რაფიელ ერისთავი – “საქართველო”

ქვეყნად ვეძებდი სამოთხეს,სამხრეთისაკენ ედემას,

ეფრატის გაღმა გავხედე გადახრუკულსა ქედებსა.

აქ ვერ ვხედავდი ევასებრ მშვენიერებსა დედებსა,

არც სად ხეხილსა,არც წყალში ამაყსა თეთრსა გედებსა.

* * *

შევკრთი,რომ ვნახე ქვეყანა უბედური და მწირია:

მოვბრუნდი,მხარი ვიცვალე,ჩრდილოსკენ ვქენი პირია

ვიარე,არ შევიმჩნიე მე ჩემი გასაჭირია

ან კი რა მეთქმის? კაცის თავს ვაება დიაღ ხშირია!

* * *

აგერ მოვედი და შევხვდი სანატრელ ნეტარებასა!

ვიპოვე იგი სამოთხე,ვინ მოსთვლის ამის ქებასა!

გადაჭიმულა წალკოტად,შეხედე ღვთისა ნებასა!

ეს საქართველო ყოფილა – რგებია ღვთისა დედასა.

* * *

ორ ზღვასა შუა მდებარებს ქართველთა მიწა-წყალია.

ჰყვავის და ჰყვავის მუდმისად,ყინვისგან დაუმზრალია;

შიგ ბანოვანნი კეკლუცნი მტრის თვალმა ჯერ ვერ დალია,

ვაჟკაცთ ცალ ხელში ჯვარი აქვთ,მეორე ხელში ხმალია!

* * *

ვიშ,რა ხალხია,რა ტურფა,რა გულოვანი,მოყვასი,

უხვი,მხნე,ქრისტეს მორწმუნე,მტკიცე რჯულისა,კისკასი,

შურით,იჭვით და ტრფიალით მათ გადმოსცქერის კავკასი,

ნოეს კიდობნის მტვირთველიც და ურწმუნონი ათასი!

* * *

რა ქვეყანაა,რა ჰშვენის,დამატკბობელი სულისა,

ვაზი ვარდს გადაეხვია,გამლაღებელი გულისა;

არ ეკრძალების კავკასის,ღრუბლებით დაბურულისა,

დარაჯად ჰხადის ამ მთასა,ზოგჯერ მიზეზად წყლულისა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>