ვინ ცდილობდა “გიზის პირამიდების” განადგურებას?!
ადამიანების გარკვეული კატეგორიის ბოროტ ფანტაზიას რომ საზღვარი არა აქვს,ყველასათვის ცნობილია.მას შემდეგ,რაც ასეთი კატეგორიის ადამიანები ხელში ძალაუფლებას ჩაიგდებენ ხოლმე,თავი ყოვლისშემძლედ წარმოუდგენიათ და ისეთ საქმეებს სჩადიან,რომ… ისტორიას ძალიან კარგად ახსოვს რომის შიზოიდი იმპერატორი – კალიგულა,რომელმაც თავი ღმერთად წარმოიდგინა და იმიტირებული ბრძოლა გაუმართა ზღვის ღმერთს – პოსეიდონს,რა დროსაც ზღვას ისრებისა და შუბების კორიანტელი დააყარა.კაცობრიობას არც ნერონი დავიწყებია,რომლის ინიციატივითაც გაუჩინეს ხანძარი “მარადიულ ქალაქ” – რომს,რასაც საკუთარი იმპერიის დედაქალაქის თითქმის ნაცარტუტად ქცევა მოჰყვა. (ავტორი გენია.ჯი) ასეთი უმსგავსო მაგალითების ჩამოთვლა საკმაოდ შორს წაგვიყვანს.თუმცა,შეუძლებელია თქვენი ყურადღება არ გავამახვილო იმ ბარბაროსულ აქტზე,რომელიც ჩადენილ იქნა “მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან” ერთ-ერთ უნიკალურ და მსოფლიოს პირველ საოცრებად აღიარებულ – გიზის პირამიდებზე (აგებულ იქნა ქრისტეშობამდე XXVI საუკუნეში).
ეგვიპტის საყოველთაოდ ცნობილი ქურთი სულთნის,იერუსალიმის ამღების და აიუბიდების დინასტიის დამაარსებლის – სალადინის მეორე ვაჟმა და ეგვიპტის რიგით მეორე სულთანმა აიუბიდების დინასტიიდან – ალ-მალიქ ალ-აზიზ ბენ უსმან იბნ იუსუფმა (1171-1198 წლები),რატომღაც გასანადგურებელ ქმნილებათა შორის ძველეგვიპტური ”გიზის პირამიდები” ამოარჩია და მიზნად მისი მიწისაგან პირისა აღგვა დაისახა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ასეთი ვანდალური აქტის ჩადენა სურდა იმ მუსულმანი კაცის ვაჟს,რომელმაც იერუსალიმი ჯვაროსნებისაგან გაწმინდა და რომელმაც კატეგორიულად აუკრძალა თავის ჯარისკაცებს ქრისტიანთა ერთ-ერთ უდიდეს სიწმნიდეს “აღდგომის ტაძარს” შეხებოდნენ.ბედის ირონიით,სწორედ სალადინის ვაჟმა გადაწყვიტა ეგვიპტის ფარაონების ძვალშესალაგებების განადგურება.ალ-მალიქმა ჩანაფიქრის განხორციელება დაიწყო და “გიზის პირამიდების” კომპლექსის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის – “მიკერინის პირამიდის” ჩრდილოეთ მხარე ვერტიკალურად დააზიანა.თუმცა,საბედნიეროდ ამ ვანდალური მისიის შესრულება იმდენად დიდ და ფართომაშტაბებს მოითხოვდა,რომ ეგვიპტის სულთანს ჩანაფიქრის რეალიზებაზე უარის თქმა მოუწია.”მიკერინის პირამიდის” დაზიანებული ჩრდილოეთ ნაწილი კი დღემდე იმავე სახით არის შემორჩენილი,რომელიც XII საუკუნეში ალ-მალიქ ალ-აზიზ ბენ უსმან იბნ იუსუფის გამოისობით მიიღო. (ავტორი გენია.ჯი)