ძველი რომაული პოეზიიდან…
„უკადრის საქმეს ნუ ჩაიდენ, თუნდაც იმიტომ,
რომ ავ საქციელს არ მიჰბაძოს შენმა შვილებმა”. – (დეციმუს იუნიუს იუვენალისი)
* * *
„ზღვასა შინა ნუ მიელტვი სიღრმესა დიდსა,
ნურც ქარაშოტის მოშიშარი მიეახლები არამყარ ნაპირს”. – (ლიცინიუს მურენა)
* * *
„რა ქნას მოკვდავმა მოძმეს თუ არა, ვისღა დაენდოს?! - (გაიუს ვალერიუს კატულუსი)
* * *
„გასართობ ლექსებს მიანიჭეს იმის უფლება:
რომ თუ არ ახლავთ უხამსობა, უამურია”. – (მარკუს ვალერიუს მარცილიასი)
* * *
„ნაღდი დარდი აქვს, ვინც მოწმეთა გარეშე დარდობს…” – (მარკუს ვალერიუს მარცელიასი)
* * *
„ფრთები მოკვეცე შორეულ იმედს, წამიერია ყოფა;
იხელთე ჟამი, ეს დღე შეირგე, მცირედ იწამე ხვალის”. – (კვინტუს ჰორაციუს ფლაკუსი)
* * *
„ვინ მოიგონა საჭურველი, ნეტავ, პირველად,
ალბათ ველურმა, შმაგმა, სასტიკმა.
მაშინ შეიცნო ხალხთა მოდგმამ ომი, მკვლელობა,
გზა უმოკლესი ბნელ სიკვდილისკენ.
იქნებ უბედურს ბრალი არც აქვს, მახვილი მოგვცა
მხეცთა და არა კაცთა ჟლეტისთვის.
რა იწვევს მტრობას? რა და ოქრო. სად იყო ომი
როს ხის თასები ეწყო ტაბლაზე,
არც ციხე-ბურჯნი, არც სანგრები არ იყო, ფარას
უვლიდა მშვიდად მთვლემარე მწყემსი”. – (ალბიუს ტიბულუსი)
* * *
„ორპირი კაცის უგვანი საქმე არისხებთ ღმერთებს!” – (გაიუს ვალერიუს კატულუსი)
* * *
„მზეს შეუძლია დილით აღჩნდეს, ღამით ჩავიდეს,
მზეს შეუძლია, მაგრამ როცა ჩვენი ვარსკვლავი
ერთხელ ჩაქრება, სამუდამო ძილს მივნებდებით”. - (გაიუს ვალერიუს კატულუსი)