკად იქნა შეძენილი ცნობილი ფრანგი კოლექციონერის – ვიქტორ ანტუან დეფოსის მიერ. 1895 წლის მაისის თვეში ტილო დეფოსისაგან 32 500 ფრანგულ ფრანკად შეიძინა ასევე ცნობილმა ფრანგმა კოლექციონერმა – პოლ დიურან-რიუელმა.თუმცა იმავე წლის სექტემბერში ნიუ-იორკელმა კოლექციონერმა – ჰენრი ოსბორნ ჰევემაიერმა,რიუელისაგან ედუარ მანეს სურათი 55 000 ფრანკად გამოისყიდა და აშშ-ი ჩაიტანა. 1907 წელს ჰევემაიერი გარდაიცვალა და აღნიშნული სურათის მფლობელი მისი ქვრივი მეუღლე გახდა,რომლის ანდერძის თანახმადაც 1929 წელს იგი გადაეცა მსოფლიოში საყოველთაოდ სახელგანმულ მუზეუმს ნიუ-იორკში – “მეტროპოლიტენ მუზეუმს”,სადაც დღემდეა დაცული.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ედუარ მანეს მიერ დახატულ სურათს - “ნავში”,დიდმა ამერიკელმა მხატვარმა და გრაფიკოსმა ქალმა – მერი კასატმა – “სახვითი ხელოვნების უკანასკნელი სიტყვა” უწოდა. (ავტორი გენია.ჯი)